კანონმდებლობის კატალოგში დაბრუნება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი — ვალდებულებითი სამართალი
LIDA.ge-ზე ტექსტები საინფორმაციო მიზნითაა მოცემული. ნორმის გამოყენებამდე „მაცნეზე“ გადაამოწმეთ ენა, რედაქცია და სამართლებრივი სტატუსი.
ყველა მუხლი
ზოგადი დებულებები · სანივთო სამართალი · ვალდებულებითი სამართალი · ინტელექტუალური საკუთრება · საოჯახო სამართალი · მემკვიდრეობის სამართალი
წიგნი მესამე
ვალდებულებითი სამართალი
ზოგადი ნაწილი
ზოგადი დებულებანი ვალდებულებათა შესახებ
მუხლი 316. ცნება
1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების
შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
2. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს
მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
მუხლი 317. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები
1. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან
კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
2. 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების
მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას.
3. მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება,
რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული
მოქმედების შედეგად არ დადებულა.
მუხლი 318. ინფორმაციის გაცემის ვალდებულება
ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის
გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის
განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია.
ინფორმაციის გაცემის ხარჯები ვალდებულ პირს უნდა აუნაზღაუროს მისმა მიმღებმა.
კარი პირველი
სახელშეკრულებო სამართალი
ნაწილი პირველი
თავი პირველი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 319. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება
1. კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები
და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც
კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების
არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს
ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
2. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, მაშინ საქმიანობის
ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს
უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.
3. იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა
დასაკმაყოფილებლად იძენენ ან სარგებლობენ ქონებითა და მომსახურებით, დაუსაბუთებლად არ შეიძლება
ეთქვათ უარი ხელშეკრულების დადებაზე, თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თავისი სამეწარმეო
საქმიანობის ფარგლებში.
მუხლი 320. მომავალ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების ბათილობა
ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მთელი თავისი მომავალი
ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ანდა უზუფრუქტით დატვირთოს იგი, გარდა იმ შემთხვევებისა,
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
როცა ხელშეკრულება დადებულია მომავალი ქონების ცალკეულ ნივთებზე.
მუხლი 321. ხელშეკრულება ქონების გადაცემის შესახებ
ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, მთელი თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ
ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ანდა უზუფრუქტით დატვირთოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას, გარდა
იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია ამჟამინდელი ქონების ცალკეულ ნივთებზე.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321
მუხლი 322. სამკვიდრო ქონების შესახებ დადებული ხელშეკრულების ბათილობა
1. პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია.
იგივე წესი გამოიყენება პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან/და
საანდერძო დანაკისრის შესახებ ხელშეკრულებათა მიმართ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ გამოიყენება იმ ხელშეკრულების მიმართ, რომელიც იდება მომავალ
კანონით მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი მათგანის კანონით სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის
თაობაზე.
მუხლი 323. უძრავი ნივთის გასხვისების წესი
ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას
ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321
მუხლი 324. ნივთის დატვირთვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლები
თუ პირი იღებს ვალდებულებას, გაასხვისოს ან დატვირთოს თავისი ნივთი, ეს ვალდებულება ვრცელდება
ნივთის საკუთვნებელზედაც, თუკი ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 325. ვალდებულების პირობათა განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე
1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან
მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის
საფუძველზე.
2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას
იღებს სასამართლო.
მუხლი 326. სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესახებ წესების გამოყენება არასახელშეკრულებო
ვალდებულებათა მიმართ
წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო
ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
თავი მეორე
ხელშეკრულების დადება
მუხლი 327. შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე
1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ
საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით
მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
3. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება.
ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
მუხლი 328. ხელშეკრულების ფორმა
1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა
ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ
ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ
ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო
შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
მუხლი 329. ოფერტის გაკეთება
1. ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ
წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების
მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება.
2. წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული.
მუხლი 330. თანმყოფი და არათანმყოფი პირებისათვის გაკეთებული ოფერტი
1. თანმყოფი პირისათვის გაკეთებულ ოფერტზე პასუხი მაშინვე უნდა იქნეს მიღებული.
2. არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი შეიძლება მხოლოდ იმ დრომდე იქნეს მიღებული, რა
დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ, შეუძლია დაელოდოს პასუხს.
მუხლი 331. აქცეპტი
თუ ოფერენტმა აქცეპტისათვის განსაზღვრა ვადა, მაშინ აქცეპტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ
ვადაში.
მუხლი 332. დაგვიანებული აქცეპტი
თუ ოფერენტს აქცეპტი დაგვიანებით მიუვა, აქცეპტიდან კი ირკვევა, რომ იგი დროულად არის
გამოგზავნილი, აქცეპტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დაგვიანებულად, თუ ოფერენტმა მეორე მხარეს
დაუყოვნებლივ აცნობა ამის შესახებ.
მუხლი 333. ახალი ოფერტი
1. ოფერტზე დაგვიანებით გაკეთებული აქცეპტი მიიჩნევა ახალ ოფერტად.
2. როცა პასუხში გამოთქმულია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, ოღონდ სხვა პირობებით, ვიდრე ამას
ოფერტი ითვალისწინებდა, ასეთი პასუხი ჩაითვლება უარად ოფერტზე და, ამავე დროს, – ახალ
წინადადებად.
მუხლი 334. ოფერენტის თანხმობის ვარაუდი
თუ საქმიან ურთიერთობებში აქცეპტი ხორციელდება შეცვლილი პირობებით, ხელშეკრულება ჩაითვლება
დადებულად, თუკი აქცეპტანტს უფლება ჰქონდა ევარაუდა ოფერენტის თანხმობა და ეს უკანასკნელი
მაშინათვე არ განაცხადებს უარს .
მუხლი 335. დუმილი, როგორც აქცეპტის ფორმა
1. თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი
საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია
გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. იგივე წესი მოქმედებს იმ
შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ასეთ ოფერტს იმ პირისაგან, რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი
საქმეების შესასრულებლად.
2. იმ შემთხვევაშიც, თუ მეწარმე ოფერტს უარყოფს, ხოლო საქონელი უკვე გამოგზავნილია, იგი
ვალდებულია ზიანის თავიდან ასაცილებლად ოფერენტის ხარჯზე დროებით შეინახოს საქონელი ისე, რომ
ამით მას ზიანი არ მიადგეს.
მუხლი 336. (ამოღებულია)
საქართველოს 2022 წლის 29 მარტის კანონი No1456 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.
მუხლი 337. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამების განმარტება
თუ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება გაგებულ იქნეს სხვადასხვანაირად, მაშინ
უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელიც, ჩვეულებრივ, მიღებულია ხელშეკრულების დამდები მხარეების
საცხოვრებელ ადგილზე. თუკი მხარეებს სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი აქვთ, გადამწყვეტია აქცეპტანტის
საცხოვრებელი ადგილი.
მუხლი 338. ურთიერთგამომრიცხველი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამები ხელშეკრულებაში
ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა
უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს .
მუხლი 339. სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები
ხელშეკრულების მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს
მიღებული სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები.
მუხლი 340. შერეული ხელშეკრულებების განმარტება
შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა
შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან.
მუხლი 341. ვალის არსებობის აღიარება
1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის
არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა
გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ
ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
თავი მესამე
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
მუხლი 342. ცნება
1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი
გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და
რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები
წესების დადგენა.
2. თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა
ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად.
3. უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან
შედარებით.
მუხლი 343. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გადაქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად
1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და
ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა:
ა ) შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ
პირობებზე და
ბ) ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა,
მიიღოს ეს პირობები.
2. თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები
ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ, როცა მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი
გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა.
მუხლი 344. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების უჩვეულო დებულებანი
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად
უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ
ნაწილად.
მუხლი 345. ბუნდოვანი ტექსტის განმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ
თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის
სასარგებლოდ.
მუხლი 346. ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო პირობათა ბათილობა
ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ
იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე
მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს
პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა.
მუხლი 347. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობა
ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების
მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად:
ა ) დებულება, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს შეთავაზებული წინადადების მიღების ან უარყოფის,
ანდა ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან აშკარად მცირე ვადებს (წინადადების
მიღებისა და შესრულების ვადები);
ბ ) დებულება, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს მისივე ვალდებულებათა შესასრულებლად კანონით
დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან არასაკმარისად განსაზღვრულ ვადებს
(ვადები ვალდებულების დარღვევისას);
გ ) დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს გაუმართლებლად და ხელშეკრულებაში
მითითებული საფუძვლის გარეშე უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე (ხელშეკრულებაზე
უარის თქმის პირობა);
დ ) დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს შეცვალოს შეპირებული სამუშაო ან გადაუხვიოს
მას, თუ ამის შესახებ შეთანხმება მიუღებელია ხელშეკრულების მეორე მხარისათვის (ცვლილების შეტანის
პირობა);
ე ) დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს ხელშეკრულების მეორე მხარეს მოსთხოვოს
გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება (გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება).
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 348. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობის სხვა საფუძვლები
ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების
მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე მიიჩნევა ბათილად:
ა ) დებულება, რომელიც ითვალისწინებს ფასის მომატებას გაუმართლებლად მოკლე ვადებში (ფასების
მოკლევადიანი მომატება);
ბ ) დებულება, რომლითაც იზღუდება ან გამოირიცხება:
შესრულებაზე უარის უფლება, რომელიც ხელშეკრულების მხარეს ამ კანონის თანახმად აქვს,
ან
ხელშეკრულების მხარის უფლება, უარი თქვას შესრულებაზე, ვიდრე მეორე მხარეს არ შეუსრულებია
დაკისრებული ვალდებულება (შესრულებაზე უარის თქმის უფლება);
გ ) დებულება, რომლითაც ხელშეკრულების მხარეს ერთმევა უფლება, გაქვითოს უდავო ან სასამართლო
გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა (ურთიერთმოთხოვნათა ჩათვლის აკრძალვა);
დ ) დებულება, რომლითაც შემთავაზებელი თავისუფლდება კანონით გათვალისწინებული იმ
მოვალეობისაგან, რომ ხელშეკრულების მხარე გააფრთხილოს ან დაუნიშნოს მას ვადა ვალდებულების
შესასრულებლად (გაფრთხილება ვალდებულების შესრულების შესახებ; ვადის დანიშვნა);
ე ) შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული
მოთხოვნა);
ვ ) დებულება, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს პასუხისმგებლობას იმ ზიანისათვის, რაც გამოწვეულია
შემთავაზებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით ვალდებულების დარღვევის
გამო (პასუხისმგებლობა გაუფრთხილებლობის გამო);
ზ ) დებულება, რომლითაც შემთავაზებლის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევისას:
ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან ეზღუდება უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე,
ან
ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან „ვ“ ქვეპუნქტის საწინააღმდეგოდ ეზღუდება ხელშეკრულების
შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ძირითადი ვალდებულების
შესრულების დარღვევა);
თ ) დებულება, რომელიც შემთავაზებლის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევებში
ხელშეკრულების მეორე მხარეს ართმევს უფლებას, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მთლიანი
ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუკი მას დაეკარგა ინტერესი
ნაწილობრივი შესრულებისადმი (ინტერესის დაკარგვა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებისას);
ი ) დებულებები, რომლებიც, კანონით გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებით, ზღუდავენ
ახალწარმოებული საქონლის მიწოდებისა და სამუშაოების შესრულებისას შემთავაზებლის პასუხისმგებლობას
ნივთის ნაკლის გამო.
თავი მეოთხე
მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება
მუხლი 349. ცნება
მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც
კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,
ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
მუხლი 350. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების განმარტება
1. სპეციალური დათქმის არარსებობისას საქმის გარემოებებიდან, კერძოდ, ხელშეკრულების მიზნიდან უნდა
დადგინდეს:
ა ) უფლება მესამე პირმა უნდა შეიძინოს თუ არა;
ბ ) ეს უფლება მას მაშინათვე წარმოეშობა, თუ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას;
გ ) ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან თუ არა, მესამე პირის უფლება გააუქმონ ან შეცვალონ
მისი თანხმობის გარეშე.
2. მხარე, რომელმაც ხელშეკრულებაში გააკეთა დათქმა მესამე პირის სასარგებლოდ, ინარჩუნებს უფლებას,
შეცვალოს ხელშეკრულებაში მითითებული მესამე პირი, მიუხედავად კონტრაჰენტის თანხმობისა.
მუხლი 351. მესამე პირის უარი ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე
თუ მესამე პირი უარს ამბობს ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე, მაშინ კრედიტორს შეუძლია თვითონ
მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, თუ ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ
გამომდინარეობს.
თავი მეხუთე
ხელშეკრულებიდან გასვლა
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები
1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს
იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით
დაბრუნება).
2. ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ:
ა ) შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება;
ბ ) მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან
გადააკეთებს;
გ ) მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა; სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთა მხედველობაში არ
მიიღება.
3. თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სამაგიერო შესრულება, მაშინ ფულადი ანაზღაურება
შეიცვლება ამ შესრულებით.
4. ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ:
ა ) საგნის ის ნაკლი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა, ამ საგნის გადამუშავების
ან გარდაქმნის დროს აღმოჩნდა;
ბ ) საგნის გაფუჭება ან დაღუპვა კრედიტორის ბრალით მოხდა;
გ ) საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა უფლებამოსილ პირთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ისეთივე
მზრუნველობით ექცეოდა მას, როგორც საკუთარ ნივთს; ხოლო ის, რაც დარჩა, უკან უნდა დაბრუნდეს.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის 394-ე მუხლის
მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 353. მოვალის ვალდებულება საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო სარგებლის
მიუღებლობისას
1. თუ მოვალე არ იღებს სარგებელს საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო, თუმცა მას
სარგებლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ იგი ვალდებულია კრედიტორს აუნაზღაუროს სარგებლის
მიუღებლობით გამოწვეული ზიანი.
2. თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, ანაზღაურებს ფულით ან, თუ 352-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტების მიხედვით დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მაშინ მას უნდა აუნაზღაურდეს
აუცილებელი დანახარჯები. სხვა დანახარჯები უნდა ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, თუ კრედიტორმა მათ
საფუძველზე სარგებელი მიიღო.
მუხლი 354. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებათა შესრულება
ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ
ერთდროულად.
მუხლი 355. შეტყობინების ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლისას
ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
მუხლი 356. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა
თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს
ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა. ვადა უნდა იყოს გონივრული.
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება, თუ უარი ვადის გასვლამდე არ იქნება გაცხადებული.
მუხლი 357. ხელშეკრულებიდან გასვლა რამდენიმე პირის მიერ
თუ ხელშეკრულების ერთ ან მეორე მხარეზე მონაწილეობს რამდენიმე პირი, მაშინ ხელშეკრულებაზე უარის
თქმის უფლება შეიძლება განხორციელდეს იმ მხარის ყველა მონაწილის მიერ ერთად, რომელიც
ხელშეკრულებიდან გადის, მეორე მხარის ყველა მონაწილისათვის შეტყობინებით. თუ ხელშეკრულებიდან
გასვლის უფლება გაქარწყლდება ერთ-ერთი უფლებამოსილი პირისათვის, მაშინ ეს უფლება ქარწყლდება
ყველასათვის.
მუხლი 358. ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობა
დაუშვებელია ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ მოვალეს შეეძლო
გაქვითვის გზით შეესრულებინა ვალდებულება და გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ განაცხადებს
ვალდებულების გაქვითვის შესახებ.
მუხლი 359. კრედიტორის უარი ხელშეკრულებაზე
თუ ხელშეკრულება დადებულია იმ დათქმით, რომ მოვალემ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა
დაკარგოს თავისი უფლებები, თუკი იგი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ კრედიტორს ამ
შემთხვევის დადგომისას შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან.
მუხლი 360. შეცდომა მორიგების საფუძვლებში
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
1. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება
ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება
ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს
რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ.
2. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა.
კარი მეორე
ვალდებულების შესრულება
თავი პირველი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 361. ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია
1. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას .
