კანონმდებლობის კატალოგში დაბრუნება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი — მემკვიდრეობის სამართალი
LIDA.ge-ზე ტექსტები საინფორმაციო მიზნითაა მოცემული. ნორმის გამოყენებამდე „მაცნეზე“ გადაამოწმეთ ენა, რედაქცია და სამართლებრივი სტატუსი.
ყველა მუხლი
ზოგადი დებულებები · სანივთო სამართალი · ვალდებულებითი სამართალი · ინტელექტუალური საკუთრება · საოჯახო სამართალი · მემკვიდრეობის სამართალი
წიგნი მეექვსე
მემკვიდრეობის სამართალი
თავი პირველი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1306. ცნება
1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება
კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
2. კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე –
მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ
ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
მუხლი 1307. მემკვიდრეები
მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:
ა ) კანონით მემკვიდრეობის დროს – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის
მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი
დაიბადებიან;
ბ ) ანდერძით მემკვიდრეობისას – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის
მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების
შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.
მუხლი 1308. იურიდიული პირი, როგორც მემკვიდრე
ანდერძით მემკვიდრეობისას სამკვიდროს მისაღებად მოწვეული იქნება იურიდიული პირი, რომელიც
შექმნილი იყო სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის.
მუხლი 1309. ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვი, როგორც მამის მემკვიდრე
ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით
დადგენილი წესით. თუკი იგი მამაზე ადრე გარდაიცვლება, მის შვილებს შეუძლიათ მოითხოვონ წილი იმ
სამკვიდროდან, რომელიც მათ მამას ეკუთვნოდა.
მუხლი 1310. უღირსი მემკვიდრე
არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა
მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი
ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი
დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-
სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი
მემკვიდრე).
მუხლი 1311. მშობლები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები
შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება
და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში. კანონით მემკვიდრეები ვერ
იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ
მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით.
მუხლი 1312. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ
გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს
წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც
მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს.
მუხლი 1313. პატიება უღირსი მემკვიდრისათვის
პირი, რომელიც მხილებულია იმ მოქმედებათა ჩადენაში, რომლებიც მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას
იწვევს, ამის მიუხედავად დაიშვება მემკვიდრედ, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ
გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში. პატიების უკან წაღება არ დაიშვება.
მუხლი 1314. მემკვიდრეობა წარმომადგენლობის უფლებით
მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ხელს არ უშლის ნათესავების მემკვიდრეობას წარმომადგენლობის
უფლებით.
მუხლი 1315. მემკვიდრეობის უფლება სხვა მამკვიდრებლის ქონებაზე
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა ხელს არ უშლის ამ უფლებაჩამორთმეულ პირს, იყოს სხვა
მამკვიდრებლის ქონების მემკვიდრე.
მუხლი 1316. უღირს მემკვიდრედ ცნობილი პირის მოვალეობა
თუ პირი სასამართლოს მიერ უღირს მემკვიდრედ იქნება ცნობილი სამკვიდროს მიღების შემდეგ, ის
მოვალეა დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო ნაყოფსა და შემოსავალთან ერთად.
მუხლი 1317. უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ვადა
სარჩელი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილ უნდა იქნეს
ხუთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს პირი შეუდგა სამკვიდროს ფლობას.
მუხლი 1318. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი
1. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ
დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებს, თუ მემკვიდრეობის
უფლებაჩამორთმეულს მემკვიდრე ჰყავდა დანიშნული.
მუხლი 1319. სამკვიდროს გახსნა
სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების
შედეგად.
მუხლი 1320. სამკვიდროს გახსნის დრო
სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად
გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
მუხლი 1321. ერთ დღეს გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეობა
ერთმანეთის შემდეგ მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ერთ დღეს გარდაცვალების შემთხვევაში
სამკვიდრო გაიხსნება თითოეულის შემდეგ დამოუკიდებლად.
მუხლი 1322. სამკვიდროს გახსნა გარდაცვლილად პირის გამოცხადების შემდეგ
1321-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასამართლომ პირები
გარდაცვლილად გამოაცხადა მათი ერთსა და იმავე გარემოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგვის შედეგად; ამასთან,
მნიშვნელობა არა აქვს მათი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს.
მუხლი 1323. (ამოღებულია)
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი
1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი
ცნობილი არ არის, – სამკვიდროს ადგილსამყოფელი.
2. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი
ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი, ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ – მოძრავი
ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.
მუხლი 1325. საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილი
სამკვიდროს გახსნის ადგილს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც დროებით
ცხოვრობდა საზღვარგარეთ და იქ გარდაიცვალა, წარმოადგენს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საქართველოში
მისი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, მაშინ – სამკვიდროს ან მისი ძირითადი
ნაწილის ადგილსამყოფელი.
მუხლი 1326. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნა
სამკვიდროს გახსნის ადგილად იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ
საზღვარგარეთ, ითვლება ის ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
მუხლი 1327. სამკვიდროს გახსნა საზღვარგარეთ
საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, უცხო სახელმწიფოში სამკვიდროს მიიღებს ამ
სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით.
მუხლი 1328. სამკვიდრო ქონება
1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო
აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის
მომენტისათვის.
2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.
მუხლი 1329. მომავალი ქონება
მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც ანდერძის შედგენისას მას
ჯერ კიდევ არ გააჩნდა, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ასეთი ქონება მისი საკუთრება იქნება.
მუხლი 1330. პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობათა მემკვიდრეობით გადაცემის დაუშვებლობა
სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და
მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული
უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და
წყდება მათი სიკვდილით.
მუხლი 1331. მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებების დაცვა
მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებები, რომლებიც სამკვიდროში არ შედის, შეიძლება განახორციელონ
და დაიცვან მემკვიდრეებმა კანონით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 1332. ქონება, რომელიც სამკვიდროში არ შედის
1. სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები),
ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები და საფლავი. ეს საგნები გადაეცემა
მემკვიდრეს საკუთრების უფლებით დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. ამ საგნების მიღება შეუძლია იმ
მემკვიდრესაც, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირად საპენსიო ანგარიშზე გათვალისწინებული უფლებები
სამკვიდროში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელმა ბენეფიციარი არ მიუთითა ან
ბენეფიციარი გარდაიცვალა.
2. დოკუმენტები, რომლებიც ეხება მამკვიდრებლის პიროვნებას, მის ოჯახს ან მთელ სამკვიდროს, რჩება
საერთო ქონებად.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი No3353 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.
მუხლი 1333. ანდერძით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაზრდის შედეგები
თუ მოანდერძემ ანდერძის შედგენის შემდეგ გაზარდა ანდერძით გათვალისწინებული უძრავი ქონება ისეთი
ქონების შეძენით, რომელიც, თუმცა თან აკრავს ნაანდერძებ უძრავ ქონებას, სამკვიდროში არ შევა, თუ არ არის
ახალი განკარგულება ანდერძის შედგენის შემდეგ შეძენილი ქონების თაობაზე.
მუხლი 1334. თანამემკვიდრეები
თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის
ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი
ავადმყოფობის მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის გასტუმრების,
ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები. ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სამკვიდროს
ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების
უპირატესად.
მუხლი 1335. სამკვიდროდან ნივთის გამოთხოვის უფლება
1. თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს
გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით.
2. თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია ქონების ამ ნაწილის
გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის.
თავი მეორე
მემკვიდრეობა კანონით
მუხლი 1336. კანონით მემკვიდრეები
კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:
I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ
დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები,
გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით
მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების
გარდაცვალების შემდეგ.
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად
ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც
მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ
მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა
და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ
ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ
ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.
II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი
შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო
მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ
წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან.
ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის
დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.
IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.
V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან,
მაშინ მათი შვილები.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი No5624 - სსმ I, No48, 27.12.2007წ., მუხ.414
მუხლი 1337. რიგითობა კანონით მემკვიდრეობისას
წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
მუხლი 1338. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას
არაშრომისუნარიან პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და დამოუკიდებლად თავის შენახვა
არ შეუძლიათ, თუ მათ შესახებ ანდერძში მითითებული არ არის, უფლება აქვთ მოითხოვონ სარჩო (ალიმენტი)
სამკვიდროდან. თანხის ოდენობა, რაც გადახდილ უნდა იქნეს სარჩოს სახით, შეიძლება შემცირდეს
სამკვიდროს აქტივის მოცულობის გათვალისწინებით.
მუხლი 1339. ცოცხლად დარჩენილი მეუღლის უფლება თანასაკუთრების წილზე
ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას
მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის.
მუხლი 1340. განქორწინებულ მეუღლეთა მდგომარეობა მემკვიდრეობისას
განქორწინებული მეუღლეები არ შეიძლება მემკვიდრეები იყვნენ ერთმანეთის გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 1341. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განქორწინებისას
სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ
დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ
სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
მუხლი 1342. მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ქორწინების ბათილობის გამო
ცოცხლად დარჩენილი მეუღლე დაკარგავს მემკვიდრეობის უფლებას, თუ არსებობდა ქორწინების ბათილად
ცნობის საფუძველი და მამკვიდრებლის მიერ სარჩელი წარდგენილი იყო.
მუხლი 1343. უმკვიდრო ქონების გადასვლა სახელმწიფოზე
1. თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა მემკვიდრემ არ
მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის
სახელმწიფოს საკუთრებაში.