მუხლი 362. ვალდებულების შესრულების ადგილი
თუ შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან
გამომდინარეობს, მაშინ საგნის მიწოდება შემდეგნაირად უნდა მოხდეს:
ა ) ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის შემთხვევაში – იმ ადგილას, სადაც იგი ვალდებულების
წარმოშობის მომენტისათვის იმყოფებოდა;
ბ ) გვარეობით განსაზღვრული საგნის შემთხვევაში – იმ ადგილას, სადაც იმყოფება მოვალის საწარმო; თუ
ასეთი არ არის, მაშინ – მისი საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
მუხლი 363. მოვალის ან კრედიტორის ადგილსამყოფლის შეცვლა
1. თუ ვალდებულების შესრულების წინ იცვლება მოვალის საცხოვრებელი ადგილი ან საწარმოს
ადგილსამყოფელი და კრედიტორს ამის გამო წარმოეშობა დამატებითი ხარჯები, მოვალემ ეს ხარჯები უნდა
აუნაზღაუროს კრედიტორს.
2. თუ ვალდებულების შესრულებამდე იცვლება კრედიტორის საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული
მისამართი და ამის გამო იზრდება ხარჯები ან საფრთხე ექმნება შესრულებას, მაშინ კრედიტორს ეკისრება
როგორც გაზრდილი ხარჯების ანაზღაურება, ასევე საგნის გადაცემის მოსალოდნელი საფრთხის რისკიც.
მუხლი 364. ვალდებულების შესრულება ვადამდე
მოვალეს უფლება აქვს ვადამდე შეასრულოს ვალდებულება, თუკი პატივსადები მიზეზით კრედიტორი
უარს არ იტყვის შესრულების მიღებაზე.
მუხლი 365. ვალდებულების შესრულება შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არარსებობისას
თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ
ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია
იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
მუხლი 366. ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნის დაუშვებლობა
თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების
მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე.
მუხლი 367. ვალდებულების შესრულების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება
თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს
შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული
უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა.
მუხლი 368. ვალდებულების შესრულება პირობითი გარიგების არსებობისას
თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება
შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება.
მუხლი 369. უარი ვალდებულების შესრულებაზე
იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი
თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
მუხლი 370. სამომხმარებლო კრედიტი
1. სამომხმარებლო კრედიტის დროს კრედიტის მიმღებს შეუძლია უარი თქვას კრედიტის დაბრუნებაზე, თუ
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ამ კრედიტთან დაკავშირებული სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი გამყიდველის
მიმართ მას მიანიჭებდა თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას.
2. ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის ურთიერთდაკავშირებულ
გარიგებას, თუ კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის დაფინანსებას და ორივე ხელშეკრულება განიხილება
როგორც ეკონომიკური ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობად ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი
საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებდა.
მუხლი 371. ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიერ
1. თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ
პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.
2. კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის
წინააღმდეგია.
მუხლი 372. კრედიტორის დაკმაყოფილება მესამე პირის მიერ
თუ კრედიტორი მიმართავს იძულებით აღსრულებას მოვალის კუთვნილ ნივთზე, მაშინ ყოველი პირი,
რომელსაც ექმნება საფრთხე, რომ იძულებითი აღსრულებით შეიძლება დაკარგოს უფლება ამ ნივთზე,
უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი. როცა მესამე პირი დააკმაყოფილებს კრედიტორს, მაშინ
მოთხოვნის უფლება გადადის ამ პირზე.
მუხლი 373. ვალდებულების შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ
1. მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან
სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება.
2. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება
ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო
სარგებელი .
მუხლი 374. ალტერნატიული ვალდებულებანი
თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი (ალტერნატიული ვალდებულებანი),
არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუკი ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ
გამომდინარეობს.
მუხლი 375. შესასრულებელ ვალდებულებათა არჩევა
თუ აღმოჩნდა, რომ მოვალეს ორი შესასრულებლიდან შეუძლია უარი თქვას ერთ-ერთზე, მაშინ ძალაში
რჩება მეორე მოქმედების შესრულების ვალდებულება.
მუხლი 376. ალტერნატიულ ვალდებულებათა არჩევის წესი
374-ე მუხლის მიხედვით არჩევა ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის წინაშე განცხადებით ან
შესრულების განხორციელებით. არჩეული ვალდებულება მიიჩნევა დასაწყისიდანვე შესასრულებელ
ვალდებულებად.
მუხლი 377. ორზე მეტი შესასრულებელი ვალდებულების არჩევა
374 – 376-ე მუხლების წესები გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როცა ვალდებულების არჩევის საგანს შეადგენს
ორზე მეტი შესრულება.
მუხლი 378. ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება
მოვალეს უფლება აქვს ვალდებულება შეასრულოს ნაწილ-ნაწილ (ვალდებულების ნაწილობრივი
შესრულება), თუკი კრედიტორი ამაზე თანახმაა.
მუხლი 379. კრედიტორის უფლება სხვა შესრულების მიღებაზე
კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო
გათვალისწინებული. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა.
მუხლი 380. ვალდებულების შესრულების ხარისხი
თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე
ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.
მუხლი 381. ვალდებულების შესრულება ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის არსებობისას
თუ ხელშეკრულების საგანია ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, კრედიტორი არ არის ვალდებული
მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების მქონე.
მუხლი 382. ვალდებულების შესრულება გვაროვნული ნივთის არსებობისას
თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული ნივთი), მოვალემ ვალდებულება
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ყოველთვის უნდა შეასრულოს.
თავი მეორე
ფულადი ვალდებულების შესრულება
მუხლი 383. ცნება
ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება
დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
მუხლი 384. (ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 385. ვალდებულების გარეშე გადახდილის გამოთხოვის წესი
ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების
მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
მუხლი 386. ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი
1. შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის
ადგილსამყოფლის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით.
2. თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში,
სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი
ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.
მუხლი 387. ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა
1. თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის
მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ
დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ
ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.
2. თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის
მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა.
3. თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად
არის უზრუნველყოფილი.
მუხლი 388. სასამართლო ხარჯების დაფარვის პრიორიტეტი
მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად,
თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს –
პროცენტები.
მუხლი 389. ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას
თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა,
მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.
ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის
შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
თავი მესამე
კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება
მუხლი 390. ცნება
1. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ
შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია.
2. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად
ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.
მუხლი 391. კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების
მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო.
მუხლი 392. მოვალის პასუხისმგებლობა კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას
კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მოვალე მხოლოდ მაშინ არის პასუხისმგებელი ვალდებულების
შეუსრულებლობისათვის, თუკი შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში
გაუფრთხილებლობის გამო.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 393. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების შედეგები
კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად:
ა ) იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი
ზედმეტი ხარჯები;
ბ ) მას ეკისრება ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან დაღუპვის რისკი;
გ ) მას აღარა აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება.
კარი მესამე
ვალდებულების დარღვევა
თავი პირველი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 394. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისას
1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული
ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა
ვალდებულების დარღვევისათვის.
2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების
შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ
კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა
არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით
ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას.
მუხლი 395. ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან განთავისუფლების შესახებ წინასწარი შეთანხმების
დაუშვებლობა
1. მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით
მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ
არ გამომდინარეობს.
2. დაუშვებელია მხარეთა წინასწარი შეთანხმება მოვალის მიერ განზრახი მოქმედებით ვალდებულების
დარღვევისას ზიანის ანაზღაურებისაგან მისი განთავისუფლების შესახებ.
მუხლი 396. მოვალის პასუხისმგებლობა მისი წარმომადგენლის მოქმედებისათვის
მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს
საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი
ბრალეული მოქმედების დროს.
მუხლი 397. მოვალის პასუხისმგებლობა შესრულების საგნის სხვა პირისაგან მიღებისას
მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა
მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
მუხლი 398. ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების
შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს
ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება
შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით,
ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი
გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი
შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება,
მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მუხლი 399. უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე
1. ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას
გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის
დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების,
მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის
დაწესებული ვადის გასვლამდე.
2. თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია
მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო
გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი .
3. უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც
მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.
4. თუ უკვე შესრულებული აღარ წარმოადგენს უფლებამოსილი პირისათვის რაიმე ინტერესს
ხელშეკრულების მოშლის შედეგად, მაშინ ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ამ შესრულებაზედაც
გავრცელდეს. უკვე შესრულებულის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გამოიყენება შესაბამისად 352 – 354-ე
მუხლები .
5. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 407-ე მუხლი .
თავი მეორე
მოვალის მიერ ვადის გადაცილება
მუხლი 400. ცნება
მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა ) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს
ვალდებულებას.
მუხლი 401. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა
ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც
მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
მუხლი 402. მოვალის პასუხისმგებლობა
მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს
აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების
დროული შესრულების დროსაც.
მუხლი 403. პროცენტის გადახდა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას
1. მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული
დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა
საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
2. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია
მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში .
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 404. კრედიტორის უფლება ზიანის ანაზღაურებაზე
კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
თავი მესამე
ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს
მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას
1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,
მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების
შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ
ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი
ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ
კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების
დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა ) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა
ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით,
გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
3. ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ:
ა ) ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა;
ბ ) დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება
მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;
გ ) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის
პასუხისმგებელი;
დ ) მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ
წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.
4. კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ
აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.
5. მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვადა.
მუხლი 406. საპასუხო შესრულების მიღების უფლება
1. თუ ორმხრივ ხელშეკრულებაში მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას მისთვის დაკისრებულ
ვალდებულებაზე, ხოლო გარემოება, რომელიც მას აძლევს ამის უფლებას, გამოწვეულია კრედიტორის
ბრალით, მაშინ იგი ინარჩუნებს საპასუხო შესრულების მიღების უფლებას.
2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ საპასუხო შესრულების საფუძველი იმ დროს დადგა, როცა კრედიტორი
აყოვნებდა შესრულების მიღებას.
მუხლი 407. ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებიდან გასვლისას
1. ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას
მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
2. ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის
გამოწვეული.
კარი მეოთხე
ზიანის ანაზღაურების მოვალეობა
მუხლი 408. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა
1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც
იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
2. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა
შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა
აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
3. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს
მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.
4. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო
მნიშვნელოვანი საფუძველი.
მუხლი 409. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა
თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა
არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მუხლი 410. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა
ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა
დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი No2284 - სსმ I, No45, 21.12.2009წ., მუხ.329
მუხლი 411. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის
ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ
მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც
იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მუხლი 412. ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და
წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მუხლი 413. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის
1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით
ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. #
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია
მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც .
მუხლი 414. ზიანის ოდენობის განსაზღვრა
ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა
ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა
იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
მუხლი 415. დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში
1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის
ბრალით არის ზიანი გამოწვეული.
2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან
აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
კარი მეხუთე
მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი
მუხლი 416. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებათა სახეები
მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ
დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
თავი პირველი
პირგასამტეხლო
მუხლი 417. ცნება
პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს
ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მუხლი 418. პირგასამტეხლოს განსაზღვრის ფორმა
1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება
აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
1 1 . „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის ან საბოლოო ურთიერთგაქვითვის განხორციელების შედეგად
გამოთვლილი მხარის ნეტვალდებულება არ არის პირგასამტეხლო ან სხვა, მსგავსი შინაარსის საჯარიმო
სანქცია და არ უნდა იქნეს მიჩნეული პირგასამტეხლოდ ან სხვა, მსგავსი შინაარსის საჯარიმო სანქციად.
2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი No239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი No5674 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 419. პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების შესრულების ერთდროულად მოთხოვნის
დაუშვებლობა
1. კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების
შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის
ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
2. კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 420. პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ
სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი
პირგასამტეხლო.
თავი მეორე
ბე
მუხლი 421. ცნება
ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით
დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 422. ბეს ჩათვლა გადასახადის ანგარიშში
ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო, თუ არ ჩაითვლება, –
ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს.
მუხლი 423. ბეს ჩათვლა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში
1. თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს.
ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.
2. თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან
უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
თავი მესამე
მოვალის გარანტია
მუხლი 424. ცნება
მოვალის გარანტიად ითვლება, როცა მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი
მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს.
მუხლი 425. გარანტიის ნამდვილობა
გარანტია ნამდვილად ჩაითვლება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ წესებს, ან
ზედმეტად არ ავალდებულებს მოვალეს.
მუხლი 426. გარანტიის ფორმა
გარანტია უნდა გაფორმდეს წერილობით.
კარი მეექვსე
ვალდებულების შეწყვეტა
თავი პირველი
ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით
მუხლი 427. ვალდებულების შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით
ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით
(შესრულება).
მუხლი 428. ვალდებულების შეწყვეტა სხვა შესრულების მიღებით
ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით
გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი No1902 – სსმ I, No4, 22.01.2003 წ., მუხ.20
მუხლი 429. ვალდებულების შესრულების მიღება
1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა
გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ,
გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია.
3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის
გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა
ნაწილიც .
მუხლი 430. შესრულების მიღების დოკუმენტების რეკვიზიტები
კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე
უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და
სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.
მუხლი 431. სავალო საბუთის მოთხოვნის უფლება
თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან
ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება. თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ
საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე,
რომ ვალდებულება შეწყვეტილია.
მუხლი 432. შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
1. მოვალეს ეკისრება შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემის ხარჯები, თუ მასა და კრედიტორს შორის
შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ კრედიტორი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან გარდაიცვლება და დატოვებს მემკვიდრეებს სხვა
საცხოვრებელ ადგილას, მაშინ შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული გაზრდილი
ხარჯები ეკისრებათ კრედიტორს ან მის მემკვიდრეებს.
მუხლი 433. უარი შესრულებაზე კრედიტორის მიერ თავის მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო
თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის
დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის
აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას
შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.
თავი მეორე
ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით
მუხლი 434. ცნება
1. თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე
უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი
ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.
2. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.
მუხლი 435. დეპონირებული ქონების გადაცემა კრედიტორისათვის
დეპონირებული ქონება მოსამართლემ ან ნოტარიუსმა უნდა გადასცეს კრედიტორს. სასამართლო ან
ნოტარიუსი შეარჩევს შემნახველს, დოკუმენტები კი მათთან რჩება.
მუხლი 436. დეპონირებაუნარიანი საგნები
საგანი უნდა იყოს შესანახად ვარგისი. მალფუჭებადი საგნები შესანახად არ მიიღება.
მუხლი 437. შენახვის ადგილი
შენახვა უნდა მოხდეს შესრულების ადგილის მიხედვით.
მუხლი 438. კრედიტორისაგან საგნის მიღების მოთხოვნა
შესრულების საგნის შესანახად მიღების შესახებ სასამართლო ან ნოტარიუსი ატყობინებს კრედიტორს და
მოითხოვს მისგან საგნის მიღებას.
მუხლი 439. შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
შენახვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება კრედიტორს.
მუხლი 440. შენახული საგნის უკან გამოთხოვა მოვალის მიერ
1. მოვალეს უფლება აქვს შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე უკანვე მოითხოვოს, თუ მან
თავიდანვე უარი არ თქვა უკან დაბრუნებაზე. თუ მოვალე უკან ითხოვს საგანს, მაშინ ითვლება, რომ შენახვა არ
შემდგარა.
2. მოვალეს შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი უარს ამბობს მასზე, ან თუ
გავიდა 441-ე მუხლით განსაზღვრული ვადა .
3. თუ მოვალე საგანს უკან იბრუნებს, მაშინ შენახვის ხარჯებიც მასვე ეკისრება.
მუხლი 441. შესრულების საგნის შენახვის ვადა
სასამართლო ან ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ წლამდე ვადით. თუ ამ ვადის განმავლობაში
კრედიტორი არ მიიღებს საგანს, ამის შესახებ ეცნობება მოვალეს და მოეთხოვება ჩაბარებული საგნის უკან
დაბრუნება. თუ დაბრუნებისათვის საჭირო ვადის განმავლობაში მოვალე არ მიიღებს საგანს, მაშინ იგი
ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად.
თავი მესამე
ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით
მუხლი 442. ვალდებულებათა გაქვითვის შესაძლებლობა
1. ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ
მოთხოვნათა შესრულების ვადა.
2. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ
არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა
ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 442 1 . ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა
ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში დადებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან
გამომდინარე ორმხრივი ვალდებულებები შეიძლება შესრულდეს ურთიერთგაქვითვით ან/და საბოლოო
ურთიერთგაქვითვით, რაც რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების
შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი No5674 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 443. გაქვითვის შესაძლებლობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას
მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას, თუ მოთხოვნა იმ დროისათვის არ
იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.
მუხლი 444. გასაქვითი მოთხოვნები
თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის
მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.
მუხლი 445. რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა
1. თუ ხელშეკრულების იმ მხარეს, რომელსაც ეცნობა გაქვითვის შესახებ, აქვს რამდენიმე გასაქვითი
მოთხოვნა, მაშინ გამოიყენება 387-ე მუხლის წესები .
2. თუ მხარეს მეორე მხარის წინაშე, ძირითადი ვალდებულების გარდა, ეკისრება პროცენტებისა და სხვა
ხარჯების გადახდაც, მაშინ გამოიყენება 388-ე მუხლის წესები .
მუხლი 446. ვალდებულებათა გაქვითვა შესრულების სხვადასხვა ადგილის არსებობისას
ვალდებულებათა გაქვითვა დასაშვებია მაშინაც, როცა მოთხოვნებისათვის გათვალისწინებულია
შესრულების სხვადასხვა ადგილი.
მუხლი 447. მოთხოვნათა გაქვითვის დაუშვებლობა
მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია:
ა ) თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული;
ბ ) თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან ვალდებულების საგანს შეადგენს
სარჩო;
გ ) თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია
ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით;
დ ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
თავი მეოთხე
ვალდებულების შეწყვეტა ვალის პატიებით
მუხლი 448. ცნება
ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.
მუხლი 449. ვალის პატიების შედეგები სხვა სოლიდარული მოვალეებისათვის
ვალის პატიება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის ათავისუფლებს სხვა სოლიდარულ მოვალეებსაც,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კრედიტორი მათ მიმართ მოთხოვნას იტოვებს. ამ შემთხვევაში კრედიტორს
შეუძლია დარჩენილი სოლიდარული მოვალეების მიმართ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გამოიყენოს
განთავისუფლებული მოვალის წილის გამოკლებით.
მუხლი 450. ძირითადი მოვალისათვის ვალის პატიების შედეგები
1. ვალის პატიება ძირითადი მოვალისათვის ათავისუფლებს თავდებ პირებსაც.
2. თავდების განთავისუფლება ვალის გადახდისაგან არ ათავისუფლებს ძირითად მოვალეს ვალდებულების
შესრულებისაგან.
3. ერთ-ერთი თავდების განთავისუფლება ვალის გადახდისაგან ათავისუფლებს სხვა თავდებ პირებსაც.
მუხლი 451. ორმხრივ ხელშეკრულებებში მოთხოვნაზე უარის თქმის შედეგები
ორმხრივ ხელშეკრულებებში ერთ-ერთი მხარის მიერ თავის მოთხოვნაზე უარის თქმა არ იწვევს
ვალდებულების შეწყვეტას. იგი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი
მოვალეობანი, ვიდრე მეორე მხარესაც არ უთქვამს უარი თავის მოთხოვნაზე.
თავი მეხუთე
ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება
1. ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიუხედავად, ვალდებულებითი ურთიერთობა არ შეწყდება, თუ
ვალდებულება სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს და ემიტენტი აღნიშნულ ფასიან ქაღალდს
შეიძენს. ემიტენტის მიერ საკუთარი სასესხო ფასიანი ქაღალდის ფლობისას ვალდებულებითი ურთიერთობა
შეწყდება, თუ ამ ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა გავიდა ან ემიტენტმა მიიღო გადაწყვეტილება
ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდის შემთხვევაში ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ემიტენტის გადაწყვეტილება
ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ასახვის
მომენტიდან.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე
უფლებების განხორციელების მიზნებისთვის ემიტენტის მფლობელობაში არსებული სასესხო ფასიანი
ქაღალდი არ გაითვალისწინება, ხოლო პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება პროცენტის გადაუხდელად.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი No3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 453. ვალდებულების შეწყვეტა მოვალის გარდაცვალების გამო
1. მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი
მონაწილეობის გარეშე.
2. კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო
პირადად კრედიტორისათვის.
მუხლი 454. ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო
იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.
კარი მეშვიდე
კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში
თავი პირველი
სოლიდარული კრედიტორები
მუხლი 455. სოლიდარული უფლებამოსილება
თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს
შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს,
მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს – სოლიდარულ კრედიტორებს.
მუხლი 456. სოლიდარული უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლები
სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის
განუყოფლობით.
მუხლი 457. ვალდებულების შესრულება ნებისმიერი კრედიტორის წინაშე
მოვალეს შეუძლია თავისი სურვილისამებრ ვალდებულება შეასრულოს ნებისმიერი კრედიტორის წინაშე,
თუკი ერთ-ერთ კრედიტორს მისთვის არ წაუყენებია შესაგებელი 455-ე მუხლით გათვალისწინებული
მოთხოვნით.
მუხლი 458. ვალდებულების შესრულება ერთ-ერთი კრედიტორისათვის
ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს
მოვალეს დანარჩენი კრედიტორების წინაშე ვალდებულებისაგან.
მუხლი 459. ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის უარის თქმის შედეგები
თუ ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორი უარს იტყვის მოვალის წინაშე მოთხოვნაზე, მაშინ მოვალე
თავისუფლდება მხოლოდ იმ ნაწილის გადახდისაგან, რომელიც მოცემულ კრედიტორს ერგებოდა.
მუხლი 460. სხვა კრედიტორთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების დაუშვებლობა
მოვალეს არ შეუძლია ერთ-ერთი კრედიტორის მიმართ გამოიყენოს ისეთი ფაქტები, რომლებიც სხვა
კრედიტორთანაა დაკავშირებული.
მუხლი 461. სოლიდარული კრედიტორის მემკვიდრეთა უფლებები
თუ სოლიდარულ კრედიტორს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, მაშინ თითოეულ მემკვიდრეზე გადადის ვალზე
უფლების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მის სამკვიდრო წილს შეესაბამება.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 462. სოლიდარული კრედიტორის მოვალეობა დანარჩენი სოლიდარული კრედიტორების წინაშე
1. სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო შესრულება, მოვალეა
გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი კუთვნილი წილი.
2. სოლიდარულ კრედიტორებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის სხვა
რამ არ არის დადგენილი.
თავი მეორე
სოლიდარული მოვალეები
მუხლი 463. სოლიდარული ვალდებულება
თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს
მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს
აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ
მოვალეებს.
მუხლი 464. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები
სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის
განუყოფლობით.
მუხლი 465. კრედიტორის უფლება, მოითხოვოს შესრულება ნებისმიერი მოვალისაგან
კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც
მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების
ვალდებულება ძალაში რჩება.
მუხლი 466. სოლიდარული მოვალის შესაგებელი კრედიტორის მიმართ
სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია კრედიტორს წარუდგინოს ყველა ისეთი შესაგებელი, რომლებიც
ვალდებულების არსიდან გამომდინარეობენ, ან რომლის უფლებაც მარტო მას აქვს, ან იგი საერთოა ყველა
სოლიდარული მოვალისათვის.
მუხლი 467. ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულების შედეგები
ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან
დანარჩენ მოვალეებს. იგივე წესი მოქმედებს კრედიტორთან მოვალის მიერ განხორციელებული გაქვითვის
მიმართ.
მუხლი 468. სხვა სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების დაუშვებლობა
ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ
პირის მიმართ, თუ ვალდებულებითი ურთიერთობიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
მუხლი 469. სარჩელი ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის წინააღმდეგ
სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას შეიტანოს
სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.
მუხლი 470. შესრულების მიღების დაყოვნების შედეგები
1. კრედიტორის მიერ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისაგან შესრულების მიღების დაყოვნების შედეგები
ძალაშია დანარჩენი სოლიდარული მოვალეების მიმართაც.
2. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ შესრულების ვადის დაყოვნების შედეგები არ შეიძლება
გამოყენებულ იქნეს დანარჩენი სოლიდარული მოვალეების მიმართაც.
მუხლი 471. სოლიდარული მოვალის მემკვიდრეთა უფლებები
თუ ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, მაშინ თითოეული მათგანი ვალდებულია
შეასრულოს მოთხოვნა თავ-თავისი სამკვიდრო წილის შესაბამისად. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა
მოთხოვნა განუყოფადია.
მუხლი 472. კრედიტორის მოთხოვნის გაერთიანება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის ვალთან
თუ კრედიტორის მოთხოვნა ერთიანდება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის ვალთან, მაშინ დანარჩენ
მოვალეთა მიმართ ვალდებულება წყდება იმ ოდენობით, რაც ამ მოვალის წილზე მოდიოდა.
მუხლი 473. უკუმოთხოვნის უფლება ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულებისას
1. მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ
მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი
ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. როდესაც შეუძლებელია მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრა, ისინი ერთმანეთის წინაშე
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
პასუხს აგებენ თანაბარი წილით.
მუხლი 474. სოლიდარული მოვალის ვალაუვალობის შედეგები
თუ ერთ-ერთი მოვალეთაგანი ვალაუვალი აღმოჩნდება, მაშინ მისთვის განსაზღვრული წილი
თანაზომიერად ნაწილდება ყველა სხვა გადახდისუნარიან მოვალეს შორის.
მუხლი 475. სოლიდარული მოვალის კომპენსაცია
თუ სოლიდარულმა მოვალემ მიიღო სარგებელი სოლიდარული ვალდებულებიდან, მაშინ იმ სოლიდარულ
მოვალეს, რომელსაც ასეთი სარგებელი არ მიუღია, შეუძლია მოსთხოვოს მას დაკმაყოფილება თავისი
ვალდებულების შესასრულებლად.
მუხლი 476. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგები
ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას ან შეწყვეტას არა აქვს ძალა
სხვა მოვალეთა მიმართ.
კერძო ნაწილი
კარი პირველი
სახელშეკრულებო სამართალი
ნაწილი მეორე
თავი პირველი
ნასყიდობა. გაცვლა
I.ზოგადი დებულებანი
მუხლი 477. ცნება. შინაარსი
1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე,
მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
3. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი
განსაზღვრის საშუალებებზე.
მუხლი 478. მოძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები
გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის
ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის
მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები – მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 479. უძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები
მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების,
საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა
შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321
მუხლი 480. გამყიდველის მოვალეობანი საქონლის გაგზავნისას
1. თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს საქონელს და ეს საქონელი არც ამოსაცნობი
ნიშნით, არც გადაზიდვისათვის საჭირო საბუთებით და არც სხვა რაიმე საშუალებით არ არის გამოკვეთილად
აღნიშნული, მაშინ გამყიდველმა უნდა შეატყობინოს მყიდველს საქონლის გადაგზავნის თაობაზე და,
ამასთანავე, გაუგზავნოს ტვირთის დაწვრილებითი ჩამონათვალი.
2. თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს ხელშეკრულებები, რომლებიც
აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული
პირობებისათვის.
3. თუ გამყიდველი არ არის ვალდებული დააზღვიოს ტვირთი ტრანსპორტირებისას, მაშინ მან მყიდველის
თხოვნით უნდა გადასცეს მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაზღვევის
ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისათვის.
მუხლი 481. მიწის ნაკვეთის გამყიდველის ვალდებულებანი
1. მიწის ნაკვეთის გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ამ ნაკვეთის ათვისებისა და მსგავსი
ღონისძიებების გატარებისათვის ხელშეკრულების დადებამდე გაწეული ხარჯები, მიუხედავად გადახდის
ვალდებულების წარმოშობის მომენტისა.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
2. (ამოღებულია - 11.05.2007, No4744) .
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158
მუხლი 482. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა
1. გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან
გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
2. თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს
ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი
გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის
შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 483. საქონლის მიღების ვარაუდი
საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის
მიღებას.
მუხლი 484. ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი
1. ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ
ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე
თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.
2. უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.
მუხლი 485. საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის
თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს,
რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ –
მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.
მუხლი 486. გაყიდული საქონლის მიწოდება ნაწილ-ნაწილ
გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ ერთი მხარის მიერ მიწოდების მხოლოდ ერთი
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა რეალური საშიშროება იმისა, რომ მომავალი მიწოდების
ვალდებულებებიც არ შესრულდება, მაშინ მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მუხლი 487. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა
გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.
მუხლი 488. ნივთობრივად უნაკლო ნივთი
1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ
შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე
რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით
გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
მუხლი 489. უფლებრივად უნაკლო ნივთი
1. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი
უფლებების გამო.
2. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება.
მუხლი 490. გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას
1. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება
გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
2. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის,
ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები.
3. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს
მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.
4. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია
მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.
მუხლი 491. მყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის უფლება
1. მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.
2. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები.
მუხლი 492. ფასის შემცირების მოთხოვნა
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის
საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის
შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების
დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
მუხლი 493. უარის უფლება საქონლის მიღებაზე
1. მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე
ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ
საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად.
2. თუ საქონლის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს, მაშინ მყიდველს შეუძლია
მიიღოს ეს რაოდენობა და მოვალეა გადაიხადოს სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად, ან მიიღოს
მხოლოდ ის რაოდენობა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკანვე
გამყიდველის ხარჯზე.
მუხლი 494. ნასყიდობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების წესი
1. ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი
ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.
2. მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან
იცოდა ამის შესახებ.
მუხლი 495. ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ
1. თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის
აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის
ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის
უფლება.
2. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით
გათვალისწინებულ უფლებას.
მუხლი 496. ნივთის ვარგისიანობის ვადა
თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის
განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.
მუხლი 497. გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვა
ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე
ნივთის გაყიდვისას, მაგრამ ასეთი შეთანხმება ბათილი იქნება, თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის
ნაკლის შესახებ.
მუხლი 498. უფლების ან სხვა ქონების გადასვლა
1. ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების
ნასყიდობის მიმართაც.
2. უფლების გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველი კისრულობს ამ უფლების ნამდვილობის დასაბუთებასა და
გადაცემის ხარჯებს.
3. თუ გაყიდულია უფლება, რომელიც იძლევა ნივთის ფლობის შესაძლებლობას, მაშინ გამყიდველი
ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.
მუხლი 499. ნივთის გაყიდვა რამდენჯერმე
თუ ნივთი რამდენჯერმე იყიდება, ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება გადაეცემა ყოველ მომდევნო
მყიდველს. მყიდველს შეუძლია თავისი უფლებების ფარგლებში მოთხოვნები წარუდგინოს შესაბამის
გამყიდველს ნასყიდობათა ამ რიგში.
მუხლი 500. ნივთის დაკავების უფლება
თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის ფასს, გამყიდველი
ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე
მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.
მუხლი 501. ნივთის უკან დაბრუნება მყიდველის მიერ
თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, მაგრამ სურს მართლზომიერად მისი უკან დაბრუნება, მან უნდა იზრუნოს
ნივთის შენახვისათვის; მყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი მანამდე, ვიდრე გამყიდველი არ
აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.
მუხლი 502. ნივთის შენახვის ხარჯები
მხარეს, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი, შეუძლია მეორე მხარის ხარჯზე ნივთი შეინახოს მესამე
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
პირის საწყობში, თუ აქედან არ წარმოიშობა არათანაზომიერი ხარჯები.
მუხლი 503. ნივთის შემნახველის უფლება
1. მხარეს, რომელიც მე-500–502-ე მუხლებში აღნიშნული წესების მიხედვით ინახავს ნივთს, შეუძლია
გაყიდოს ეს ნივთი სათანადო წესების დაცვით, თუ მეორე მხარე აყოვნებს ნივთის მიღებას ან შენახვის
ხარჯების ანაზღაურებას, ამის შესახებ მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს.