2. უმკვიდრო ქონება სამეწარმეო საზოგადოებაში ან კოოპერატივში წილის, აქციის ან პაის სახით გადადის
მათ ხელში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი No2239 - სსმ I, No54, 20.12.2005წ. მუხ.360
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი No837 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება No2/3/1395 – ვებგვერდი,
23.09.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი No1757 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
თავი მესამე
მემკვიდრეობა ანდერძით
მუხლი 1344. ცნება
ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით
დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 1345. პირი, რომელიც შეიძლება იყოს მოანდერძე
მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში
შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება.
მუხლი 1346. ანდერძის შედგენა პირადად
ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ
დაიშვება.
მუხლი 1347. ერთობლივი ანდერძი
ანდერძი უნდა შეიცავდეს ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას. ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად
ანდერძის შედგენა არ დაიშვება. მხოლოდ მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი
ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით, მაგრამ –
ჯერ კიდევ ორივე მეუღლის სიცოცხლეში.
მუხლი 1348. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ
1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან,
ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი
მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.
2. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია
განსაზღვრული, სხვებისა კი – არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას.
მუხლი 1349. სამკვიდროს განაწილება ანდერძით მემკვიდრეებს შორის
თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული და ერთ-ერთი მემკვიდრისათვის განსაზღვრული ქონება
მთელ სამკვიდროს მოიცავს, მაშინ ყველა ანდერძით მემკვიდრემ თანაბარი წილი უნდა მიიღოს.
მუხლი 1350. მემკვიდრეობა ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე
თუ ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი მთლიანად არ მოიცავს მთელ სამკვიდროს, მაშინ ანდერძის
გარეთ დარჩენილ ქონებაზე განხორციელდება კანონით მემკვიდრეობა, რომელიც შეეხება იმ კანონით
მემკვიდრეებსაც, რომლებსაც ეანდერძათ ქონების ნაწილი, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
მუხლი 1351. წილის თანაზომიერი გაზრდა ანდერძით მემკვიდრეებს შორის
თუ არიან მხოლოდ ანდერძით დანიშნული მემკვიდრეები, მაშინ მათი წილი თანაზომიერად გაიზრდება,
თუკი თითოეულ მემკვიდრეს ანდერძით განსაზღვრული აქვს თავ-თავიანთი წილი, მაგრამ ყველას წილი არ
ამოწურავს სამკვიდროს მთლიანად.
მუხლი 1352. მესამე პირის მონაწილეობის დაუშვებლობა წილის განსაზღვრისა ს
მოანდერძეს არ შეუძლია ანდერძით დაავალოს სხვა პირს იმის განსაზღვრა, თუ ვინ უნდა მიიღოს წილი
სამკვიდროდან და რა რაოდენობით.
მუხლი 1353. მემკვიდრეთა ზუსტად დადგენის შეუძლებლობა
თუ მამკვიდრებელმა მემკვიდრის პიროვნება განსაზღვრა ისეთი ნიშნებით, რომლებიც რამდენიმე პირს
შეიძლება მიუდგეს, და შეუძლებელია დადგენა, თუ რომელი ჰყავდა მხედველობაში მამკვიდრებელს, მაშინ
ისინი ყველანი ჩაითვლებიან მემკვიდრეებად თანაბარი წილის უფლებით.
მუხლი 1354. ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით
მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივზე.
2. პირი, რომელსაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა, ვერც კანონით მემკვიდრე
ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა, ასევე – მაშინაც, როცა ანდერძით
მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.
მუხლი 1355. მემკვიდრეობის უფლების შენარჩუნება
კანონით მემკვიდრეები, რომლებიც მითითებულნი არ არიან ანდერძში, ინარჩუნებენ მემკვიდრეობის
უფლებას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელსაც ანდერძი არ შეხებია; ისინი აგრეთვე მიიღებენ ანდერძით
გათვალისწინებულ ქონებასაც, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხლები არ არიან ანდერძით
მემკვიდრეები, ან ყოველმა მათგანმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე.
მუხლი 1356. კანონით მემკვიდრეობის დაუშვებლობა
თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-
ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ
წარმოიშობა და მის წილ ქონებას სხვა ანდერძით მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
თავი მეოთხე
ანდერძის ფორმა
მუხლი 1357. სანოტარო ფორმა
1. ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო
ფორმით ან ამის გარეშე.
2. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და
დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6989 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 1358. ანდერძის ჩაწერა ნოტარიუსის მიერ
1. დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით.
ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები.
2. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და
ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.
მუხლი 1359. ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები
ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებულნი არიან:
ა) საავადმყოფოს, ჰოსპიტლის, სხვა სამკურნალო დაწესებულების ან სანატორიუმის მთავარი ექიმი,
უფროსი, სამედიცინო ნაწილში მათი მოადგილეები და მორიგე ექიმი, აგრეთვე ხანდაზმულთა ან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულების დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ
მოანდერძე რომელიმე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს;
ბ ) საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში
იმყოფება;
გ ) გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება;
დ ) სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური (უფროსი), თუ სამხედრო
ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან
სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია;
ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, თუ მოანდერძე პენიტენციურ დაწესებულებაშია
მოთავსებული.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი No2719 - სსმ I, No12, 24.03.2010წ., მუხ.56
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი No3532 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი No837 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 1360. ანდერძზე ხელის მოწერა სხვა პირის მიერ
თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი
მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის
მოწერა.
მუხლი 1361. ყრუს, წერა-კითხვის არმცოდნე ყრუს, უსინათლოს ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ანდერძი
1. თუ მოანდერძე ყრუა ან წერა-კითხვის არმცოდნე ყრუა, საანდერძო განკარგულება შედგენილი უნდა იქნეს
ნოტარიუსთან 2 მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია მას განუმარტოს საქმის არსი და
თავისი ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ანდერძის შინაარსი მოანდერძის ნებას შეესაბამება.
2. თუ მოანდერძე უსინათლოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, საანდერძო განკარგულება შედგენილი
უნდა იქნეს ნოტარიუსთან 3 მოწმის თანდასწრებით და ამის შესახებ უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი,
ხოლო შესაბამისი ტექსტი მოანდერძეს უნდა წაეკითხოს.
3. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი.
4. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს
ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი No837 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 1362. ანდერძის მოწმეები
ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანი, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები
დამავალი ხაზით და აღმავალი ხაზით, და, ძმა, მეუღლე, საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი).
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი No3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 1363. ანდერძის საიდუმლოება
ნოტარიუსს, სხვა პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს რომლებმაც ხელი მოაწერეს
ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არა აქვთ სამკვიდროს გახსნამდე გაამხილონ ცნობები, რომლებიც
შეეხება ანდერძის შინაარსს, მის შედგენას, შეცვლას ან გაუქმებას.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 1364. შინაურული ანდერძი
მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას.
მუხლი 1365. ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან
1. მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით
გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება
კონვერტზე ხელის მოწერით.
2. აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი ოფიციალური დეპონირებით
ნოტარიუსთან (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთან).
მუხლი 1366. ანდერძის შედგენა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით
ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით, ოღონდ
ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ
ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი
შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოწმეთა მიერ ანდერძის
დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ,
მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის,
გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით.
მუხლი 1367. დახურული ანდერძი
1. მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის შინაარსს
(დახურული ანდერძი). ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას.
2. დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა
პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.
მუხლი 1368. ანდერძის შედგენის თარიღი
ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი. თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის
ბათილობას მხოლოდ მაშინ, თუ ვერ გაქარწყლდება ანდერძის შედგენის, შეცვლის ან გაუქმებისას, ასევე
რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.
მუხლი 1369. ანდერძის შინაარსის გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის
მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს ანდერძის შინაარსს
დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზედაც უნდა შედგეს სათანადო ოქმი. თუ კონვერტი, რომელშიც ანდერძია
მოთავსებული, დალუქული იყო, უნდა აღინიშნოს ლუქის მთლიანობის შესახებ.
თავი მეხუთე
მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა
მუხლი 1370. სათადარიგო მემკვიდრე
1. მოანდერძეს უფლება აქვს დაასახელოს ანდერძში სხვა მემკვიდრე (სათადარიგო მემკვიდრე) იმ
შემთხვევისათვის, თუ მის მიერ დანიშნული მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება, სამკვიდროს
არ მიიღებს ან მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა.
2. ანდერძით მემკვიდრის უარი სამკვიდროზე არამემკვიდრის მემკვიდრედ დანიშნული პირის
სასარგებლოდ არ დაიშვება.
3. სათადარიგო მემკვიდრე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომელიც 1307 – 1309-ე მუხლებით შეიძლება იყოს
მემკვიდრე.
თავი მეექვსე
სავალდებულო წილი
მუხლი 1371. ცნება
მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით
სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით
მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
მუხლი 1372. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი
სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი
მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 1373. სავალდებულო წილის მოცულობის განსაზღვრა
სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით,
რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო დანაკისრის ან საერთო-სასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების
შესასრულებლად.
მუხლი 1374. თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრა
თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული
ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ
ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.