2. მხარე, რომელიც ნივთს ყიდის, უფლებამოსილია ნავაჭრიდან დაიტოვოს თანხა, რომელიც შეესაბამება
ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯებს; დარჩენილი თანხა კი უნდა გადასცეს მეორე მხარეს.
მუხლი 504. მალფუჭებადი ნივთის შენახვის თავისებურებანი
თუ მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნივთი მალფუჭებადია, ან მას
გაუფასურება მოელის, ანდა მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მხარე, რომელსაც ეკისრება
ნივთის შენახვა, ვალდებულია იგი გაყიდოს 503-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
II. ნასყიდობა გადახდის განვადებით
მუხლი 505. ცნება
განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე.
ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.
მუხლი 505 1 . გამყიდველის ვალდებულება განვადებით ნასყიდობისას
1. თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე
მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან
და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
2. განვადებით ნასყიდობისას, თუ განვადებით ნასყიდობის შედეგად მყიდველის ჯამური ვალდებულებები
ამავე გამყიდველის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს არ აღემატება, გამყიდველის მიერ 200 000 (ორასი ათას)
ლარამდე ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან
ინდექსირებული.
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი No239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი No4104 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
მუხლი 506. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა
1. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს:
ა ) ნაღდი გადახდის ოდენობა;
ბ ) ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო;
გ ) წლიური პროცენტის ოდენობა.
3. გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთების ასლი.
მუხლი 507. ნივთის გადაცემის მომენტიდან ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია
თუ ხელშეკრულება დადებულია 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება
დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია
გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტების გარეშე.
მუხლი 508. ორმხრივი რესტიტუცია ვალდებულების შეუსრულებლობისას
თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი
არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს
ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.
III. გამოსყიდვა
მუხლი 509. ცნება
თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება
დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.
მუხლი 510. გამოსყიდვის ფასი
გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც,
რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად,
ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის
ღირებულება მის გამოსყიდვამდე.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 511. საკუთვნებლის ბედი ნასყიდობისას
მყიდველი ვალდებულია ნაყიდი ნივთი დააუბრუნოს საკუთვნებელთან ერთად.
მუხლი 512. გამოსყიდვამდე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა,
მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.
მუხლი 513. გამოსყიდვამდე ნივთის გასხვისების ბათილობა
თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება
ბათილია.
მუხლი 514. გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობა
გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი No5445 – ვებგვერდი, 20.12.2011წ.
მუხლი 515. ოფცია
მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს
განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე (შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში,
გამყიდველს უფლება აქვს საგანი მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია). ოფციის ხელშეკრულების მიმართ
გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
IV. უპირატესი შესყიდვის უფლება
მუხლი 516. ცნება
1. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული
პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას.
2. უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა და არც მემკვიდრეობით გადადის, თუ სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 517. ნივთის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ შეტყობინების მოვალეობა
1. ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ
ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან.
2. უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული პირისათვის შეტყობინებით. შეტყობინების
მეშვეობით უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება იმ
პირობებით, რომლებიც ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა.
3. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება მხოლოდ
ვალდებული პირის მიერ დადგენილ ვადაში.
მუხლი 518. უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე შეთანხმების ბათილობა
ვალდებულ პირსა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმება ბათილია, თუ ამით ნასყიდობის
ხელშეკრულება დამოკიდებული ხდება უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე, ან ვალდებულ
პირს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუკი გამოყენებული იქნება უპირატესი შესყიდვის უფლება.
მუხლი 519. დამატებითი ვალდებულების შესრულება
1. თუ მესამე პირმა ხელშეკრულებით იკისრა დამატებითი ვალდებულება, რომლის შესრულების
შესაძლებლობაც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს არა აქვს, მაშინ მან დამატებითი ვალდებულების
ნაცვლად უნდა გადაიხადოს მისი ღირებულება.
2. თუ შეუძლებელია დამატებითი ვალდებულების ფულადი შეფასება, მაშინ უპირატესი შესყიდვის
უფლების გამოყენება დაუშვებელია; დამატებითი ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ძალას კარგავს, თუ
ხელშეკრულება დაიდო უპირატესი შესყიდვის უფლებისათვის გვერდის ასახვევად.
მუხლი 520. ნასყიდობა ნივთის მოწონების პირობით
ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს, თუ მყიდველი შეთანხმებულ
ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის,
რაც ხელშეკრულებით მიიღეს.
V. გაცვლა
მუხლი 521. ცნება
1. გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა.
2. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის
მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 522. გასაცვლელი ქონების არატოლფასოვნება
თუ გასაცვლელი ქონება არატოლფასოვანია, მხარეთა შეთანხმებით ქონების ნაწილი შეიძლება
ანაზღაურდეს ფულით.
მუხლი 523. გაცვლის მიმართ გამოყენებული წესები
გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები.
თავი მეორე
ჩუქება
მუხლი 524. ცნება
ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი
თანხმობით.
მუხლი 525. ჩუქების ხელშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება
1. მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.
2. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული
საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა
დადებული .
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321
მუხლი 526. ჩუქების დაუშვებლობა
პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის
კმაყოფაზე მყოფ პირებს.
მუხლი 527. გაჩუქებული ქონების ნაკლი
თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია
დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.
მუხლი 528. შეწირულობა
1. მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ
პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც
(შეწირულობა).
2. პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია მოითხოვოს იმ პირმაც, ვის ინტერესებშიც იგი იქნა
დათქმული.
3. თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მუხლი 529. ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო
1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას
გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.
3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ
გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
მუხლი 530. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა
1. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის
კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს
უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
2. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
თავი მესამე
ქირავნობა
მუხლი 531. ცნება
ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი
განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
მუხლი 532. ქირავნობის ნივთის გადაცემა ვარგის მდგომარეობაში
გამქირავებელი მოვალეა გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის
განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა.
მუხლი 533. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა
გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი.
მუხლი 534. უფლებრივად უნაკლო ნივთი
გაქირავებული ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს დამქირავებელს
მოთხოვნები ამ ნივთის გამო.
მუხლი 535. ნივთობრივად უნაკლო ნივთი
გაქირავებული ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ მას აქვს დათქმული თვისებები. თუ ეს თვისებები არ
არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
მუხლი 536. ქირის შემცირება ნივთის ნაკლის გამო
1. თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, მაშინ დამქირავებელს ქირა შეუმცირდება იმ ოდენობით, რა
ოდენობითაც შემცირდა ნივთის ვარგისიანობა ნაკლის გამო. ნაკლის გამოსწორებისას ეს უფლება ძალას
კარგავს. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
2. საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლისთვის აშკარად საზიანო ქირავნობის ხელშეკრულება ბათილია.
მუხლი 537. ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
1. თუ ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის
არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდება იმ გარემოებათა გამო, რაზედაც გამქირავებელი პასუხს აგებს, ან, თუ
გამქირავებელი ნაკლის გამოსწორებას დააყოვნებს, დამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება
ისე, რომ არ ეკარგება ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება.
2. თუ გამქირავებელი აყოვნებს ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს შეუძლია თვითონ
აღმოფხვრას იგი და მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება.
მუხლი 538. ნივთის ნაკლის გამო პრეტენზიის განუცხადებლობის შედეგები
თუ ხელშეკრულების დადებისას დამქირავებლისთვის ცნობილია ნივთის ნაკლი და იგი არ განაცხადებს
პრეტენზიას ამის გამო, მაშინ მას არ წარმოეშობა 536-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება.
მუხლი 539. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ შეთანხმების ბათილობა
ბათილია შეთანხმება, რომლითაც გამქირავებელი გაქირავებული ნივთის ნაკლისათვის
პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ან იგი ეზღუდება, თუკი გამქირავებელმა ნაკლი განზრახ დამალა.
მუხლი 540. ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება სადგომის ქირავნობისას
სადგომის დამქირავებელმა უნდა ითმინოს ქირავნობის ნივთის მიმართ გატარებული ზემოქმედებანი,
რომლებიც აუცილებელია გაქირავებული საცხოვრებელი სადგომის ან შენობის შესანახად. გამქირავებელმა ამ
ღონისძიებების შესახებ, თუ ეს შესაძლებელია, უნდა შეატყობინოს დამქირავებელს და არ დაუშვას ისეთი
მოქმედებები, რომლებიც აუცილებლობით არ არის გამოწვეული.
მუხლი 541. ხელშეკრულებაზე უარის უფლება
1. თუ დაქირავებული ნივთი მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემა დამქირავებელს დაგვიანებით, ან, თუ
შემდგომში მას წაერთვა სარგებლობის უფლება, მაშინ დამქირავებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე
იმ ვადის დაცვის გარეშე, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მოშლისათვის. უარი ხელშეკრულებაზე
დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ გამქირავებელი დამქირავებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღკვეთს
სარგებლობისათვის ხელშემშლელ გარემოებებს.
2. ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ იმ გარემოებათა შედეგად, რომლებიც ხელშეკრულებაზე უარის
თქმის საფუძველს იძლევიან, დამქირავებელმა დაკარგა ინტერესი ამ ხელშეკრულებისადმი.
3. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობისას შეთანხმება, რომელიც კრძალავს ან ზღუდავს ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ხელშეკრულების მოშლის უფლებას, ბათილია.
მუხლი 542. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის მიერ
თუ საცხოვრებელი ან ადამიანთა სამყოფლად გათვალისწინებული სხვა სადგომი ისეთ მდგომარეობაშია,
რომ მისი გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, დამქირავებელს შეუძლია მოშალოს
ქირავნობის ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე. ეს უფლება დამქირავებელს აქვს მაშინაც, თუ
ხელშეკრულების დადებისას მან იცოდა საფრთხის თაობაზე, მაგრამ არ განუცხადებია პრეტენზია.
მუხლი 543. დამქირავებლის მოვალეობანი გაქირავებული ნივთის ნაკლის აღმოჩენისას
თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, ან წინასწარ გაუთვალისწინებელი საფრთხისაგან ნივთის
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
დასაცავად საჭირო იქნება აუცილებელი ზომების მიღება, მაშინ დამქირავებელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ
უნდა აცნობოს გამქირავებელს. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ მესამე პირი განაცხადებს თავის
უფლებებს ნივთზე.
მუხლი 544. გაქირავებულ ნივთზე არსებული უფლებრივი ტვირთის ბედი
გაქირავებულ ნივთზე არსებული უფლებრივი ტვირთის მატარებელია გამქირავებელი.
მუხლი 545. გამქირავებლის ვალდებულება
1. გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯები.
2. სხვა ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულების წესების შესაბამისად.
მუხლი 546. დამქირავებლის უფლება ქირავნობის ნივთისათვის მიმატებულ ნივთებზე
1. დამქირავებელი უფლებამოსილია დაიტოვოს ის, რითაც მან დაქირავებული ნივთი აღჭურვა.
2. საცხოვრებელი სადგომის გამქირავებელს შეუძლია აღნიშნული უფლების განხორციელება შეცვალოს
შესაბამისი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამქირავებელი, პატივსადები საფუძვლიდან
გამომდინარე, არ ეთანხმება გამქირავებელს.
მუხლი 547. პასუხისმგებლობა ნივთის ნორმალური ცვეთისათვის
გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ აგებს.
მუხლი 548. მიმდინარე რემონტის ხარჯები
1. მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი
სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე.
2. დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით.
3. გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დამქირავებლის
მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობით.
მუხლი 549. გამქირავებლის თანხმობა ქვექირავნობაზე
დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე
პირს (ქვექირავნობა). მესამე პირებად არ მიიჩნევიან დამქირავებლის ოჯახის წევრები.
მუხლი 550. გამქირავებლის უარის დაუშვებლობა ქვექირავნობაზე
გამქირავებელს არ შეუძლია უარი თქვას საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, თუ საპატიო მიზეზის
არსებობისას დამქირავებელს სურს მიაქირაოს მესამე პირს დაქირავებული საცხოვრებელი სადგომი მთლიანად
ან მისი ნაწილი. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ გამქირავებლისათვის ქვემოქირავნე წარმოადგენს მისთვის
არასასურველ პიროვნებას, ან საცხოვრებელი სადგომი ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო
გამქირავებლისათვის მიუღებელია ქვექირავნობა.
მუხლი 551. ქვექირავნობის ბედი ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას
თუ ქვექირავნობა მიზნად ისახავს ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის გარანტიებისათვის გვერდის
ავლას, მაშინ ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას გამქირავებელი თავის თავზე იღებს იმ უფლებებსა
და მოვალეობებს, რომლებიც არსებობდა დამქირავებელსა და ქვემოქირავნეს შორის.
მუხლი 552. ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა
1. თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების
უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, მაშინ უზრუნველყოფის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის
ქირის სამმაგ ოდენობას. თუ ფულადი თანხა წინასწარ არის გადასახდელი, მაშინ დამქირავებელი
უფლებამოსილია გადაიხადოს იგი ყოველთვიურად თანაბარ ნაწილებად სამი თვის განმავლობაში.
2. წინასწარ გადახდილ უზრუნველყოფას უნდა დაერიცხოს კანონით დადგენილი პროცენტები და
ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდეს დამქირავებელს პროცენტებთან ერთად.
3. დამქირავებლის საზიანოდ დადებული სხვაგვარი შეთანხმება ბათილია.
მუხლი 553. ქირის გადახდის წესი
1. ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა
დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის
შემდეგ.
2. დამატებითი ხარჯების გადახდა მხოლოდ მაშინ არის სავალდებულო, თუ ამის თაობაზე მხარეთა შორის
არსებობს შეთანხმება.
მუხლი 554. დამქირავებლის ბრალით ქირის გადაუხდელობის შედეგები
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
თუ დამქირავებელს ხელი ეშლება სარგებლობაში თავისი მიზეზით, იგი ქირის გადახდისაგან არ
თავისუფლდება.
მუხლი 555. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლის ინიციატივით
საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელი უფლებამოსილია ქირავნობის ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს,
თუ იგი ერთი თვით ადრე გააფრთხილებს ამის შესახებ გამქირავებელს და შესთავაზებს მას გადახდისუნარიან
და მისაღებ დამქირავებელს, რომელიც თანახმაა ქირავნობის დარჩენილ დროში იყოს დამქირავებელი.
მუხლი 556. დამქირავებლის საპირისპირო მოთხოვნები გამქირავებლის მიმართ
თუ ბინის ქირის მოთხოვნის საპირისპიროდ, დამქირავებელს აქვს დაკავების ან ქირავნობის
ურთიერთობიდან გამომდინარე სხვა მოთხოვნების გაქვითვის უფლება, დამქირავებელს შეუძლია გამოიყენოს
ეს უფლება მაშინაც, როცა ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, თუ ამის შესახებ იგი წინასწარ
გააფრთხილებს გამქირავებელს.
მუხლი 557. ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით
გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, გამქირავებლის
გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი
დაზიანების რეალურ საშიშროებას.
მუხლი 558. ხელშეკრულების მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო
გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი
თვის განმავლობაში.
მუხლი 559. ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლით
1. ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.
2. თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი
ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით.
3. თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება
ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით.
მუხლი 560. განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნის უფლება
თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით არის დადებული, მაშინ
დამქირავებელს შეუძლია არა უგვიანეს ორი თვისა ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტამდე წერილობითი
განცხადებით მოითხოვოს ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით, თუკი
გამქირავებელი ამის თანხმობას განაცხადებს.
მუხლი 561. ხელშეკრულების მოშლის ვადა
ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის
გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
მუხლი 562. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა პატივსადები მიზეზების
არსებობისას
1. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ
პატივსადები მიზეზების არსებობისას.
2. პატივსადებია მიზეზი, თუ:
ა) დამქირავებელმა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები ბრალეულად მნიშვნელოვნად დაარღვია;
ბ) გამქირავებელს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავებისათვის;
გ) დამქირავებელი უარს ამბობს გადაიხადოს გამქირავებლის მიერ შემოთავაზებული გაზრდილი ქირა,
რომელიც შეესაბამება ბაზარზე არსებულ ბინის ქირას;
დ ) დამქირავებელმა გამქირავებლის მიმართ ჩაიდინა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური
მოქმედება, რომელიც შეუძლებელს ხდის მათ შორის ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას.