მუხლი 1375. მიღებული ქონების ჩათვლა სავალდებულო წილში
პირი, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება, მოვალეა სავალდებულო წილში ჩათვალოს
ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მიიღო მის სიცოცხლეში – იმაზე მითითებით, რომ მიღებული
ჩაითვალოს სავალდებულო წილში.
მუხლი 1376. საანდერძო დანაკისრზე უარის თქმის შედეგები
პირს, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვს და ამავე დროს საანდერძო დანაკისრის
(ლეგატის) მიმღებიცაა, შეუძლია მოითხოვოს სავალდებულო წილი, თუ უარს იტყვის საანდერძო დანაკისრის
მიღებაზე; თუკი იგი საანდერძო დანაკისრზე უარს არ იტყვის, მაშინ კარგავს უფლებას სავალდებულო წილზე
საანდერძო დანაკისრის ღირებულების ფარგლებში.
მუხლი 1377. სავალდებულო წილის გამოყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი ქონებიდან
თუ ანდერძით გათვალისწინებულია არა მთელი სამკვიდრო, მაშინ სავალდებულო წილი პირველ რიგში
გამოიყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი, ხოლო, თუ ეს საკმარისი არ იქნება, – შეივსება ანდერძით
გათვალისწინებული ქონებიდან.
მუხლი 1378. სავალდებულო წილის გაზრდა გაჩუქებული ნივთის ხარჯზე
თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია
მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული
ნივთი სამკვიდროში შევა. საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საჩუქრის
გადაცემიდან ათი წელია გასული.
მუხლი 1379. წილის შევსების მოთხოვნის უფლება
თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს ეანდერძა ქონება, რომელიც იმ წილის ნახევარზე
ნაკლებია, რომელსაც იგი კანონით მემკვიდრეობისას მიიღებდა, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ის წილი,
რომლითაც ანდერძით მიღებული მისი წილი ნაკლებია იმ წილის ნახევარზე, რასაც კანონით მემკვიდრეობისას
მიიღებდა.
მუხლი 1380. უარი სავალდებულო წილის მიღებაზე
1. სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ
ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. მისი წილი გადადის ანდერძით
მემკვიდრეებზე.
2. სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს სამკვიდროს მიღების ან მასზე
უარის თქმისათვის დადგენილ დროში.
მუხლი 1381. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა
1. სავალდებულო წილის მიღების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს იმ საფუძვლების არსებობისას,
რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას.
2. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს მამკვიდრებლის მიერ ჯერ კიდევ
მის სიცოცხლეში სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
3. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სავალდებულო წილის მიღების უფლების
ჩამორთმევის შესახებ მოქმედებს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთივე შედეგი დადგება მაშინაც, როცა
მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიმართა სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი
გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 1382. სავალდებულო წილის გადასვლა ანდერძით მემკვიდრეებზე
იმ მემკვიდრის წილი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება ჩამოერთვა, გადადის ანდერძით
მემკვიდრეებზე.
თავი მეშვიდე
საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 1383. ცნება
მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს ერთი ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ რაიმე
ვალდებულების შესრულება სამკვიდროს ხარჯზე (საანდერძო დანაკისრი – ლეგატი).
მუხლი 1384. საანდერძო დანაკისრის საგანი
საანდერძო დანაკისრის საგანი შეიძლება იყოს დანაკისრის მიმღებისათვის (ლეგატარისათვის) სამკვიდროში
შემავალი ქონებიდან ნივთების გადაცემა საკუთრებაში, სარგებლობაში ან სხვა სანივთო უფლებით, მისთვის
ისეთი ქონების შეძენა და გადაცემა, რომელიც არ შედის სამკვიდროში, განსაზღვრული სამუშაოს შესრულება,
მომსახურების გაწევა და ა.შ.
მუხლი 1385. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა საანდერძო დანაკისრის საფუძველზე
მოანდერძეს უფლება აქვს დააკისროს მემკვიდრეს, რომელზედაც საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა
საცხოვრებელი სადგომი გადადის, სადგომით ან მისი განსაზღვრული ნაწილით სამისდღეშიო სარგებლობის
უფლების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა არანაკლებ ერთი წლის
განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე. საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების შემდგომი
გადასვლისას სამისდღეშიო სარგებლობა ძალას ინარჩუნებს.
მუხლი 1386. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გაუსხვისებლობა
1. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება გაუსხვისებელია და არ გადადის
საანდერძო დანაკისრის მიმღების მემკვიდრეებზე.
2. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება არ წარმოადგენს ამ სადგომში საანდერძო
დანაკისრის მიმღების ოჯახის წევრთა ცხოვრების საფუძველს, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
მუხლი 1387. საანდერძო დანაკისრის შესრულების ფარგლები
მემკვიდრემ, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, უნდა შეასრულოს იგი ნაანდერძები
სამკვიდროს ნამდვილი ღირებულების ფარგლებში მამკვიდრებლის ვალების იმ ნაწილის გამოკლებით,
რომლის გასტუმრებაც მას შეხვდა.
მუხლი 1388. საანდერძო დანაკისრის შესრულება სხვა მემკვიდრეების მიერ
თუ მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, სამკვიდროს გახსნამდე
გარდაიცვალა, ან მან მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა, მაშინ საანდერძო დანაკისრის შესრულების
ვალდებულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც მისი წილი მიიღეს, – თუ ანდერძიდან სხვა რამ არ
გამომდინარეობს.
მუხლი 1389. საანდერძო დანაკისრის შესრულების შეწყვეტა
იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება,
საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება შეწყდება, თუ შესრულება შეუძლებელია მისი
მონაწილეობის გარეშე.
მუხლი 1390. საანდერძო დანაკისრის შესრულება სამკვიდრო წილის პროპორციულად
თუ საანდერძო დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს აქვს დავალებული, თითოეული ასრულებს
მას სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 1391. საანდერძო დანაკისრის შესრულების ვადა
საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება სამწლიანი
ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.
მუხლი 1392. საანდერძო დანაკისრი სავალდებულო წილის მიღებისას
თუ ანდერძით მემკვიდრეს, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, სავალდებულო წილის
მიღების უფლებაც აქვს, მაშინ იგი საანდერძო დანაკისრს ასრულებს მისთვის ნაანდერძები სამკვიდროს
მხოლოდ იმ ნაწილის ფარგლებში, რაც სავალდებულო წილის ზემოთ მიიღო.
მუხლი 1393. საანდერძო დანაკისრის მიმღების პასუხისმგებლობა
საანდერძო დანაკისრის მიმღები პასუხს არ აგებს მამკვიდრებლის ვალებისათვის.
მუხლი 1394. უარი საანდერძო დანაკისრის მიღებაზე
საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს უარი თქვას დანაკისრის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში
სამკვიდროს შესაბამისი ნაწილი დარჩება იმ მემკვიდრეს, რომელსაც დაეკისრება დანაკისრის შესრულება.
მუხლი 1395. საანდერძო დანაკისრის შესრულებისაგან გათავისუფლება
თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები უარს იტყვის დანაკისრის მიღებაზე, მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
დანაკისრის შესრულება დაევალა, თავისუფლდება მისი შესრულების მოვალეობისაგან.
მუხლი 1396. საანდერძო დანაკისრის გადასვლა მემკვიდრეებზე
თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ ვერ მოასწრო
თანხმობის გამოთქმა დანაკისრის მიღებაზე, მაშინ მისი მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე,
რომლებიც მის მაგივრად მიიღებენ დანაკისრს.
მუხლი 1397. საანდერძო დანაკისრი საერთო სასარგებლო მიზნით
1. მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს რაიმე მოქმედების შესრულება საერთო-სასარგებლო
მიზნით, რასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ხასიათი.
2. თუ დაკისრებული მოქმედება ქონებას ეხება, მაშინ გამოიყენება საანდერძო დანაკისრის
მარეგულირებელი ნორმები.
3. იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც ანდერძით ევალებოდა რაიმე მოქმედება
საერთო-სასარგებლო მიზნით, ამ ვალდებულების შესრულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც
სამკვიდრო მიიღეს.
4. მემკვიდრისგან მასზე დაკისრებული მოქმედების შესრულების მოთხოვნა შეუძლია სასამართლოს
მეშვეობით ანდერძის აღმსრულებელს, ხოლო, თუ ის არ არის, მაშინ − ყოველ მემკვიდრეს, ასევე
დაინტერესებულ საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს, ფონდებს, სახელმწიფო და
მუნიციპალიტეტის ორგანოებს.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6989 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი მერვე
ანდერძის შეცვლა ან მოშლა
მუხლი 1398. ანდერძის შეცვლის საშუალებები
მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი:
ა ) ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ
ანდერძს ეწინააღმდეგება;
ბ ) სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით;
გ ) ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის
განკარგულებით.
მუხლი 1399. გაუქმებული ანდერძის აღდგენის დაუშვებლობა
ანდერძი, რომელიც გაუქმდა შემდგომში შედგენილი ანდერძით, არ შეიძლება აღდგენილ იქნეს იმ
შემთხვევაშიც კი, თუ უფრო გვიან შედგენილი ანდერძი შემდგომში გაუქმდება განცხადების შეტანით.
მუხლი 1400. რამდენიმე ანდერძი
თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მაგრამ ისინი ავსებენ და მთლიანად არ ცვლიან ერთმანეთს,
მაშინ ყველა ანდერძი ინარჩუნებს ძალას. წინა ანდერძი ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი
განკარგულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ანდერძით.