3. თუ ქირავნობის საგანს შეადგენს ავეჯით გაწყობილი ბინა, მაშინ გამქირავებელს ყოველთვის შეუძლია
ხელშეკრულების მოშლის ვადის დაცვით მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება.
მუხლი 563. ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმა
საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა წერილობით უნდა გაფორმდეს.
მუხლი 564. დამქირავებლის მოვალეობანი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას
ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს
ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ
მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 565. დაკავების უფლების დაუშვებლობა
მიწის ნაკვეთის დამქირავებელს არა აქვს მისი დაკავების უფლება თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილების
მიზნით.
მუხლი 566. დაქირავებული ქონების გადაცემა მესამე პირისათვის
თუ დამქირავებელმა ნივთი სარგებლობისათვის მესამე პირს გადასცა, გამქირავებელს შეუძლია ქირავნობის
ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მესამე პირს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
მუხლი 567. გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
1. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ
ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა,
როგორც ზიანის ანაზღაურება.
2. ბათილია შეთანხმება, რომლითაც დამქირავებელს ეკისრება ზიანის ანაზღაურება იმაზე მეტი ოდენობით,
ვიდრე მიყენებული იყო.
მუხლი 568. გირავნობის უფლება დამქირავებლის ნივთებზე
ქირავნობის ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად მიწის ნაკვეთის, სახლის
ან ბინის გამქირავებელს აქვს გირავნობის უფლება დამქირავებლის მიერ იქ შეტანილ ნივთებზე. გირავნობის
უფლება ძალას კარგავს დაქირავებული ფართობიდან ნივთების მოცილებასთან ერთად, თუკი ეს
განხორციელდება ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ურთიერთობების შესაბამისად.
მუხლი 569. მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულების ფორმა
მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულება ერთ წელზე მეტი ვადით უნდა გაფორმდეს წერილობით.
ფორმის დაუცველობის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის
დადებული. ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ქირავნობის პირველი წლის დამთავრების
შემდეგ.
მუხლი 570. ათ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულების მოშლის წესი
თუ ქირავნობის ხელშეკრულება ათ წელზე მეტი ვადით დაიდო, ათი წლის შემდეგ თითოეულ მხარეს
შეუძლია მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება 561-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
მუხლი 571. დამქირავებლის უფლებების გადასვლა მისი ოჯახის წევრებზე
თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ დამქირავებელი თავის ოჯახის
წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო მეურნეობას, დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში
მისი ოჯახის წევრები სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან გამქირავებელთან. მათ უფლება აქვთ
ქირავნობის ხელშეკრულება მოშალონ კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 572. უფლებამონაცვლეობა გაქირავებული ნივთის გასხვისებისას
თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის
შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან
გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.
მუხლი 573. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა
1. გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების
თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში.
2. ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება
გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა
– ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.
მუხლი 574. დავა მეუღლეებს შორის განქორწინებისას
1. როცა განქორწინებისას მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან იმაზე, თუ რომელმა უნდა იცხოვროს
დაქირავებულ ბინაში, დავას წყვეტს სასამართლო.
2. სასამართლოსათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი მეუღლეა დამქირავებელი. თუ სასამართლო
ცნობს იმ მეუღლის უფლებას ბინაზე, რომელიც არ არის დამქირავებელი, მაშინ ეს მეუღლე ხდება ქირავნობის
ურთიერთობის მონაწილე.
მუხლი 575. დამქირავებლის უფლებების დაცვა
დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის,
მესაკუთრისაგანაც.
თავი მეოთხე
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ლიზინგი
მუხლი 576. ცნება
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით
ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება
ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო
ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:
ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების
შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;
ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
2. მიმწოდებელი შეიძლება იმავდროულად იყოს ლიზინგის გამცემი, თუ მიმწოდებლის ჩვეულებრივ ი
საქმიანობა არის ქონების მიწოდება ან ქონების ლიზინგით გაცემა . ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს ასევე
ლიზინგის მიმღებისგან.
3. ლიზინგით გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას
განმეორებით შეიძლება გაიცეს ლიზინგით , მაგრამ იმისათვის , რომ მასზე გავრცელდეს ამ თავის დებულებები ,
ლიზინგის გამცემმა უნდა მოიპოვოს ლიზინგის მიმღებისგან ქონების დამოუკიდებელი შერჩევის
დადასტურება .
4. ლიზინგის საგანი არ შეიძლება იყოს ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი სამეწარმეო საზოგადოებაში.
5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხის
გაცემის შედეგად ლიზინგის მიმღების ჯამური ვალდებულებები ამავე ლიზინგის გამცემის მიმართ 200 000 (
ორასი ათას ) ლარზე ნაკლებია , ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი
ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული .
6. თუ ლიზინგის გამცემი მეწარმეა, ლიზინგის გაცემისას ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო
განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაიცვას ამ
კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები საკომისიოსთან, ფინანსურ
ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ
მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს
ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი No4104 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
მუხლი 577. ლიზინგის მიმღების უფლებები მიმწოდებლის მიმართ
1. ლიზინგის გამცემსა და მიმწოდებელს შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიმწოდებლის
ვალდებულებები არსებობს ლიზინგის მიმღების წინაშეც, თუმცა მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი
ერთდროულად ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების მიმართ ერთსა და იმავე ზიანზე.
2. ლიზინგის გამცემი ვალდებულია მოთხოვნისთანავე დაუთმოს ლიზინგის მიმღებს თავისი უფლებები,
რომლებიც უკავშირდება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნას.
3. მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც გავლენას ახდენს
ლიზინგის მიმღების უფლებებზე, დასაშვებია მხოლოდ ლიზინგის მიმღების თანხმობით.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების დებულებების საწინააღმდეგო მხარეთა შეთანხმება ბათილია.
5. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, შეთანხმდეს მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების
შეცვლაზე, შეწყვეტაზე ან მოშლაზე ლიზინგის გამცემის თანხმობის გარეშე.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 578. უფლებები ლიზინგის საგანზე
1. ლიზინგის საგანი ცალკე უფლების ობიექტია იმ შემთხვევაშიც, თუ ის გახდება სხვა ნივთის ან
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.
2. ლიზინგის საგნის შემძენი იკავებს ლიზინგის გამცემის ადგილს და მასზე გადადის ლიზინგის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 579. ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის დაუშვებლობა
ლიზინგის ხელშეკრულებით არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე
იმ მიზეზით, რომ მეორე მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ლიზინგის მიმღების მფლობელობის უფლება იზღუდება ამ კოდექსის 580 5 მუხლის მე-2 ნაწილის
შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 580. ქონების მიღება
1. ქონება მიიღება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის გამცემისთვის ან მიმწოდებლისთვის იმის
დადასტურებით, რომ ქონება შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, ან
როდესაც ლიზინგის მიმღები არ აცხადებს ქონებაზე უარს მას შემდეგ, რაც მისი შემოწმების გონივრული
შესაძლებლობა ჰქონდა, ან როცა ლიზინგის მიმღები იწყებს ქონებით სარგებლობას.
2. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მიმწოდებლისგან მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება, თუ ქონება არ შეესაბამება მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობებს.
3. ქონების მიღების შემდეგ ლიზინგის მიმღებზე გადადის ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 580 1 . ქონების მიწოდების პირობების დარღვევა
1. თუ ქონება ლიზინგის მიმღებს არ მიეწოდა, მიეწოდა ვადაგადაცილებით ან ის არ შეესაბამება ლიზინგის
ხელშეკრულების პირობებს, ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, არ მიიღოს ქონება და მიმწოდებლისგან
მოითხოვოს იმგვარი ქონება, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისი იქნება, ან/და მოითხოვოს
მისგან ზიანის ანაზღაურება.
2. ქონების მიწოდების პირობების დარღვევისას ქონების დაღუპვის ან დაზიანების რისკი რჩება
მიმწოდებელზე, ამ კოდექსის 580 5 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 580 2 . ლიზინგის მიმღების უფლებები მოთხოვნის დათმობისას
ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის გამცემის მოთხოვნის დათმობისას მხარეები
შეიძლება შეთანხმდნენ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულისაგან განსხვავებულ წესზე.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 580 3 . უნაკლო ქონების გადაცემის ვალდებულება
1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, რომ ქონება იქნება ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ
მდგომარეობაში და გამოდგება იმ სარგებლობისთვის, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, გამიზნულია ასეთი
ქონება.
2. ლიზინგის მიმღები პასუხისმგებელია იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ქონების იმ აღწერილობასთან
შესაბამისობით, რომელიც მან მიაწოდა ლიზინგის გამცემს ან მიმწოდებელს.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ .
მუხლი 580 4 . ლიზინგის მიმღების ვალდებულებები ლიზინგის საგნის მოვლასთან და დაბრუნებასთან
დაკავშირებით
1. ლიზინგის მიმღებმა სათანადოდ უნდა მოუაროს ლიზინგის საგანს, უნდა გამოიყენოს ის მიზნობრივად,
იმ დანიშნულებით, რომლითაც, ჩვეულებრივ, ამ ქონებას იყენებენ, და უნდა შეინარჩუნოს ის ისეთივე
მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.
2. თუ ლიზინგის ხელშეკრულება განსაზღვრავს ლიზინგის საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებას
ანდა მწარმოებელი ან მიმწოდებელი ადგენს ქონების მოხმარების წესებს, ლიზინგის მიმღების ლიზინგის
საგნის სათანადო მოხმარების ვალდებულებასთან ან ქონების მოხმარების წესებთან შესაბამისობა ჩაითვლება ამ
მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ლიზინგის მიმღების ვალდებულების შესრულებად.
3. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის მიმღები, თუ ის არ
იყენებს ქონებას ან არ აქვს უფლება, შეიძინოს ქონება ან ლიზინგით დაიტოვოს ის დამატებითი ვადით,
ვალდებულია ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ
მდგომარეობაში.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 580 5 . ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა
1. ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად
არღვევს თავის ვალდებულებებს.
2. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის
საგანს მიიღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან
მფლობელობის უფლება შეიზღუდა იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს
უფლება ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა
შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები
უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
მუხლი 580 6 . ქონების მფლობელობა და განკარგვა
1. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიზინგის გამცემის მოთხოვნა ამ
კოდექსის 580 7 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის მისთვის მფლობელობაში დაბრუნების შესახებ
დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, მოსთხოვოს ლიზინგის გამცემს მისი მოქმედებით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება, თუ ლიზინგის გამცემი ქონებას მფლობელობაში დაიბრუნებს ლიზინგის მიმღების
მფლობელობის არამართლზომიერი ხელშეშლის გზით, ან თუ ლიზინგის გამცემს არ დაუწესებია დამატებითი
ვადა ამ კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ვადის
დაწესება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ არის საჭირო. ამასთანავე, ლიზინგის მიმღებს არ აქვს
უფლება, მოითხოვოს ლიზინგის საგანზე მფლობელობის აღდგენა.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი No1195 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.
მუხლი 580 7 . „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების ლიზინგის გამცემისთვის მფლობელობაში დაბრუნება
1. ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს ლიზინგის საგნის იძულების წესით მისთვის
მფლობელობაში დაბრუნება სააღსრულებო დაწესებულებისთვის ლიზინგის მოწმობის წარდგენის
საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, თუ ლიზინგის საგანია „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება ან/და
სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.
2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის
საგნის ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით .
3. ლიზინგის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.
4. ლიზინგის გამცემი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში დაუბრუნდა
ლიზინგის საგანი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ლიზინგის საგნის რეგისტრაცია.
5. ლიზინგის გამცემისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის
იძულების წესით მფლობელობაში დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები ლიზინგის მიმღებს ეკისრება.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი No1195 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.
მუხლი 580 8 . ლიზინგის მოწმობა
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ
საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის არსებობისას ლიზინგის გამცემის წერილობითი მოთხოვნის
მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ ამ კოდექსის 580 6 მუხლის 1 1 ნაწილით
განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიზინგის გამცემის განცხადების
საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტო გასცემს ლიზინგის მოწმობას.
2. ლიზინგის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის
რეგისტრაციის ფაქტი და რომლის საფუძველზედაც ლიზინგის გამცემს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს ლიზინგის საგნის
მისთვის მფლობელობაში დაბრუნება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოსთვის ლიზინგის გამცემის მიერ წარდგენილი ლიზინგის მოწმობის გაცემის
მოთხოვნის მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი No1195 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.
თავი მეხუთე
იჯარა
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 581. ცნება
1. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით
სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი
მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს
მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით.
მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
2. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე
მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 582. ათ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლა
თუ იჯარის ხელშეკრულება იდება ათ წელზე მეტი ვადით, მაშინ ათი წლის გასვლის შემდეგ თითოეულ
მხარეს შეუძლია მოშალოს საიჯარო ურთიერთობა ამ კოდექსის 561-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ
აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია იჯარის ხელშეკრულებით.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი No4627 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.
მუხლი 583. მიწის იჯარა ინვენტართან ერთად
1. თუ მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცემა ინვენტართან ერთად, მაშინ მოიჯარე პასუხს აგებს ინვენტარის
ყოველი ნაწილის მოვლა-პატრონობისათვის.
2. მეიჯარე ვალდებულია გამოცვალოს ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც გამოუსადეგარი გახდა
მოიჯარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მოიჯარე მოვალეა შეავსოს ინვენტარს მიკუთვნებული
პირუტყვის დანაკარგი, მიუხედავად მეურნეობის სწორი გაძღოლისა.
3. მოიჯარემ ინვენტარი ისეთ მდგომარეობაში უნდა იქონიოს და იჯარის დროის განმავლობაში იმ
მოცულობით შეავსოს, რომელიც შეესაბამება მოწესრიგებულ მეურნეობას. მის მიერ შეძენილი ცალკეული
ინვენტარი საერთო ინვენტართან შეერთებით მეიჯარის საკუთრებად იქცევა.
მუხლი 584. ინვენტარის შემთხვევით დაღუპვის რისკი
1. თუ მიწის ნაკვეთის მოიჯარე ინვენტარს მიიღებს შეფასებით და იკისრებს ვალდებულებას, იჯარის
ხელშეკრულების დამთავრებისას შეფასებითვე დააბრუნოს უკან, მაშინ მას ეკისრება შემთხვევით დაღუპვისა
და გაფუჭების რისკი. მეურნეობის სწორი გაძღოლის ფარგლებში მას შეუძლია ინვენტარის ცალკეული
ნაწილების განკარგვა.
2. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას მოიჯარემ უნდა დაუბრუნოს მეიჯარეს ინვენტარი. მეიჯარეს
შეუძლია უარი თქვას მოიჯარის მიერ შეძენილი ინვენტარის მიღებაზე, თუ იგი მიწის ნაკვეთზე სწორი
მეურნეობის გაძღოლისათვის ზედმეტია ან მეტად ძვირია; უარის თქმასთან ერთად მიუღებელ ინვენტარზე
საკუთრების უფლება გადადის მოიჯარეზე. თუკი არსებობს სხვაობა მიღებული და დაბრუნებული ინვენტარის
შეფასებებს შორის, ეს სხვაობა ფულით უნდა ანაზღაურდეს. შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ფასები,
რომლებიც მოქმედებდა იჯარის ხელშეკრულების დასრულების მომენტისათვის.
მუხლი 585. ინვენტარის ცალკეული ნაწილების განკარგვის აკრძალვის დაუშვებლობა
ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც მოიჯარეს აკისრებენ ვალდებულებას არ განკარგოს ინვენტარის
ნაწილები ან განკარგოს მხოლოდ მეიჯარის თანხმობით, ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ მეიჯარე კისრულობს
ვალდებულებას შეისყიდოს ინვენტარი საიჯარო ურთიერთობის დასრულებისას საინვენტარიზაციო
შეფასებით.