მუხლი 1401. სანოტარო ანდერძის უპირატესობა
1. თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო
ფორმით, დანარჩენი კი – არა, უპირატესობა სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება.
2. სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.
მუხლი 1402. ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები
ანდერძი ძალას კარგავს, თუ:
ა ) პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ეს ანდერძი, გარდაიცვალა მოანდერძეზე ადრე;
ბ ) ნაანდერძები ქონება დაიკარგა მოანდერძის სიცოცხლეში, ან მოანდერძემ გაასხვისა იგი;
გ ) ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე.
მუხლი 1403. ანდერძის ბათილობა
1. ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას
საერთოდ.
2. საანდერძო განკარგულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს ან საზოგადოებრივ ინტერესებს,
აგრეთვე ისეთი განკარგულებები, რომლებიც გაუგებარია ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს – ბათილია.
3. ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით
დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი
მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 1404. ცალკეული საანდერძო განკარგულებების ბათილობა
1. ის საანდერძო განკარგულება, რომლის საფუძველზედაც ხდება ისეთ ნივთზე მემკვიდრედ მოწვევა,
რომელიც არ არის სამკვიდროში, ბათილია.
2. თუ ვინმეს ეანდერძა ფულადი თანხა, რომელიც არ არის სამკვიდრო ქონებაში, მაშინ ანდერძის ასეთი
განკარგულება ბათილია.
3. ბათილია საანდერძო განკარგულება იმის შესახებ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს შეიძენს განსაზღვრული
დროით, ან არა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან, არამედ უფრო გვიან, ასევე, იმ პირზე მითითების
შესახებ, რომელზედაც უნდა გადავიდეს სამკვიდრო მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 1405. საანდერძო განკარგულების ბათილობა მისი შესრულების შეუძლებლობის გამო
ისეთი საანდერძო განკარგულება, რომლის შესრულებაც მემკვიდრეს არ შეუძლია ჯანმრთელობის
მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო, შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მემკვიდრის
სარჩელით.
მუხლი 1406. ერთ-ერთი საანდერძო განკარგულების ბათილობის შედეგები
თუ რამდენიმე საანდერძო განკარგულებიდან ერთ-ერთი ბათილია ან ძალა დაკარგა და მამკვიდრებელს სხვა
განკარგულება არ დაუტოვებია, მაშინ სხვა საანდერძო განკარგულებები ძალაში რჩება.
მუხლი 1407. სამკვიდროს მიღება ანდერძის ბათილობის შემთხვევაში
ანდერძის ბათილად ცნობის შემთხვევაში მემკვიდრეს, რომელსაც ამ ანდერძით მემკვიდრეობის უფლება
ჩამოერთვა, უფლება აქვს მიიღოს სამკვიდრო საერთო საფუძვლებით.
მუხლი 1408. შედავება ანდერძის ნამდვილობაზე
ანდერძის ნამდვილობა შეიძლება სადავო გახადონ კანონით მემკვიდრეებმა და სხვა დაინტერესებულმა
პირებმა იმ გარემოებათა გამო, რომლებიც გარიგების ბათილობას იწვევენ.
მუხლი 1409. სარჩელის წარდგენის ვადა
1. სარჩელი ანდერძის ბათილობის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს ორი წლის განმავლობაში, რაც
გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.
2. ხანდაზმულობის ეს ვადა არ ვრცელდება მესაკუთრის სარჩელზე, როცა მოანდერძემ მემკვიდრეს
არასწორად უანდერძა სხვისი ქონება, როგორც თავისი.
თავი მეცხრე
ანდერძის აღსრულება
მუხლი 1410. ანდერძის აღსრულების სუბიექტები
ანდერძში მითითების არარსებობის შემთხვევაში მისი აღსრულება ევალებათ ანდერძით მემკვიდრეებს. მათ
შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით ანდერძის აღსრულება მიანდონ ერთ-ერთ მემკვიდრეს ან სხვა პირს.
მუხლი 1411. ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა
საანდერძო განკარგულებათა ზუსტად შესრულების მიზნით მოანდერძეს შეუძლია ანდერძით დანიშნოს
ანდერძის ერთი ან რამდენიმე აღმსრულებელი როგორც ანდერძით მემკვიდრეთა წრიდან, ისე სხვა პირიც,
რომელიც მემკვიდრე არ არის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა ანდერძის აღმსრულებლის თანხმობა, რაც
მან უნდა გამოხატოს წარწერით თვით ანდერძზე ან მასზე დართულ განცხადებაში.
მუხლი 1412. უარი ანდერძის აღსრულებაზე
ანდერძის აღმსრულებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას მოანდერძის მიერ დაკისრებული
მოვალეობის შესრულებაზე, რის შესახებაც წინასწარ უნდა გააფრთხილოს ანდერძით მემკვიდრეები.
მუხლი 1413. ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა მესამე პირის მიერ
მოანდერძეს შეუძლია ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა დაავალოს მესამე პირს, რომელმაც სამკვიდროს
გახსნისას დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს ანდერძის აღმსრულებელი და შეატყობინოს ამის შესახებ
მემკვიდრეებს. მას შეუძლია უარი თქვას ამ დავალების შესრულებაზე, რაზედაც ასევე დაუყოვნებლივ უნდა
შეატყობინოს მემკვიდრეებს.
მუხლი 1414. ანდერძის აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ
ანდერძის აღმსრულებელს შეიძლება დაეკისროს ანდერძის მთლიანად ან მისი ცალკეული განკარგულებების
აღსრულება.
მუხლი 1415. სამკვიდროს დაცვა და მართვა
ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა სამკვიდროს გახსნის მომენტიდანვე შეუდგეს სამკვიდროს დაცვასა და
მართვას; ის უფლებამოსილია შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც აუცილებელია ანდერძის აღსრულებისათვის.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ამ უფლებამოსილების ფარგლებში მემკვიდრეები კარგავენ სამკვიდროს მართვის უფლებას.
მუხლი 1416. სამკვიდროს დაცვა და მართვა რამდენიმე აღმსრულებლის მიერ
თუ ანდერძის აღმსრულებელი რამდენიმეა, ერთპიროვნული მოქმედება დაიშვება მხოლოდ სამკვიდროს
დაცვის მიზნით, სხვა შემთხვევებში საჭიროა მათ შორის შეთანხმება.
მუხლი 1417. ანდერძის აღსრულების ხარჯების ანაზღაურება
1. ანდერძის აღმსრულებელი მოვალეობას უსასყიდლოდ ასრულებს, თუმცა შეიძლება გასამრჯელოც
მიიღოს, თუ ეს ანდერძითაა გათვალისწინებული.
2. ანდერძის აღმსრულებელს აქვს სამკვიდროდან იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების უფლება, რაც
მან გასწია სამკვიდროს დაცვასა და მართვაზე.
3. ანდერძის აღმსრულებელს, რომელიც მემკვიდრე არ არის, უფლება არა აქვს სამკვიდროდან გაიღოს სხვა
ხარჯები, გარდა 1427-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 1418. აღმსრულებლის ანგარიში
ანდერძის აღსრულების შემდეგ ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა მემკვიდრეების მოთხოვნით
წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ანდერძის აღმსრულებელი ასრულებს თავის
ფუნქციებს ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე.
მუხლი 1419. ანდერძის აღმსრულებლის გადაყენება
ანდერძის აღმსრულებლის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას დაინტერესებულ პირს შეუძლია
მიმართოს სასამართლოს ანდერძის აღმსრულებლის გადაყენების მოთხოვნით.
მუხლი 1420. ანდერძის აღმსრულებლის პასუხისმგებლობა
თუ ანდერძის აღმსრულებელი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გადაუხვევს ანდერძით
დაკისრებული მოვალეობების შესრულებისაგან და ამით ზიანს მიაყენებს მემკვიდრეებს, მაშინ მან პასუხი
უნდა აგოს ამ ზიანისათვის.
თავი მეათე
სამკვიდროს მიღება და უარი მის მიღებაზე
მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება
1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.
2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს
განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც
უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად
მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ,
ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი No2284 - სსმ I, No45, 21.12.2009წ., მუხ.329
მუხლი 1422. ქმედუუნაროს, შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მიერ სამკვიდროს
მიღება
1. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი
წარმომადგენლების მეშვეობით.
2. მხარდაჭერის მიმღები სამკვიდროს იღებს მხარდამჭერის დახმარებით, თუ მას სასამართლოს
გადაწყვეტილებით მხარდაჭერა ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად დაუწესდა.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი No3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 1423. სამკვიდროს მიღება წარმომადგენლის მეშვეობით
სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
მუხლი 1424. სამკვიდროს მიღების ვადა
სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა
თუ სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ
მიიღებენ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი დროის
განმავლობაში, ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, – გაგრძელებულ იქნეს სამ თვემდე.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 1426. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება
1. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების
მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს
სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ
მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში
გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი
ნაწილის ღირებულება .
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი No2239 - სსმ I, No54, 20.12.2005წ. მუხ.360
მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა
მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდება და სამკვიდროს ფლობას ან
მართვას შეუდგება, უფლება არა აქვს განკარგოს სამკვიდრო, სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის
გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე, გარდა ხარჯებისა მამკვიდრებლის მოვლისა და
მკურნალობისათვის მისი ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი
პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და მართვისათვის.
მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე
თუ კანონით მემკვიდრე, რომელმაც არ იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ, შეუდგა სამკვიდროს ფლობას,
ხოლო ანდერძით მემკვიდრემ არ იცოდა ანდერძის ბათილობის შესახებ, ან, თუ კანონით ან ანდერძით
მემკვიდრეებმა არ იცოდნენ სხვა უფრო ახლო კანონით მემკვიდრეების ან სხვა ანდერძის არსებობის შესახებ,
მაშინ მათ დარჩებათ შემოსავალი, რაც სამკვიდროდან მიიღეს სარჩელის აღძვრამდე; მათ უფლება აქვთ
აგრეთვე მოითხოვონ მთელი კაპიტალი, რაც სამკვიდროში დააბანდეს.
მუხლი 1429. სამკვიდროს ცალკეული ნივთების გაყიდვის შედეგები
თუ სამკვიდროში შემავალი ნივთები გაიყიდება დავის აღძვრამდე, მაშინ ნასყიდობა ნამდვილად ჩაითვლება
და ძალაში დარჩება, ხოლო ნივთების გაყიდვით მიღებული თანხა გადაეცემა ნამდვილ მემკვიდრეს.
მუხლი 1430. მემკვიდრეობითი ტრანსმისია
თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ
სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია).
გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრეებმა სამკვიდრო უნდა მიიღონ სამკვიდროს მიღების ვადამდე
დარჩენილი ხნის განმავლობაში. თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი სამ თვემდე უნდა გაგრძელდეს.
მუხლი 1431. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები
1. სამკვიდროს მიუღებლობა მემკვიდრეობითი ტრანსმისიით არ ართმევს მემკვიდრეს შესაძლებლობას,
მიიღოს ის სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ ეკუთვნოდა გარდაცვლილ მემკვიდრეს.
2. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით ქონების მიღებაზე უარის თქმისას ქონება გადადის იმ პირებზე,
რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სამკვიდროს მისაღებად გარდაცვლილ მემკვიდრეებთან ერთად.
მუხლი 1432. სამკვიდროს აღწერა
მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს სამკვიდროს აღწერა, რისთვისაც ეძლევა ორი თვის ვადა, რაც შედის
სამკვიდროს მისაღებად დადგენილ საერთო ვადაში.
მუხლი 1433. საკუთრების წარმოშობა სამკვიდროზე
მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
მუხლი 1434. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა
მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან
შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს
ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე
უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.
მუხლი 1435. სამკვიდროს ნაწილობრივ მიღების დაუშვებლობა
1. არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით.
2. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს
ამბობს სამკვიდროზე.
მუხლი 1436. მემკვიდრის უარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღებაზე
მემკვიდრეს, რომელიც არ მისდევს სოფლის მეურნეობას, შეუძლია უარი თქვას სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის, მოწყობილობის, შრომის იარაღებისა და პირუტყვის მიღებაზე, მაგრამ ეს არ ჩაითვლება
საერთოდ უარის თქმად სამკვიდროს მიღებაზე.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 1437. რამდენიმე წილის მიღება სამკვიდროდან
თუ მემკვიდრეს სხვადასხვა საფუძვლით სამკვიდროდან რამდენიმე წილი ეკუთვნის, მას შეუძლია მიიღოს
ერთი წილი და უარი თქვას მეორეზე, ან უარი თქვას ყველაზე.
მუხლი 1438. უარი სამკვიდროს ნაწილზე
მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის შემატების უფლებით,
სამკვიდროს დანარჩენი ნაწილის მიუხედავად.
მუხლი 1439. უარი სხვა პირთა სასარგებლოდ
მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით
მემკვიდრეთა რიცხვიდან. არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც
ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან რომელთაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ
მემკვიდრეობის უფლება. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ.
მუხლი 1440. წილის შემატება სამკვიდროზე უარის თქმისას
თუ მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, მაგრამ არ განუცხადებია, თუ ვის სასარგებლოდ ამბობს
უარს, მაშინ მისი წილი შეემატება მემკვიდრეებად მოწოდებულ კანონით მემკვიდრეთა წილს, ხოლო, თუ
მთელი სამკვიდრო ანდერძით იყო განაწილებული, მაშინ – ანდერძით მემკვიდრეთა წილს და იგი
განაწილდება მათ შორის მათი წილის პროპორციულად, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 1441. ერთადერთი მემკვიდრის უარი სამკვიდროზე
თუ მემკვიდრე, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ერთადერთია ამ რიგის მემკვიდრეთა შორის,
მაშინ სამკვიდრო გადავა მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე.
მუხლი 1442. უარი რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ
თუ მემკვიდრე უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ, მას შეუძლია
მიუთითოს თითოეულის წილზე. ასეთი მითითების არარსებობისას მისი წილი თანაბრად განაწილდება იმ
მემკვიდრეებზე, რომელთა სასარგებლოდაც უარი იყო ნათქვამი სამკვიდროს მიღებაზე.
მუხლი 1443. სამკვიდროზე უარი შვილიშვილის სასარგებლოდ
სამკვიდროზე უარის თქმა შვილიშვილის სასარგებლოდ დასაშვებია, თუ სამკვიდროს გახსნის დღისათვის
ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ან თუ
შვილიშვილი ანდერძით მემკვიდრეა.
მუხლი 1444. სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე
სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი No2239 - სსმ I, No54, 20.12.2005წ. მუხ.360
მუხლი 1445. უარის თქმის დაუშვებლობა სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის შემდეგ
არ დაიშვება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე მას შემდეგ, რაც მემკვიდრემ სანოტარო ორგანოში შეიტანა
განცხადება სამკვიდროს ან სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი No2284 - სსმ I, No45, 21.12.2009წ., მუხ.329
მუხლი 1446. სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა
1. მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია.
2. თუ მემკვიდრე ქმედუუნაროა, შეზღუდულქმედუნარიანია ან მხარდაჭერის მიმღებია, სამკვიდროს
მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი No3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 1447. უარი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობისას
მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად
დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით
უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.
მუხლი 1448. უარის თქმის უფლების გადასვლა მემკვიდრეობით
1. სამკვიდროზე უარის თქმის უფლება გადადის მემკვიდრეობით.
2. თუ მემკვიდრე გარდაიცვლება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე,
მაშინ ეს ვადა არ დასრულდება იმ დროის გასვლამდე, რაც დარჩა მემკვიდრის შემდეგ.
3. გარდაცვლილი მემკვიდრის რამდენიმე მემკვიდრიდან თითოეულს შეუძლია უარი თქვას მხოლოდ მის
სამკვიდრო წილზე.
მუხლი 1449. სამკვიდროზე უარის თქმა წარმომადგენლის მეშვეობით
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
სამკვიდროზე უარის თქმა წარმომადგენლის მეშვეობით შესაძლებელია, თუ დავალებაში (მინდობილობაში)
სპეციალურად არის გათვალისწინებული უფლებამოსილება უარის თქმის შესახებ.
მუხლი 1450. სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა
სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან,
როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
მუხლი 1451. სამკვიდროს მიღების სამართლებრივი შედეგების დადგომის დრო
სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის
მომენტიდან.
თავი მეთერთმეტე
სამკვიდროს გაყოფა
მუხლი 1452. ცნება
სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც
თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ.
მუხლი 1453. სამკვიდროს გაყოფის წესის განსაზღვრა მოანდერძის მიერ
მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს სამკვიდროს გაყოფის წესი, კერძოდ, მას შეუძლია
სამკვიდროს გაყოფა მიანდოს მესამე პირს. მესამე პირის გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო
მემკვიდრეებისათვის, თუ ის აშკარად უსამართლოა. ასეთ შემთხვევაში გაყოფა მოხდება სასამართლოს
გადაწყვეტილებით.
მუხლი 1454. სამკვიდროდან წილის გამოყოფა ნატურით
თითოეულ მემკვიდრეს შეუძლია მოითხოვოს თავისი წილის გამოყოფა ნატურით როგორც მოძრავი, ისე
უძრავი ქონებიდან, თუ ასეთი გამოყოფა შესაძლებელია ან აკრძალული არ არის კანონით.
მუხლი 1455. საჩუქრის ჩათვლა მემკვიდრის წილში
სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან
საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების
დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე მამკვიდრებელის ცხადად
გამოხატული ნების გარეშე ითვალისწინებს მემკვიდრისთვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების
ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29
დეკემბრის გადაწყვეტილება No2/3/1337 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება No2/3/1337 – ვებგვერდი,
30.12.2020წ.
მუხლი 1456. სამკვიდროს გაყიდვა თანამემკვიდრეთა შეთანხმებით
თანამემკვიდრეთა შეთანხმებით დასაშვებია მთელი სამკვიდროს გაყიდვა და მემკვიდრეთა შორის ფულის
განაწილება მათი წილის კვალობაზე.
მუხლი 1457. სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე
თანამემკვიდრეთა შეთანხმებით შესაძლებელია მთელი სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე,
რომელიც, თავის მხრივ, მოვალეა სხვა თანამემკვიდრეებს მისცეს შესაბამისი კომპენსაცია.
მუხლი 1458. სამკვიდროს გაყოფის შეჩერება
თანამემკვიდრეები შეიძლება შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამკვიდროს გაყოფა შეჩერდეს განსაზღვრული
დროით.