მუხლი 586. გირავნობის უფლება ინვენტარზე
1. მიწის ნაკვეთის მოიჯარეს აქვს გირავნობის უფლება მის მფლობელობაში არსებულ ინვენტარზე მეიჯარის
მიმართ წაყენებული იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც შეეხება იჯარით მიღებულ ინვენტარს.
2. მეიჯარეს შეუძლია თავიდან აიცილოს მოიჯარის უფლება გირავნობაზე, თუ წარადგენს უზრუნველყოფის
სხვა საშუალებას. მას შეუძლია ინვენტარის ყოველი ნაწილი დაიხსნას გირავნობის უფლებისაგან იმით, რომ
შესთავაზოს ამ ნაწილების ღირებულების შესაბამისი უზრუნველყოფის საშუალება.
მუხლი 587. ქვეიჯარა
1. მოიჯარეს არა აქვს ქვეიჯარის უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე.
2. მეიჯარეს შეუძლია უარი განაცხადოს საიჯარო ქონების ცალკეული ნაწილების გაქირავებაზე, თუ ამით
მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.
3. მოიჯარე პასუხს აგებს მეიჯარის წინაშე იმისათვის, რომ ქვემოიჯარემ ან დამქირავებელმა ნივთი
სხვანაირად გამოიყენა, ვიდრე ეს მეიჯარის მიერ იყო ნებადართული. მეიჯარეს შეუძლია უშუალოდ შეაჩეროს
ქვემოიჯარის ან დამქირავებლის მიერ ქონების ამგვარად გამოყენება.
მუხლი 588. საიჯარო ქონების უკან დაბრუნება ვადამდე
1. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის
გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს
იმავე პირობებით.
2. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა
დასრულებამდე.
მუხლი 589. იჯარის უვადო ხელშეკრულების მოშლა
1. თუ მიწის ნაკვეთის ან უფლების იჯარისას არ არის განსაზღვრული იჯარის ვადა, მაშინ ხელშეკრულების
მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის; იგი შეიძლება მოიშალოს საიჯარო წლის
დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
2. ეს წესები გამოიყენება მაშინაც, როცა საიჯარო ურთიერთობა შეიძლება მოიშალოს კანონით დადგენილ
ვადაზე ადრე.
მუხლი 590. ხელშეკრულების მოშლა მოიჯარის გარდაცვალების გამო
1. მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში როგორც მის მემკვიდრეებს, ისე მეიჯარეს შეუძლიათ საიჯარო
ურთიერთობა მოშალონ კალენდარული წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში.
2. მემკვიდრეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ ხელშეკრულების მოშლაზე და მოითხოვონ საიჯარო
ურთიერთობის გაგრძელება, თუ მათ უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით შეუძლიათ იჯარით
გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო გამოყენება.
მუხლი 591. ზიანის ანაზღაურება საიჯარო ქონების დაუბრუნებლობისას
თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას,
მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების
დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
თავი მეექვსე
სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
მუხლი 592. ცნება
1. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით
გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან
(საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე.
2. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის
იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 593. ხელშეკრულების ფორმა
სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. თუ ეს ფორმა არ არის
დაცული, მაშინ ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.
მუხლი 594. საიჯარო ქონების ნუსხა
მხარეებმა საიჯარო ურთიერთობის დაწყებისას ერთობლივად უნდა შეადგინონ საიჯარო ქონების ნუსხა,
რომელშიც აღინიშნება მისი ოდენობა და მდგომარეობა იჯარით გადაცემის მომენტისათვის. იგივე წესი
გამოიყენება საიჯარო ურთიერთობის დამთავრებისას. ნუსხას ხელს უნდა აწერდეს ორივე მხარე და
მითითებულ უნდა იქნეს მისი შედგენის თარიღი.
მუხლი 595. საიჯარო ქონების მდგომარეობა. მისი რემონტი
მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში და შეინარჩუნოს იგი ამ მდგომარეობაში იჯარის მთელი ვადის
მანძილზე. მოიჯარემ საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს ქონების მიმდინარე რემონტი, შეაკეთოს
საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, გზები, თხრილები, მილები, ღობეები. იგი ვალდებულია იჯარით
აღებული ქონება გამოიყენოს სამეურნეო დანიშნულებით.
მუხლი 596. გირავნობის უფლება ნაყოფზე
მეიჯარეს საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აქვს
გირავნობის უფლება მოიჯარის მიერ შემატებულ ნივთებსა და საიჯარო ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე
(ნაყოფზე).
მუხლი 597. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა
თუ საიჯარო მიწაზე სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად მოიჯარეს
მოსავლის ნახევარზე მეტი გაუნადგურდა, მას უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ქირის შესაბამისი
პროპორციით შემცირება. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება მოიჯარეს აქვს მხოლოდ ზარალის
ოდენობისა და მიზეზების შესახებ მოსავლის აღებამდე გაფორმებული აქტის საფუძველზე.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი No1282 – სსმ I, No4, 05.03.2002 წ., მუხ.18
შეცდომის გასწორება - სსმ I, No5, 21.03.2002 წ., გვ.11
საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი No496 - სსმ I, No33, 01.12.2008წ., მუხ.210
მუხლი 598. აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა
მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო
ქონების მდგომარეობის (მათ შორის მიწის) გაუმჯობესებისათვის გაწეული კაპიტალური ხარჯები.
საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი No1282 – სსმ I, No4, 05.03.2002 წ., მუხ.18
მუხლი 599. მეიჯარის თანხმობით გაწეული ხარჯების ანაზღაურება
598-ე მუხლში მითითებულის გარდა, სხვა საჭირო ხარჯები, რომლებზედაც მეიჯარემ თანხმობა განაცხადა,
მან უნდა აუნაზღაუროს მოიჯარეს საიჯარო ურთიერთობის დამთავრებისას.
მუხლი 600. აუღებელი მოსავლის ანაზღაურება
თუ საიჯარო ურთიერთობა წყდება საიჯარო წლის განმავლობაში, მაშინ მეიჯარემ უნდა აუნაზღაუროს
მოიჯარეს მეურნეობის სათანადოდ წარმოების წესების თანახმად ჯერ კიდევ აუღებელი, მაგრამ იჯარის
მიმდინარე წლის ბოლომდე ასაღები მოსავლის ღირებულება.
მუხლი 601. მოიჯარის მოვალეობა ახალი მოიჯარის წინაშე
1. სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარემ თავის შემცვლელ
მოიჯარეს უნდა დაუტოვოს ნაგებობა სათანადო მდგომარეობაში, ხოლო მოწყობილობა და სასოფლო-
სამეურნეო პროდუქცია – იმ ოდენობით, რომელიც აუცილებელია მეურნეობის გასაგრძელებლად მომავალი
წლის მოსავლის აღებამდე.
2. თუ მოიჯარე ვალდებულია პროდუქცია დატოვოს მეტი ოდენობით ან უკეთესი ხარისხისა, ვიდრე მან
იჯარის დაწყებისას მიიღო, მას შეუძლია მეიჯარეს მოსთხოვოს ღირებულების ანაზღაურება.
მუხლი 602. საიჯარო ქონების დაბრუნების მოვალეობა
მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ იჯარით აღებული ქონება
დააბრუნოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს დაბრუნებამდე არსებული მეურნეობის
სათანადოდ გაგრძელებას.
მუხლი 603. მოიჯარის უფლებები საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე
1. მოიჯარეს უფლება აქვს გამოაცალკევოს ის მოწყობილობა, რომლითაც მან იჯარით აღებული ქონება
აღჭურვა; მეიჯარეს შეუძლია გამოცალკევების უფლება შეცვალოს შესაბამისი ანაზღაურებით, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა მოიჯარეს აქვს გამოცალკევებისთვის პატივსადები ინტერესი.
2. შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს მოიჯარის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
უფლებას, ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამის ანაზღაურებას.
მუხლი 604. საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების მოთხოვნა
მოიჯარეს შეუძლია მოსთხოვოს მეიჯარეს საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ:
ა) მეურნეობის იჯარა მოიჯარის მეურნეობისათვის წარმოადგენს საარსებო საფუძველს;
ბ) მიწის ნაკვეთი სასიცოცხლოდ აუცილებელია მოიჯარის მეურნეობის შესანარჩუნებლად და იჯარის
მოშლა, თუნდაც ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარისა თუ მისი ოჯახისათვის იმდენად მტკივნეულია,
რომ მას არა აქვს გამართლება თვით მეიჯარის პატივსადები ინტერესებითაც კი.
მუხლი 605. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლის გამო
საიჯარო ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლით. სამ წელზე მეტი ვადით დადებული
ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით, თუ ერთი მხარის წინადადებაზე –
გაგრძელდეს საიჯარო ურთიერთობა – მეორე მხარე უარს არ იტყვის სამი თვის განმავლობაში. წინადადება და
მასზე უარი უნდა გაფორმდეს წერილობით.
მუხლი 606. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა უვადო ხელშეკრულების შემთხვევაში
1. თუ იჯარის ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია საიჯარო წლის
დაწყებიდან არა უგვიანეს ათი დღისა განაცხადოს მომდევნო საიჯარო წლისათვის იჯარის ხელშეკრულების
მოშლის თაობაზე. საიჯარო წლად ითვლება კალენდარული წელი. თუკი მხარეები შეთანხმდნენ უფრო მცირე
ვადაზე, მაშინ საჭიროა ამის წერილობით გაფორმება.
2. თუ საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს კანონით დადგენილ ვადაზე ადრე, მაშინ იგი დასაშვებია
მხოლოდ საიჯარო წლის დამთავრებისათვის.
თავი მეშვიდე
ფრენშაიზინგი
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 607. ცნება
ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, რომლითაც
დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ
ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა
განხორციელებას.
მუხლი 608. ფრენშაიზის მიმცემის ვალდებულებანი
1. ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია ფრენშაიზის მიმღებს წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ფორმით
არამატერიალური ქონებრივი უფლებები, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის
წარმოების, შეძენის, გასაღებისა და საქმიანობის ორგანიზაციის კონცეფცია, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც
საჭიროა გასაღებისთვის ხელშესაწყობად.
2. ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია დაიცვას ერთიანი მოქმედების სისტემა მესამე პირთა ჩარევებისაგან,
განუწყვეტლივ განავითაროს იგი და საქმიანი ჩვევების გაზიარებით, ინფორმაციების მიწოდებითა და
კვალიფიკაციის ამაღლებით მხარი დაუჭიროს ფრენშაიზის მიმღებს.
მუხლი 609. ფრენშაიზის მიმღების ვალდებულებანი
ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური, რომლის ოდენობაც არსებითად გამოითვლება
ფრენშაიზინგის სისტემის განხორციელებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, კეთილსინდისიერი
მეწარმის გულისხმიერებით აქტიურად განახორციელოს საქმიანობა, მიიღოს მომსახურება და შეიძინოს
საქონელი ფრენშაიზის მიმცემის ან მის მიერ დასახელებულ პირთა მეშვეობით, თუკი ეს უშუალო კავშირშია
ხელშეკრულების მიზანთან.
მუხლი 610. განდობილი ინფორმაციის შენახვის ვალდებულება
ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა დაუფარავად და სრულყოფილად უნდა გააცნონ ერთმანეთს
ფრენშაიზინგთან დაკავშირებული საქმის გარემოებანი, განსაკუთრებით კი – ფრენშაიზინგის სისტემა, და
ერთმანეთს კეთილსინდისიერად მისცენ ინფორმაცია. ისინი ვალდებულნი არიან არ გათქვან მათთვის
განდობილი ინფორმაცია მაშინაც კი, როცა ხელშეკრულება არ დაიდება.
მუხლი 611. ხელშეკრულების ფორმა
ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ნამდვილობისათვის საჭიროებს წერილობით ფორმას. გარდა მხარეთა
ორმხრივი ვალდებულებების, ხელშეკრულების ხანგრძლივობის, მოშლის ან ვადის გაგრძელებისა და
ხელშეკრულების სხვა არსებითი ელემენტების თვალნათლივ აღნიშვნისა, მხარეებმა ხელშეკრულების ტექსტში
უნდა შეიტანონ ფრენშაიზინგის სისტემის სრულყოფილი აღწერა.
მუხლი 612. ხელშეკრულების ხანგრძლივობა
1. ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა მიერ იმ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით,
რომლებიც დაკავშირებულია მოცემული საქონლისა და მომსახურების გასაღებასთან.
2. თუ ხელშეკრულების ხანგრძლივობა აღემატება ათ წელს, ყოველი მხარე უფლებამოსილია მოშალოს
ხელშეკრულება მოშლისთვის აუცილებელი ერთწლიანი ვადის დაცვით. თუ არც ერთი მხარე არ იყენებს
ხელშეკრულების მოშლის ამ უფლებას, ხელშეკრულება გაგრძელდება ორი წლით. ვადის გასვლის გამო ან
მხარეთა ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მხარეები უნდა შეეცადონ საქმიანი
ურთიერთობების ფაქტობრივ დამთავრებამდე ურთიერთნდობის პრინციპების დაცვით გააგრძელონ
ხელშეკრულება იმავე ან შეცვლილი პირობებით.
მუხლი 613. ლოიალური კონკურენცია
1. სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს
გაუწიონ ლოიალური კონკურენცია. ამ ფარგლებში ფრენშაიზის მიმღების მიმართ შეიძლება დაწესდეს
განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში კონკურენციის აკრძალვა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს
ერთ წელს.
2. თუ კონკურენციის აკრძალვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პროფესიულ საქმიანობას, ფრენშაიზის
მიმღებს უნდა მიეცეს შესაბამისი ფინანსური კომპენსაცია, მიუხედავად ხელშეკრულების ვადის დამთავრებისა.
მუხლი 614. ფრენშაიზის მიმცემის პასუხისმგებლობა
ფრენშაიზის მიმცემი პასუხს აგებს ფრენშაიზის სისტემით გათვალისწინებული უფლებებისა და
ინფორმაციისათვის. თუ იგი ბრალეულად არღვევს სახელშეკრულებო ვალდებულებას, ფრენშაიზის მიმღები
უფლებამოსილია შეამციროს საზღაური. შემცირების ოდენობა საბოლოოდ უნდა განისაზღვროს
დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით, რომლის ხარჯებიც ეკისრებათ მხარეებს.
თავი მერვე
თხოვება
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 615. ცნება
თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება
დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.
მუხლი 616. გამნათხოვრებლის პასუხისმგებლობა
გამნათხოვრებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული
ზიანისათვის.
მუხლი 617. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ნივთის ნაკლის დაფარვის გამო
თუ გამნათხოვრებელი შეგნებულად არ უმხელს მონათხოვრეს უფლების ხარვეზს ან ნათხოვარი ნივთის
ნაკლს, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
მუხლი 618. ნათხოვარი ნივთით მიზნობრივი სარგებლობა
მონათხოვრეს არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის
განსაზღვრული. მას არა აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს გამნათხოვრებლის
თანხმობის გარეშე.
მუხლი 619. ჩვეულებრივი ხარჯის გაწევის ვალდებულება
1. მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო ჩვეულებრივი ხარჯები.
2. გამნათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე განისაზღვრება დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულების წესებით.
მუხლი 620. ნათხოვარი ნივთის ცვეთა
ნათხოვარი ნივთის ცვლილებებისა თუ გაუარესებისათვის მონათხოვრე პასუხს არ აგებს, თუკი ეს
გამოწვეულია ხელშეკრულების შესატყვისი სარგებლობით.
მუხლი 621. ნათხოვარი ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება
1. მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი
უკან დააბრუნოს.
2. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი
დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის
განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება.
3. მონათხოვრეს შეუძლია ნივთი ნებისმიერ დროს დააბრუნოს უკან.
მუხლი 622. მონათხოვრის გარდაცვალების შედეგები
თუ მონათხოვრე გარდაიცვალა, ან გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი გარემოების გამო საჭიროებს
ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.
თავი მეცხრე
სესხი
მუხლი 623. ცნება
სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ
ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი .
მუხლი 624. სესხის ხელშეკრულების ფორმა
სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი
ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა
ჩვენებებით.