მუხლი 1459. წილობრივი საკუთრება განუყოფელ ქონებაზე
თუ სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ისეთი ქონება,
რომლის გაყოფაც გამოიწვევს მისი სამეურნეო დანიშნულების მოშლას ან შესუსტებას, გაყოფას არ
ექვემდებარება და ხდება მემკვიდრეთა საერთო საკუთრება მათი წილის მიხედვით.
მუხლი 1460. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის
1. თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საოჯახო მეურნეობაა
მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვა, ან თუ ანდერძი დატოვებული არ იყო და კანონით
მემკვიდრე რამდენიმეა, მაშინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მოწყობილი
საოჯახო მეურნეობა შეიძლება გაიყოს მემკვიდრეებს შორის, თუკი ასეთი გაყოფის შედეგად თითოეული
მემკვიდრისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
არსებობას.
2. გაყოფა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეები თვითონ აპირებენ გაუძღვნენ მეურნეობას.
თუკი არც ერთი მემკვიდრე არ მოისურვებს მეურნეობის გაძღოლას, მაშინ მათი შეთანხმებით მიწა და მასზე
მოწყობილი მეურნეობა შეიძლება გაიყიდოს და მემკვიდრეები მიიღებენ თავიანთ წილს ფულის სახით.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 1461. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფის დაუშვებლობა
თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფა შეუძლებელია, მაშინ მიწა იმ მემკვიდრეს უნდა
მიეკუთვნოს, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა და საოჯახო მეურნეობას ეწეოდა. თუ ასეთი
მემკვიდრე არ არის, მაშინ მიწა იმას უნდა მიეკუთვნოს, ვისაც უნარი აქვს და სურს, გაუძღვეს მეურნეობას.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 1462. წილის კომპენსაცია
მემკვიდრე, რომელიც ვერ მიიღებს მიწის ნაკვეთს, მიიღებს შესაბამის წილს სხვა ქონებიდან, ხოლო, თუ სხვა
ქონება საკმარისი არ იქნება, მაშინ – სათანადო კომპენსაციას დადგენილი წესის მიხედვით.
მუხლი 1463. (ამოღებულია)
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 1464. საერთო საკუთრება საოჯახო მეურნეობაზე
თანამემკვიდრეთა შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი საოჯახო მეურნეობა შეიძლება მათ საერთო
საკუთრებაში დარჩეს.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 1465. ჩასახული მემკვიდრის უფლება სამკვიდროს გაყოფისას
1. თუ მემკვიდრე ჩასახულია, მაშინ სამკვიდროს გაყოფა შეიძლება მხოლოდ ამ მემკვიდრის დაბადების
შემდეგ.
2. თუ ჩასახული მემკვიდრე ცოცხალი დაიბადება, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ გაიყონ
სამკვიდრო მხოლოდ მისი კუთვნილი წილის გამოყოფით. ახალშობილის ინტერესების დასაცავად გაყოფაში
მონაწილეობისათვის მოწვეულ უნდა იქნენ მისი წარმომადგენლები.
მუხლი 1466. სავალო მოთხოვნების დაკისრება ერთ-ერთი მემკვიდრისათვის
თანამემკვიდრეთა შეთანხმებით დასაშვებია, სავალო მოთხოვნები მთლიანად დაეკისროს ერთ-ერთ
მემკვიდრეს მისთვის სამკვიდროდან შესაბამისად გაზრდილი წილის მიცემის სანაცვლოდ.
მუხლი 1467. წილის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულება
თითოეული თანამემკვიდრე მოვალეა უზრუნველყოს სხვა თანამემკვიდრეთა მიერ შესაბამისი წილის
მიღება. როცა თანამემკვიდრე სამკვიდროს გაყოფის შედეგად მოთხოვნის უფლებას იძენს, სხვა
თანამემკვიდრეები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მოვალის გადახდისუნარიანობას გაყოფის მომენტში
თავ-თავიანთი სამკვიდრო წილის მიხედვით, ხოლო თუ ასეთი ვალდებულების შესრულების ვადა არ
დამდგარა, მაშინ – ვალდებულების შესრულების მომენტში.
მუხლი 1468. წილის შემცირება პროპორციულად
თუ აღმოჩნდება, რომ ანდერძით განსაზღვრულ წილთა ჯამი აღემატება მთელ სამკვიდროს, მაშინ
თითოეული მემკვიდრის წილი შემცირდება პროპორციულად.
მუხლი 1469. დავის განხილვა ქონების გაყოფისას
სამკვიდროს გაყოფის თაობაზე თანამემკვიდრეებს შორის შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს
სასამართლო, რომელმაც ქონების გაყოფისას მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი,
თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი.
მუხლი 1470. წილის განკარგვის უფლება
1. თითოეულ თანამემკვიდრეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი სამკვიდროში. ხელშეკრულება,
რომლითაც ერთ-ერთი თანამემკვიდრე განკარგავს თავის წილს, უნდა დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ.
2. თანამემკვიდრეს არ შეუძლია განკარგოს ცალკეული საგნები თავისი წილიდან.
3. (ამოღებულია - 11.05.2007, No4744).
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158
მუხლი 1471. (ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 1472. კრედიტორთა დაკმაყოფილება წილის გასხვისებისას
წილის გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის
დაკმაყოფილების მოვალეობა, შეძენილი წილის ოდენობის შესაბამისად.
მუხლი 1473. წილის გათანაბრება
მემკვიდრეები, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან სამკვიდროს მისაღებად, ვალდებულნი არიან წილთა
გათანაბრებისათვის გაყოფამდე სამკვიდროს მიათვალონ ყოველივე ის, რაც მათ მიიღეს მამკვიდრებლისაგან
მის სიცოცხლეში მშობლების ქონებიდან გამოყოფის სახით, თუ მამკვიდრებელს სხვა რამ არ დაუდგენია.
მუხლი 1474. შთამომავლის გამოკლების შედეგები
თუ სამკვიდროს მის გახსნამდე ან გახსნის შემდეგ გამოაკლდა შთამომავალი, რომელიც, როგორც მემკვიდრე,
ვალდებული იქნებოდა გაეთანაბრებინა წილი, მაშინ წილის გათანაბრების მოვალეობა დაეკისრება იმ
მემკვიდრეს, რომელმაც უნდა მიიღოს მისი წილი.
მუხლი 1475. განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინება გათანაბრებისას
შთამომავალს (დამავალი ხაზის ნათესავს), რომელმაც საოჯახო მეურნეობაში გაწეული შრომით,
მამკვიდრებლის პროფესიულ და კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობით, თავის მხრივ მნიშვნელოვანი
ხარჯების გაწევით ან სხვა სახით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მამკვიდრებლის ქონების შენარჩუნებასა
და გაზრდაში, სამკვიდროს გაყოფისას უფლება აქვს მოითხოვოს გათანაბრება იმ ნათესავებთან, რომლებიც
მასთან ერთად კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან და ითხოვენ სამკვიდროს.
მუხლი 1476. გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა
არ შეიძლება გათანაბრების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებისათვის ნათესავი იღებდა
გასამრჯელოს, ან გასამრჯელო წინასწარ შეთანხმებული იყო, ანდა, თუ ნათესავს გაწეული მომსახურების
საფუძველზე შეუძლია წარადგინოს რაიმე მოთხოვნა სხვა სამართლებრივი საფუძვლით.
მუხლი 1477. სამართლიანი განაწილების მოთხოვნა
1. გაწეული მომსახურებისა და სამკვიდროს მოცულობის მიხედვით გათანაბრება უნდა მოხდეს
სამართლიანად.
2. სამკვიდროს გაყოფისას გათანაბრების თანხა გამოაკლდება სამკვიდროს საერთო თანხას და მიემატება იმ
თანამემკვიდრის წილს, რომელსაც გათანაბრების მოთხოვნის უფლება აქვს.
მუხლი 1478. მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობა
თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის, დანარჩენი
მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და
სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად.
მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები
1. თუ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მემკვიდრე, რომელიც ადგილზე არ იმყოფება, მაგრამ დადგენილია
მისი ადგილსამყოფელი, სამი თვის განმავლობაში უარს არ იტყვის სამკვიდროზე, მაშინ დანარჩენი
მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მას თავიანთი განზრახვა სამკვიდროს გაყოფის შესახებ.
2. თუ ასეთი მემკვიდრე შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში არ აცნობებს დანარჩენ მემკვიდრეებს
ქონების გაყოფის თაობაზე შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს
უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით გაყონ ქონება და გამოყონ ადგილზე არმყოფი მემკვიდრის წილი.
3. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის
ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ,
დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ ქონება ამ მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით.
მუხლი 1480. უპირატესი მემკვიდრეობის უფლება
მემკვიდრეებს, რომლებსაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო საკუთრების უფლება ქონებაზე,
უპირატესი უფლება აქვთ იმ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის.
მუხლი 1481. საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება
ქონების გაყოფისას მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე
ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, აქვს სამკვიდროდან საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა
საცხოვრებელი სადგომის, ასევე საოჯახო მოხმარების საგნების მიღების უპირატესი უფლება.
მუხლი 1482. მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესის გათვალისწინება
უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი
ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ. თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი
კუთვნილი წილის მისაღებად, მაშინ მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა
მისცენ მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 1483. კომპენსაციის განვადება
იმ მემკვიდრეების მოთხოვნით, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, სასამართლოს უფლება აქვს
გადაავადოს კომპენსაცია მისი მოცულობის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ათი წლის ვადით.