მუხლი 624 1 . უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესი
უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური
საშუალებით, აგრეთვე წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი
სესხის/კრედიტის გაცემის შემთხვევაში სავალდებულოა გამსესხებელმა/კრედიტის გამცემმა
მსესხებელს/კრედიტის მიმღებს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
მუხლი 625. გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის
1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით
უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო
განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით
გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული
ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან
დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ
ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო
საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ
მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.
3 1 . ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა ვრცელდება ყველა სახის სესხზე, აგრეთვე ამ
მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო
განაკვეთის წლიურ ოდენობაზე.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით
განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა
და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის
ხელშეკრულებებზე.
5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში
ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის
გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და
ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის
0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27
პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ
გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე)
პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის),
აგრეთვე ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და
მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის
ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი
ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის
სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის
დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს
და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა
აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ამ ნაწილის მიზნებისათვის,
სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას სესხის გადავადების,
სესხის რეფინანსირების ან/და სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის
ნაზარდი, ხოლო სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადის გადაცილების აღმოფხვრა
სესხის რესტრუქტურიზაციის, სესხის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ
გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) ან/და გადავადების გზით. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის
ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად სესხის რესტრუქტურიზაცია, სესხის რეფინანსირება (თუ
რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) და გადავადება მიიჩნევა
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა სრულად გადაიხადა ვადის გადაცილებისას დაკისრებული
პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის, საკომისიოს და ფინანსური ხარჯის შესაბამისი
ფულადი სახსრები.
6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული
ბანკის სამართლებრივი აქტით .
6 1 . ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს
სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის და საკომისიოს, ფინანსური ხარჯის,
პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების ამ მუხლის მე-5 ნაწილით
განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი , 200 000 ( ორასი ათას ) ლარამდე სესხი
უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის
ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 200 000 ( ორასი ათას ) ლარს აღემატება . ამ ნაწილის
მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან
ინდექსირებული სესხი .
8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში
გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის
საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო
სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც
სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება .
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი No1864 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი No239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი No1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი No4104 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი No2622 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
მუხლი 626. ხელშეკრულების შეწყვეტა და ვალის დაბრუნება
1. თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს
კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
2. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს
შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა
წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით.
3. პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით
განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
მუხლი 627. ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება
გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი
მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება
მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების
დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.
მუხლი 628. სესხის შეპირება
სესხის შეპირებისას დამპირებელს შეუძლია უარი თქვას სესხის მიცემაზე, თუ მეორე მხარის ქონებრივი
მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას ვალის დაბრუნებას. სესხის შეპირება
უნდა გაფორმდეს წერილობით.
მუხლი 628 1 . ფულადი სახსრების მოზიდვის შეზღუდვა
1. მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს, 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური
მეწარმისაგან) დაბრუნებადი ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20-ზე მეტი
ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან), თითოეული ფიზიკური პირისაგან (მათ
შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე
(ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე) ნაკლები. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა ამ
ნაწილის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება, მან 20-ზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან (მათ შორის,
ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული 100 000 (ასი ათას) ლარზე (ან უცხოური ვალუტით მის
ეკვივალენტზე) ნაკლები თანხა უნდა გადაიხადოს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 1 წლის
განმავლობაში.
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი No239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი No1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
თავი მეათე
ნარდობა
მუხლი 629. ცნება
1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ
შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ
დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
3. ნარდობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა არ ანაზღაურდება, თუ შეთანხმებით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 630. შეთანხმება ანაზღაურებაზე
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
1. ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ
ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.
2. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა
სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ – ჩვეულებრივი ანაზღაურება.
მუხლი 631. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგები
1. თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს
მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება
შეუძლებელი იყო.
2. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო
ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს
ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული
სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით .
მუხლი 632. სამუშაოს პირადად შესრულების ვალდებულება
მენარდემ პირადად უნდა შეასრულოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს გამომდინარეობს
კონკრეტული გარემოებებიდან ან სამუშაოს ხასიათიდან.
მუხლი 633. შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
1. მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს.
შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის
აუცილებელ მოქმედებას.
2. ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და
საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, – იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი
სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისთვის არ გადაეცილებინა.
მუხლი 634. გირავნობის უფლება მოძრავ ნივთებზე
მენარდეს თავისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად შეუძლია გამოიყენოს გირავნობის უფლება მის მიერ
დამზადებულ ან შეკეთებულ მოძრავ ნივთზე, თუ ეს ნივთი დამზადების ან შეკეთების მიზნით მენარდის
მფლობელობაში იმყოფება.
მუხლი 635. იპოთეკის უფლება სამშენებლო მიწის ნაკვეთზე
თუ ხელშეკრულების საგანია ნაგებობა ან ამ ნაგებობის ცალკეული ნაწილები, მაშინ მენარდეს შეუძლია
ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი მოთხოვნებისათვის მოითხოვოს იპოთეკა სამშენებლო მიწის
ნაკვეთზე.
მუხლი 636. ხელშეკრულების მოშლა
შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ
მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მუხლი 637. ხელშეკრულების მოშლა მენარდის ინიციატივით
მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა
შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე
მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება.
მუხლი 638. გასამრჯელოს ნაწილის მოთხოვნის უფლება
თუ მენარდე ვალდებულებას შეწყვეტს 637-ე მუხლის მიხედვით, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს
გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას, თუკი შემკვეთს ადრე გაწეული
მომსახურების მიმართ აქვს რაიმე ინტერესი.
მუხლი 639. უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულება
თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს
ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
მუხლი 640. უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა
ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის
წინააღმდეგ.
მუხლი 641. ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა
1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები
შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო
ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.
მუხლი 642. დამატებითი შესრულების მოთხოვნა
1. თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს
შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.
2. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის,
ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე,
თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს.
3. თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის
უკან დაბრუნება.
მუხლი 643. ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ
1. თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ
ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ
შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევებში.
3. შემკვეთს შეუძლია მენარდეს მოსთხოვოს ავანსი ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯებისათვის.
მუხლი 644. ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო
ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ
შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მუხლი 645. საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო
შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული
ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს
საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.
მუხლი 646. სამუშაოს შესრულება მენარდის მასალით
1. თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით, იგი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის.
2. მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს
შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.
მუხლი 647. გაფრთხილების ვალდებულება
1. მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ:
ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია;
ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება;
გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის
სიმტკიცესა და ვარგისიანობას.
2. თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის
გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ,
ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან
სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული
ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 648. საზღაურის გადახდა შესრულებული სამუშაოსათვის
შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ
ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
მუხლი 649. სამუშაოს მიღება
თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი
გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია
გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს
მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
მუხლი 650. მენარდის პასუხისმგებლობა შემკვეთის ქონების დაღუპვისას
მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის ქონების დაღუპვის ან დაზიანებისათვის გაუფრთხილებლობის დროსაც.
მუხლი 651. მენარდის რისკი
1. მენარდეს ეკისრება შესრულებული სამუშაოს შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი
შემკვეთისათვის შესრულების გადაცემამდე. გადაცემასთან ერთად შემკვეთზე გადადის შემთხვევით დაღუპვის
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ან დაზიანების რისკი. გადაცემას უთანაბრდება ისიც, როცა შემკვეთი აყოვნებს მიღებას.
2. მასალის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მასალის მიმცემ მხარეს.
მუხლი 652. ნაკლის მქონე ნაკეთობის მიღების შედეგები
თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად,
მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო.
მუხლი 653. საგარანტიო ვადა
თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი
ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.
მუხლი 654. მენარდის მიერ ნაკლის განზრახ დაფარვის შედეგები
თუ მენარდე ნაკლს განზრახ დაფარავს, მას არ შეუძლია მიუთითოს შეთანხმებაზე, რომელიც გამორიცხავს ან
ზღუდავს შემკვეთის უფლებებს ნაკეთობის ნაკლის გამო.
მუხლი 655. ხანდაზმულობის ვადა
მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი
მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება – ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების
დღიდან.
მუხლი 656. ხანდაზმულობის ვადის ათვლა სამუშაოს ნაწილ-ნაწილ მიღებისას
თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის
ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.
თავი მეთერთმეტე
ტურისტული მომსახურება
[თავი მეთერთმეტე
(ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 657. ცნება
1. ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს
ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს
შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის.
2. ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე
მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია,
რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი No2946 - სსმ I, No15, 16.05.2006წ., მუხ.99
[მუხლი 657. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 657 1 . არასათანადო ინფორმაციის მიწოდების აკრძალვა
მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი ფორმა, ღირებულება და
ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლებითაც ტურისტი უზრუნველყოფილია მოგზაურობის მომწყობის
მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი No2946 - სსმ I, No15, 16.05.2006წ., მუხ.99
[მუხლი 657 1 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 657 2 . დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა
1. ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან
ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, უნდა მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია:
ა) ღირებულების, მისი გადახდის მეთოდებისა და განრიგის შესახებ;
ბ) დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი
დახასიათების შესახებ;
გ) განთავსების ტიპის, მდებარეობის, კატეგორიის, მომსახურების ხარისხის, მისი კლასიფიკაციისა და სხვა
ძირითადი მახასიათებლების შესახებ;
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
დ) კვების შესახებ;
ე) მარშრუტის შესახებ;
ვ) პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე მოგზაურობისათვის აუცილებელი ჯანმრთელობის
მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ;
ზ) ვიზიტების, ექსკურსიების ან/და სხვა მომსახურების შესახებ, რომლებიც შედის პაკეტის ღირებულებაში;
თ) იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელია ტურისტთა გარკვეული რაოდენობა და ის
არ შეგროვდა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ტურისტის ინფორმირების უკანასკნელი ვადის შესახებ.
2. მოგზაურობის მომწყობმა, მოგზაურობის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, ტურისტს უნდა მიაწოდოს
შემდეგი ინფორმაცია:
ა) შუალედური გაჩერებების დროისა და ადგილების შესახებ;
ბ) მოგზაურობის მომწყობის ან მისი ადგილობრივი წარმომადგენლის ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში,
ადგილობრივი სააგენტოების ან/და სათანადო სამსახურების დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი,
ვისაც დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს ტურისტმა;
გ) არასრულწლოვნის მოგზაურობის შემთხვევაში, არასრულწლოვანთან ან მასზე პასუხისმგებელ პირთან
პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებათა შესახებ;
დ) ტურისტის იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ტურისტის მიერ ხელშეკრულების
შეწყვეტით გამოწვეული, აგრეთვე რეპატრიაციის, უბედური შემთხვევის ან/და ავადმყოფობის დროს
ტურისტის დასახმარებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან.
3. ტურისტისათვის წერილობით ან სხვა სათანადო ფორმით მიწოდებული ინფორმაცია მოგზაურობის
მომწყობისათვის ატარებს სავალდებულო ხასიათს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი No2946 - სსმ I, No15, 16.05.2006წ., მუხ.99
[მუხლი 657 2 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 657 3 . ხელშეკრულების თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესები და მოგზაურობის
მომწყობის ვალდებულებები
1. მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება არ ექვემდებარება გადასინჯვას, გარდა ამ კოდექსის 660-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება თავად
ითვალისწინებს გადასინჯვის შესაძლებლობებს და თავდაპირველი ფასის შეცვლისა და კალკულაციის წესებს,
შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) ტრანსპორტის ღირებულება, საწვავის ღირებულების ჩათვლით;
ბ) კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურების გადასახადები, როგორიცაა პორტებსა და
აეროპორტებში ტვირთის გადატანა-გადაზიდვა, ტაქსის დაქირავება და სხვა;
გ) პაკეტში გათვალისწინებული სავალუტო კურსის ოდენობა.
2. გამგზავრების დღემდე, ოცი დღის განმავლობაში, მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება გაზრდას არ
ექვემდებარება, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით,
იძულებულია გამგზავრებამდე მნიშვნელოვნად შეცვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობები, ამის
თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ტურისტს, რათა მან მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება
ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლილი პირობებით მისი მიღების თაობაზე, რის შესახებაც დროულად უნდა
აცნობოს მოგზაურობის მომწყობს.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი No2946 - სსმ I, No15, 16.05.2006წ., მუხ.99
[მუხლი 657 3 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 658. მესამე პირი მოგზაურობაში
1. მოგზაურობის დაწყებამდე ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მის ნაცვლად მოგზაურობაში მესამე პირის
მონაწილეობა. მოგზაურობის მომწყობს შეუძლია უარი განაცხადოს მესამე პირის მონაწილეობაზე, თუ იგი არ
აკმაყოფილებს მოგზაურობისათვის აუცილებელ პირობებს.
2. მოგზაურობის მომწყობს შეუძლია მოსთხოვოს ტურისტს იმ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, რაც
მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობამ გამოიწვია.
[მუხლი 658. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 659. მოგზაურობის ხარვეზები
1. მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები,
რომლებსაც შეუძლიათ გააუფასურონ ან შეამცირონ მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
2. თუ მოგზაურობას ასეთი ხარვეზები აქვს, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მათი აღმოფხვრა.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მოგზაურობის მომწყობს უფლება აქვს უარი თქვას ხარვეზების გამოსწორებაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ
დიდ ხარჯებს.
3. თუ მოგზაურობის მომწყობი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ
ვადაში, მაშინ ტურისტს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ხარვეზები და მოითხოვოს მათზე გაწეული
აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ მოგზაურობის მომწყობი
უარს იტყვის ხარვეზების აღმოფხვრაზე, ან თუ ტურისტი დაინტერესებულია ხარვეზის დაუყოვნებელი
აღმოფხვრით.
[მუხლი 659. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 660. ღირებულების შემცირება მოგზაურობის ხარვეზის გამო
1. თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის
განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები.
2. ღირებულება არ შემცირდება, თუ ტურისტი თავისი ბრალით არ შეატყობინებს მოგზაურობის მომწყობს
ხარვეზის შესახებ.
[მუხლი 660. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 661. ხარვეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ტურისტის ინიციატივით
1. თუ ტურისტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 659-ე მუხლში მითითებული ხარვეზის გამო, მას შეუძლია
შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთივე წესი გამოიყენება მაშინაც, თუ მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს
მოგზაურობაში საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც იცის მოგზაურობის მომწყობმაც.
2. ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის მომწყობი პირი არ
აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ დადგენილ ვადაში. ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ
ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელია, ან მოგზაურობის მომწყობი უარს იტყვის მათ აღმოფხვრაზე, ან
ხელშეკრულების შეწყვეტა გამართლებულია ტურისტის განსაკუთრებული ინტერესებით.
3. ხელშეკრულების შეწყვეტისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული ანაზღაურების მიღების
უფლებას, მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება უკვე გაწეული უხარვეზო მომსახურებისათვის.
4. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ტურისტის უკან მიყვანა, ხელშეკრულების შეწყვეტის
შემდეგ მოგზაურობის მომწყობი მოვალეა უკანვე მიიყვანოს იგი. ამ შემთხვევაში დამატებითი ხარჯები
მოგზაურობის მომწყობს ეკისრება.
5. თუ ტურისტი მოგზაურობის დაწყებამდე, ამ კოდექსის 657 3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წყვეტს
ხელშეკრულებას, პაკეტი უქმდება და ასეთ შემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია ტურისტს:
ა) შესთავაზოს თავდაპირველი პაკეტის ეკვივალენტური ან უკეთესი ხარისხის ახალი პაკეტი, როცა ეს
შესაძლებელია;
ბ) ან აუნაზღაუროს ფასში განსხვავება, თუ შეთავაზებული ახალი პაკეტი დაბალი ხარისხისაა;
გ) ან დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ხელშეკრულების თანახმად გადახდილი თანხა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი No2946 - სსმ I, No15, 16.05.2006წ., მუხ.99
[მუხლი 661. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 662. მოგზაურობის ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა შედეგად, რომლებზედაც პასუხს აგებს
მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების
შეწყვეტის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
2. თუ მოგზაურობა ჩაიშალა ან იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული, მაშინ ტურისტს შეუძლია
მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება.