თავი მეთორმეტე
კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ
მუხლი 1484. მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა
ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ
მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.
3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.
მუხლი 1485. მტკიცების ტვირთი
მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ.
მუხლი 1486. ვალის გადახდის დაკისრება მემკვიდრისათვის
მოანდერძეს შეუძლია მთელი ვალის ან მისი ნაწილის გადახდა დააკისროს ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს.
მუხლი 1487. სამკვიდროს გახსნის შესახებ კრედიტორებისათვის შეტყობინების ვალდებულება
მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის
შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.
მუხლი 1488. კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვადა
1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა
სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო,
მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა
წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.
3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
მუხლი 1489. ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენება
1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე,
რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით,
ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების
მოთხოვნებზე – ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო
ვადები.
მუხლი 1490. შესრულების ვადის გადადება
თუ მოთხოვნა კრედიტორის მიერ მოთხოვნის შესრულების ვადამდე იყო წარდგენილი, მაშინ მემკვიდრეს
უფლება აქვს გადადოს შესრულება ვადის დადგომამდე. ვადის დადგომიდან კრედიტორს უფლება აქვს
მოითხოვოს შესრულება სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში.
მუხლი 1491. მამკვიდრებლის კრედიტორების უპირატესობა
მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის
კრედიტორებთან.
მუხლი 1492. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი
ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი No2239 - სსმ I, No54, 20.12.2005წ. მუხ.360
მუხლი 1493. კრედიტორის მიერ სამკვიდროს მიღების შედეგები
თუ მამკვიდრებელმა ქონება თავის კრედიტორს უანდერძა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს კრედიტორის
მოთხოვნის უფლების გაქვითვად.
მუხლი 1494. კრედიტორთა დაკმაყოფილების წესი
კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავი მეცამეტე
სამკვიდროს დაცვა
მუხლი 1495. ცნება
ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და საჯარო ინტერესების დასაცავად
ნოტარიუსი დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით იღებს
სამკვიდროს დაცვისათვის აუცილებელ ზომებს, რაც გაგრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს
მიღებამდე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი No2284 - სსმ I, No45, 21.12.2009წ., მუხ.329
მუხლი 1496. ქონების დაცვის მოვალეობა სანოტარო ორგანოს მიერ
თუ სამკვიდრო ან მისი ნაწილი სამკვიდროს გახსნის ადგილას არ იმყოფება, სანოტარო ორგანო ავალებს
ქონების სამყოფელი ადგილის სანოტარო ორგანოს ზომების მიღებას ამ ქონების დასაცავად.
მუხლი 1497. ქონების აღწერა
სანოტარო ორგანო ქონების დაცვის მიზნით აღწერს სამკვიდროს და გადასცემს შესანახად მემკვიდრეს ან
სხვა პირს, ამასთან, იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ
იმყოფებიან.
მუხლი 1498. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია
სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. მმართველი არ დაინიშნება, როცა თუნდაც ერთ-
ერთმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ან თუ დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი.
თავი მეთოთხმეტე
სამკვიდრო მოწმობა
მუხლი 1499. ცნება
1. მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.
2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი No2284 - სსმ I, No45, 21.12.2009წ., მუხ.329
მუხლი 1500. სამკვიდრო მოწმობის გაცემის ვადა
სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ
ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს
მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.
მუხლი 1501. თანხმობა სამკვიდრო მოწმობაში შეტანაზე
მემკვიდრეები, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეტანილ იქნენ
სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. თანხმობა
გაცხადებულ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე.
მუხლი 1502. სამკვიდრო მოწმობის მიცემა მემკვიდრის მემკვიდრეებისათვის
თუ მემკვიდრე, რომელიც მოწვეული იყო სამკვიდროს მისაღებად, გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის
შემდეგ, მაგრამ ვერ მოასწრო მისი მიღება დადგენილ ვადაში, მაშინ მის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიიღონ
სამკვიდრო მოწმობა ქონებაზე, რომელიც დარჩა თავდაპირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 1503. სამკვიდრო მოწმობის მიცემა თანამემკვიდრეებისათვის
სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა
ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა
ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა
სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.
სამოქალაქო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 1504. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდეს 1997 წლის 25 ნოემბრიდან.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 1505. ძალადაკარგულ კანონთა ნუსხა
1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
1. „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1964
წლის 26 დეკემბრის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., No36, მუხ.662);
2. „საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1970 წლის
18 ივნისის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., No6, მუხ.96);
3. „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის
კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., No6, მუხ.199);
4. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 15 ივლისის კანონი
(საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., No9-12, მუხ.169);
5. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 15 ივლისის დადგენილება
საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., No9-12, მუხ.170);
6. „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 24 მაისის კანონი (საქართველოს პარლამენტის
უწყებები, 1994 წ., No18, მუხ.382);
7. „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის
24 მაისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., No18, მუხ.383);
8. „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 19
ივნისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., No19, მუხ.401);
9. „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 14 ივნისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994
წ., No19, მუხ.402);
10. „გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 30 ივნისის კანონი (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994 წ., No19, მუხ.423);
11. „გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994
წლის 30 ივნისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., No19, მუხ.424);
12. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის
კანონი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ. No19-20);
13. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 2 მაისის კანონის 32-54-ე მუხლები (პარლამენტის
უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, 1997 წ., No21-22);
14. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის
კანონის მე-7 მუხლი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ. No007).
მუხლი 1506. ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.
2. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ
გამოცემული ნორმატიული აქტები ჩაითვლება ძალადაკარგულად, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ
სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.
მუხლი 1507. სამოქალაქო კოდექსის მოქმედება დროში
1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის
ამოქმედების შემდეგ.
2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ
კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების
მიმართ.
3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე
წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ
სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
4. სამოქალაქო კოდექსის 165-168-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის
ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან – საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის
კანონის ამოქმედებიდან.
მუხლი 1507 1 . მეურვეობისა და მზრუნველობის განმახორციელებელი ორგანო გარდამავალ პერიოდში
1. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს ფუნქციებს 2009 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულების (ორგანიზაციის), აგრეთვე მათი
ტერიტორიული ორგანოების ნაცვლად ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს – საქართველოს
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი,
აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების
ტერიტორიული ორგანოები.
2. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წესს 2009 წლის 1 იანვრამდე ადგენს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მისი დამტკიცება საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს არა უგვიანეს 2008 წლის 15 ივნისისა.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი No5624 - სსმ I, No48, 27.12.2007წ., მუხ.414
მუხლი 1507 2 . მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლების გავრცელება ამ კოდექსის 1191 1 მუხლის
ამოქმედებამდე წარმოქმნილ ურთიერთობებზე
ამ კოდექსის 1191 1 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლება
ვრცელდება 1996 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილ ურთიერთობებზედაც, კერძოდ,
ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედისგან შობილი ბავშვის მამის
გვარად მიეთითებოდა დედის გვარი, ხოლო მამის სახელი იწერებოდა დედის მითითებით.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი No2892 - ვებგვერდი, 2 3.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი No3422 - ვებგვერდი, 07.04.2015წ.
მუხლი 1507 3 . (ძალადაკარგულია)
საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი No4649 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.
მუხლი 1508. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონი No2114 – სსმ I, No26(33), 05.07.1999 წ., მუხ.134
მუხლი 1508 1 . ქმედუუნაროდ ცნობილი პირის სტატუსი
1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე ვალდებულია
სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1
აპრილიდან 4 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს. მანამდე იგი შეუფერხებლად განაგრძობს თავისი
მოვალეობების შესრულებას.
2. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მოთავსებულია
სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ეს დაწესებულება ვალდებულია სამეურვეო პირის
მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 2 წლის
განმავლობაში მიმართოს სასამართლოს.
3. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მოთავსებულია
სპეციალიზებულ დაწესებულებაში, ეს დაწესებულება ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად
ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 4 წლის განმავლობაში მიმართოს
სასამართლოს.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი No3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 1508 2 . 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან და მათ
მეურვეებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი ჩაითვალოს ქმედუუნარო
პირად მის ინდივიდუალურ შეფასებამდე, 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ნორმების შინაარსის
გათვალისწინებით.
2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალურ
შეფასებამდე ამ პირის მიერ ნების გამოვლენა ბათილია.
3. თუ მოთხოვნა მომდინარეობს 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი
პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული
პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ
მოხდება.
4. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მართლსაწინააღმდეგო
მოქმედებით ზიანს მიაყენებს სხვა პირს, მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება, სანამ
ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. თუ პირს ეკისრება ზიანის მიმყენებელი
ქმედუუნარო პირის მეთვალყურეობა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ
ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
5. თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა. ასეთი თანხმობა
საჭირო არ არის, თუ მეორე მეუღლე არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ
ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
6. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე ვალდებულია
სამეურვეო პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს
შუამდგომლობით სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
7. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვის მიერ მისთვის
დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო
გაათავისუფლებს მეურვეს თავისი მოვალეობისაგან და მიმართავს სასამართლოს სამეურვეო პირის
მხარდაჭერის მიმღებად ცნობისათვის.
8. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე მეურვეობის
განხორციელებისას ანგარებით იმოქმედებს ან სამეურვეო პირს ზედამხედველობისა და აუცილებელი
დახმარების გარეშე დატოვებს, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
9. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირისათვის დაწესებული
მეურვეობა შეწყდება, თუ:
ა) სამეურვეო პირი გარდაიცვალა;
ბ) სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.
10. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი არ შეიძლება იყოს ანდერძის
მოწმე, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
11. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი სამკვიდროს იღებს თავისი
კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
12. თუ მემკვიდრე 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირია,
სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით, სანამ მისი ინდივიდუალური
შეფასება არ მოხდება.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი No3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 1508 3 . მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია:
ა) 2015 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქმედუუნაროდ ცნობილი პირების
მონაცემთა ბაზის განახლება და ამ კოდექსთან შესაბამისობა;
ბ) ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს
მეურვეებისთვის და ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის ამ კოდექსის 1508 1 მუხლით დადგენილი
მოვალეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გაფრთხილება ამ მოვალეობის შეუსრულებლობისთვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ;
გ) 2017 წლის 1 აპრილიდან 2 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს სტაციონარში მოთავსებული
ქმედუუნარო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, აგრეთვე
2019 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს იმ ქმედუუნარო პირის, რომელიც
სტაციონარში არ არის მოთავსებული, მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური
შეფასებისათვის, თუ მეურვე, თავად ქმედუუნარო პირი ან შესაბამისი დაწესებულება არ მიმართავს
სასამართლოს აღნიშნული მიზნით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი No3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 1509. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები
1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან:
ა) სახელმწიფო;
ბ) მუნიციპალიტეტი;
გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული
პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით
განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით;
დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არის შექმნილი სამოქალაქო
კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად;
ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი
ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა);
ვ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია;
ზ) ამ კოდექსის 1509 1 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.
2. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება:
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ბ) (ამოღებულია - 14.12.2006, No3967) ;
გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
დ) კომანდიტური საზოგადოება;
ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
ვ) სააქციო საზოგადოება;
ზ) კოოპერატივი.
საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი No1807 – სსმ I, No6(13), 04.03.1999 წ., მუხ.24
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი No1233 - სსმ I, No18, 27.04.2005წ., მუხ.110
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი No1233 - სსმ I, No18, 27.04.2005წ., მუხ.110
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი No3967 - სსმ I, No48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2011 წლის 5 ივლისის კანონი No5034 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6989 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 1509 1 . რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი
1. რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას , დარეგისტრირდნენ,
როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე
ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.
3. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტო.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის
იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური
მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით
მიჩნეულია რელიგიად.
5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი .
6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ
მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და
მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის პირველი კარის მეორე თავით .
საქართველოს 2011 წლის 5 ივლისის კანონი No5034 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.
მუხლი 1509 2 . მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის)
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესი
1. ამ მუხლის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის
დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“
საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, კერძო
სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს, შეიძლება დარეგისტრირდეს
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. გარდაქმნის შემდეგ სუბიექტი აგრძელებს არსებობას
ახალი სამართლებრივი ფორმით.
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში ყველა პირს დაარეგისტრირებს არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირად, თუ ისინი დააკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს, მიუხედავად „ადამიანის სისხლისა
და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულებების რაოდენობის შეზღუდვისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში პირის ამ მუხლის
პირველი ნაწილის შესაბამისად ფუნქციონირების (მის მიერ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის
ლიცენზიის ფლობის) შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აწვდის საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
კომპეტენტური სამსახური.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს 2025 წლის 1 სექტემბრამდე. მისი არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირად რეგისტრაციის, გარდაქმნილი სუბიექტის ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი
საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონით საწარმოს რეორგანიზაციისთვის დადგენილი წესები იმ თავისებურებათა გათვალისწინებით,
რომლებიც საჭიროა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნებისთვის.
5. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედ სისხლის დაწესებულებას (სისხლის გადასხმის
დაწესებულებას/სისხლის ბანკს), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“
საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად კერძო
სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებდა, უფლება აქვს, 2026 წლის 1 ივნისამდე
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დარეგისტრირდეს. სისხლის დაწესებულების (სისხლის
გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) მიერ აღნიშნული საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში ამ დაწესებულების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირად რეგისტრაციის, აგრეთვე მისი ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების
მიზნებისთვის გამოიყენება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დებულებები.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი No2399 – ვებგვერდი, 27.12.2022წ .
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი No4339 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი No136 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი No1474 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.
მუხლი 1510. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი No3967 - სსმ I, No48, 22.12.2006წ., მუხ.336
მუხლი 1511. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი No1860 – სსმ I, No10(17), 01.04.1999 წ., მუხ.32
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი No3967 - სსმ I, No48, 22.12.2006წ., მუხ.336
მუხლი 1511 1 . (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი No1051 - სსმ I, No9, 17.03.2005 წ., მუხ.59
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი No3967 - სსმ I, No48, 22.12.2006წ., მუხ.336
მუხლი 1512. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვალონ გაუქმებულად 1997 წლის
25 ნოემბრიდან. მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის
208-232-ე მუხლების მიხედვით. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები ადრე შექმნილი საბინაო-სამშენებლო
კოოპერატივების წინაშე ძალაში რჩება.
მუხლი 1513. საკუთრება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე
ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური
სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე
ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
მუხლი 1513 1 . კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნა
1. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, კომლის
საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო
წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით,
გარდაცვლილია.
2. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, საკომლო
წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრის 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაცვალების
შემთხვევაში სამკვიდრო მის წილ ქონებაზე გაიხსნება, მიუხედავად იმისა, იგი კომლის ბოლო წევრი იყო თუ
არა.
3. კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის
წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 1514. უძრავი ნივთების რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში
საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება მოხდეს ტექნიკური
ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების
მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის
25 ნოემბრიდან მოხდეს მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის
(საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს
სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ
ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან
წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან.
მუხლი 1515. რეგისტრაციის მონაცემების საჯაროობის უზრუნველყოფა
საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის
დაკისრებული ფუნქციები განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა. საქართველოს
ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა
უზრუნველყონ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ
პირთათვის.
მუხლი 1516. სამოქალაქო კოდექსის სწავლება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყოს:
ა) იუსტიციის სამინისტროში ფონდების რეგისტრაციისათვის აუცილებელი ყველა ორგანიზაციული
საკითხის გადაწყვეტა;
ბ) სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული იურიდიული პირების რეგისტრაციის მონაცემების
გამოქვეყნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
გ) სამოქალაქო კოდექსის სწავლება სამართალდამცავი ორგანოებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების
სხვა ორგანოების, აგრეთვე მართლმსაჯულების ორგანოთა თანამშრომელთათვის.
მუხლი 1517. საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დანერგვის უზრუნველყოფა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა:
ა) ამ კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დასანერგად გაატაროს
სათანადო ღონისძიებები, რათა კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ საბანკო ანგარიშების გახსნა და
შეუფერხებელი ანგარიშსწორება იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისათვის, რომლებიც არ არიან იურიდიული
პირები, კერძოდ, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა;
ბ) უზრუნველყოს ფიზიკური პირების მიერ საანგარიშსწორებო თუ სხვა ანგარიშების გახსნასთან
დაკავშირებულ შეზღუდვათა გაუქმება იმ მიზნით, რომ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს
შეუფერხებლად შეეძლოს მათთვის სასურველი ანგარიშების გახსნა და ამ კოდექსით გათვალისწინებული
საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა შეუფერხებელი დადება.
მუხლი 1518. კომუნალური მომსახურების ხელშეკრულებათა დადება
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა
1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყონ ბინის მესაკუთრეებთან და სხვა მომხმარებლებთან
ხელშეკრულებების გაფორმება გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგებისა და სატელეფონო
მომსახურების შესახებ.
მუხლი 1519. ცნებათა ერთიანობის უზრუნველყოფა
სამოქალაქო კოდექსში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ადეკვატურად უნდა იქნეს გამოყენებული
ყველა სხვა სამართლებრივ აქტში.
მუხლი 1520. სამოქალაქო კოდექსის დანერგვის ორგანიზაციული საკითხები
საქართველოს პრეზიდენტმა 1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყოს:
ა) იუსტიციის საბჭოს მიერ სასამართლოში კავშირების რეგისტრაციისათვის აუცილებელი ორგანიზაციული
საკითხების გადაწყვეტა;
ბ) სამოქალაქო კოდექსის შემოღება სავალდებულო სასწავლო დისციპლინად ყველა ტიპის უმაღლეს
იურიდიულ სასწავლებელში.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 26 ივნისი.
No786-IIს
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ოფიციალური წყარო და ტექსტის რედაქცია
ოფიციალური დასახელება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
იურისდიქცია: საქართველო
ოფიციალური დოკუმენტი Matsne-ზე
მიღების თარიღი:
LIDA.ge-ზე განთავსებული ტექსტი არაოფიციალური ხელახალი გამოცემაა. ოფიციალური დოკუმენტი იხილეთ Matsne-ზე.
ამ ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ ოფიციალურ რედაქციასთან ცალკე არ არის დადასტურებული. გამოყენებამდე გადაამოწმეთ შესაბამისი რედაქცია Matsne-ზე.