3. თუ ხელშეკრულება, ტურისტის ბრალის გარეშე, მოგზაურობის დაწყებამდე შეწყდება, ტურისტს უფლება
აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
ა) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა რაოდენობის
სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი ფორმით ეცნობა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც
მითითებულია მოგზაურობის (პაკეტის) აღწერილობაში;
ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი No2946 - სსმ I, No15, 16.05.2006წ., მუხ.99
[მუხლი 662. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 662 1 . ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტის საჩივარზე სწრაფი
რეაგირების მოხდენის შესახებ
მოგზაურობის მომწყობი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია სწრაფი რეაგირება მოახდინოს ტურისტის
საჩივარზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი No2946 - სსმ I, No15, 16.05.2006წ., მუხ.99
[მუხლი 662 1 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 662 2 . ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება ტურისტისათვის გარანტიების
წარდგენის შესახებ
მოგზაურობის მომწყობმა უნდა წარმოადგინოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები გაკოტრების
შემთხვევაში მომხმარებელთა რეპატრიაციის და მათთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მიზნით
ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი No2946 - სსმ I, No15, 16.05.2006წ., მუხ.99
[მუხლი 662 2 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 663. მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა
1. 659 – 662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის
მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის
გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას
ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში.
2. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც
ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს
ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც
მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას.
[მუხლი 663. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 664. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მოგზაურობის მომწყობს ტურისტთან შეთანხმებით შეუძლია შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა
მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით, თუ:
ა ) ტურისტისათვის მიყენებული ზიანი არ იყო გამოწვეული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით,
ან
ბ ) მოგზაურობის მომწყობი ერთპიროვნულად მთლიანად არ აგებს პასუხს ტურისტის წინაშე იმ
ზიანისათვის, რომელიც წარმოიშვა მოგზაურობის მომწყობის ვალდებულების შემსრულებელთაგან ერთ-
ერთის ბრალის შედეგად.
[მუხლი 664. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 665. უარი ხელშეკრულებაზე მოგზაურობის დაწყებამდე
1. ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
2. ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული
საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის
ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას
შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.
[მუხლი 665. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 666. დაუძლეველი ძალა
1. თუ მოგზაურობა არსებითად გაძნელდება, ან წარმოიშობა სხვა საფრთხე, ან ტურისტს მიადგება ზიანი
ხელშეკრულების დადებისას გაუთვალისწინებელი დაუძლეველი ძალის დადგომის შედეგად, მაშინ როგორც
ტურისტს, ისე მოგზაურობის მომწყობს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტისას
გამოიყენება 661-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 ნაწილის პირველი წინადადების წესები . თითოეულ მხარეს
ეკისრება უკან მიყვანის დამატებითი ხარჯების ნახევარი. სხვა შემთხვევაში დამატებითი ხარჯები ეკისრება
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ტურისტს.
[მუხლი 666. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
მუხლი 667. მოგზაურის საზიანო შეთანხმებათა დაუშვებლობა
ამ თავით გათვალისწინებული წესები არ შეიძლება შეიცვალოს მოგზაურის საზიანოდ.
[მუხლი 667. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3970 - ვებგვერდი, 28.12.2023წ.
თავი მეთორმეტე
გადაზიდვა-გადაყვანა
I. გადაზიდვის ხელშეკრულება
მუხლი 668. ცნება
გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით
გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
მუხლი 669. გადამზიდველის პასუხისმგებლობა
1. გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების
ან დაკარგვისათვის.
2. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ან თვით მგზავრის მიერ,
ანდა მისი ბარგით.
3. გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.
მუხლი 670. ხელშეკრულების დადების ვალდებულება
პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია
დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.
მუხლი 671. გადაზიდვა რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით
თუ დატვირთული ავტომობილი გზის ერთ მონაკვეთზე გადაზიდული იქნება ზღვით, რკინიგზით ან
საჰაერო ტრანსპორტით და – 682-ე მუხლში გათვალისწინებული შემთხვევების შესაბამისად – ტვირთი არ
იქნება გადმოტვირთული, ამ თავის ნორმები მაინც გამოიყენება მთლიანი გადაზიდვისათვის.
მუხლი 672. გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა
გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების
არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და
ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით.
მუხლი 673. ზედნადების შედგენის წესი
1. ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი
რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
2. თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა
ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ
იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.
მუხლი 674. ზედნადების რეკვიზიტები
1. ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გაცემის დღესა და ადგილს;
ბ) გამგზავნის სახელსა და მისამართს;
გ) გადამზიდველის სახელსა და მისამართს;
დ) ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს;
ე) მიმღების სახელსა და მისამართს;
ვ) ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს, საფრთხეშემცველი ტვირთების
დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას;
ზ) გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს;
თ) ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას;
ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს, იმპორტის
გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე);
კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებს;
ლ) აღნიშვნას, რომ გადაზიდვა, მიუხედავად ორმხრივი შეთანხმებისა, მაინც ექვემდებარება ამ თავის
ნორმებს.
2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს:
ა) სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას;
ბ) ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს;
გ) ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას;
დ) ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის აღნიშვნას;
ე) გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ;
ვ) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა დასრულდეს გადაზიდვა;
ზ) გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს.
3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში ჩაწერონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად
მიიჩნევენ.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი No3806 - სსმ I, No66,03.12.2010 წ., მუხ.414
მუხლი 675. გამგზავნის პასუხისმგებლობა
1. გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად
ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი:
ა) 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები ;
ბ) 674-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მონაცემები ;
გ) ყველა სხვა მონაცემი ან გამგზავნის მითითებები ზედნადების შესადგენად ან მასში შესატანად.
2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებს გადამზიდველი გამგზავნის მოთხოვნის
საფუძველზე ზედნადებში ჩაწერს, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველი
გამგზავნის სახელით მოქმედებდა.
3. თუ ზედნადები არ შეიცავს 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემებს,
მაშინ გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც ტვირთზე უფლების მქონეს
წარმოეშობა ამ მონაცემთა მიუთითებლობის გამო.
მუხლი 676. გადამზიდველის ვალდებულება ტვირთის მიღებისას
1. გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს:
ა) ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ
მონაცემთა სისწორე;
ბ) ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.
2. თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისათვის, რომ შეამოწმოს ამ მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემები, მაშინ მას ზედნადებში შეაქვს პირობები, რომლებიც უნდა
შესრულდეს. ამგვარადვე უნდა შეიტანოს მან ისეთი პირობები, რომლებიც შეეხება ტვირთის გარეგნულ
მდგომარეობასა და მის შეფუთვას. ეს პირობები გამგზავნისთვის არ არის სავალდებულო, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა მან ისინი ზედნადებში აშკარად აღიარა.
3. გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან
მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს
გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან
დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.
მუხლი 677. გადაზიდვის ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია
1. საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები)
არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და
ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს.
2. თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე
ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ
მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა
ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს.
მუხლი 678. გამგზავნის პასუხისმგებლობა ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის
გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის,
რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას, ასევე უხარისხო შეფუთვით გამოწვეული
ხარჯებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა
ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს.
მუხლი 679. გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი , რომლებიც აუცილებელია ტვირთის
მიტანამდე საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა , მსგავსი მოქმედებების შესასრულებლად , ან
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ეს საბუთები გადამზიდველს გადასცეს და მას მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია .
2. გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები და ინფორმაცია სწორი და
საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე საბუთებისა და მონაცემების
არასრულყოფილებითა და უზუსტობით გამოწვეული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს
გადამზიდველის ბრალით მოხდა.
3. გადამზიდველი პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული ან გადამზიდველისათვის
გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი გამოყენებისათვის; მას არ შეიძლება იმაზე მეტი
პასუხისმგებლობა დაეკისროს, ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი No3806 - სსმ I, No66,03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი No5964 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი No4925 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
მუხლი 680. გამგზავნის უფლებები
1. გამგზავნი უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის შეწყვეტა; მას ასევე შეუძლია
მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა არ შეცვალოს მიწოდების ადგილი ან ტვირთი, არ მისცეს იგი სხვა პირს,
გარდა იმისა, რომელიც ზედნადებშია აღნიშნული.
2. ეს უფლება ქარწყლდება მაშინვე, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მიმღებს, ან იგი
გამოიყენებს თავის უფლებას 681-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით . ამ მომენტიდან
გადამზიდველმა უნდა შეასრულოს მიმღების მითითებები.
3. მიმღები განკარგვის უფლებას იძენს ზედნადების გაფორმებისთანავე, თუ გამგზავნმა ზედნადებში
გააკეთა შესაბამისი აღნიშვნა.
4. თუ მიმღებმა განკარგვის უფლების განხორციელებისას გასცა მითითება ტვირთის მიწოდების შესახებ
მესამე პირისათვის, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არ არის უფლებამოსილი დაასახელოს სხვა მიმღები.
5. განკარგვის უფლების განხორციელება უნდა მოხდეს შემდეგი წესების დაცვით:
ა) გამგზავნმა ან – ამ მუხლის მე-3 ნაწილში დასახელებულ შემთხვევაში – მიმღებმა, თუ მას თავისი
განკარგვის უფლების განხორციელება სურს, უნდა წარმოადგინოს ზედნადების პირველი პირი, რომელშიც
შეტანილი უნდა იყოს გადამზიდველისათვის მიცემული ახალი მითითებები, და მას აუნაზღაუროს ყველა ის
ხარჯი და ზიანი, რომლებიც ამ მითითებათა შესრულების შედეგად წარმოიშვა;
ბ) მითითებათა შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს იმ მომენტში, როცა ისინი მიუვა იმ პირს, რომელმაც ეს
მითითება უნდა შეასრულოს, და არ შეიძლება, რომ იგი ხელს უშლიდეს გადამზიდველის ჩვეულებრივ
საწარმოო საქმიანობას, და არც გამგზავნის ან მიმღების სხვა ტვირთს უნდა აყენებდეს ზიანს;
გ) მითითებებმა არ უნდა გამოიწვიონ ტვირთის დანაწილება.
6. თუ გადამზიდველს ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შეუძლია მიღებული
მითითებების შესრულება, ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ პირს, ვინც ეს მითითებები
გასცა.
7. გადამზიდველი, რომელიც არ ასრულებს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით გაცემულ მითითებებს, ან
ასრულებს მათ ზედნადების პირველი პირის მოთხოვნის გარეშე, პასუხს აგებს უფლებამოსილი პირის წინაშე
აქედან წარმოშობილი ზიანისათვის.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი No1902 – სსმ I, No4, 22.01.2003 წ., მუხ.20
მუხლი 681. მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას
ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიტანისთანავე მიმღები
უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის მიღების დადასტურებით ზედნადების მეორე პირის
გადაცემა და ამით ტვირთი ჩაითვლება გადაცემულად. თუ აღმოჩნდება ტვირთის დანაკლისი, ან ტვირთი არ
არის 688-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიტანილი, მიმღებს შეუძლია გადაზიდვის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები საკუთარი სახელით გამოიყენოს გადამზიდველის წინააღმდეგ.
მუხლი 682. ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა
1. თუ ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის მიღების წინ შეუძლებელია
ხელშეკრულების შესრულება ზედნადებში აღნიშნული პირობებით, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს 680-ე
მუხლის მიხედვით უფლებამოსილი პირის განკარგულება ტვირთის შესახებ.
2. თუ გარემოებები იძლევიან ზედნადებში მითითებული პირობებისაგან განსხვავებულად გადაზიდვის
შესაძლებლობას და გადამზიდველს არ შეეძლო უფლებამოსილი პირის ტვირთის შესახებ 680-ე მუხლით
გათვალისწინებულ მითითებათა მიღება სათანადო ვადის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს ისეთი ზომები,
რომლებიც, უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე საუკეთესოდ იქნება მიჩნეული.
მუხლი 683. ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები
1. თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშობა ტვირთის გადაცემის
ხელშემშლელი გარემოებები, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს გამგზავნის მითითებები. თუ მიმღები უარს
ამბობს ტვირთის მიღებაზე, გამგზავნი უფლებამოსილია თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
პირის წარმოდგენის გარეშეც.
2. მიმღებს შეუძლია ტვირთის გადაცემა მოითხოვოს მაშინაც კი, როცა მან ტვირთის მიღებაზე უარი თქვა,
ვიდრე გადამზიდველს გამგზავნისაგან არ მიუღია საწინააღმდეგო მითითებები.
3. თუ წარმოიშვა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოება მას შემდეგ, რაც მიმღებმა 680-ე მუხლის მე-
3 ნაწილის მიხედვით გასცა მითითება მესამე პირისათვის ტვირთის გადაცემის შესახებ, მაშინ ამ მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილების გამოყენებისას მიმღები იკავებს გამგზავნის ადგილს, მესამე პირი კი – მიმღების
ადგილს.
მუხლი 684. გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება
1. გადამზიდველს აქვს იმ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომლებიც მას წარმოეშობა
მითითებების მიღების ან მათი შესრულების გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხარჯები მისი ბრალით
წარმოიშვა.
2. 682-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 683-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამზიდველს
შეუძლია ტვირთი სასწრაფოდ გადმოტვირთოს უფლებამოსილი პირის ხარჯზე; გადმოტვირთვის შემდეგ
გადაზიდვა დასრულებულად ითვლება. ამის შემდეგ გადამზიდველმა ტვირთი უნდა შეინახოს
უფლებამოსილი პირისათვის. მას შეუძლია ტვირთის შენახვა მიანდოს მესამე პირს; ასეთ შემთხვევაში მას
პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მესამე პირის შერჩევისათვის. ზედნადებიდან გამომდინარე ყველა
მოთხოვნა და ხარჯი ანაზღაურდება ტვირთის ღირებულებიდან.
3. უფლებამოსილი პირის მითითების დალოდების გარეშე გადამზიდველს შეუძლია გაყიდოს ტვირთი, თუ
საქონელი მალფუჭებადია, ან თუ ტვირთის მდგომარეობა ამართლებს ამგვარ მოქმედებას, ანდა როცა შენახვის
ხარჯები აღემატება ტვირთის ღირებულებას. მას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს ტვირთი, თუ
განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი არ მიიღებს მითითებებს არც ერთი მხარისაგან.
4. თუ ტვირთი გაიყიდა ამ მუხლის წესების მიხედვით, მაშინ თანხა ტვირთთან დაკავშირებული ხარჯების
გამოკლებით უნდა გადაეცეს უფლებამოსილ პირს. თუ ეს ხარჯები შემოსავალზე მეტია, გადამზიდველს
შეუძლია მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება.
5. გაყიდვის წესი განისაზღვრება იმ ადგილის კანონებითა და ჩვეულებებით, სადაც იმყოფება ტვირთი.
მუხლი 685. გირავნობის უფლება ტვირთზე
გადამზიდველს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო აქვს ტვირთზე გირავნობის
უფლება, ვიდრე იგი უფლებამოსილია განკარგოს ეს ნივთი.
II. გადამზიდველის პასუხისმგებლობა
მუხლი 686. ცნება. შინაარსი
1. გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ
ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის
გადაცილებისათვის.
2. გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის
ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა,
რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა
გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა
თავიდან აეცილებინა.
3. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების მიზნით გადამზიდველს არ შეუძლია მიუთითოს არც
გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლზე და არც ამ საშუალების გამქირავებლის
ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალზე.
4. გადამზიდველი 687-ე მუხლის მე-2-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას
თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ
გარემოებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხისგან წარმოიშვა, კერძოდ, როცა:
ა) გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ მისი გამოყენება პირდაპირ იყო
შეთანხმებული და ზედნადებში აღნიშნული;
ბ) ტვირთი არ არის შეფუთული ან უხარისხოდაა შეფუთული, რაც, ტვირთის ხასიათიდან გამომდინარე,
დაკარგვის ან დაზიანების საფრთხეს ქმნის;
გ) ტვირთის დათვალიერება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის, მიმღების ან
მათთვის მოქმედი მესამე პირის მიერ;
დ) ცალკეული ტვირთების თავისებურებათა გამო მოსალოდნელია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ
დაკარგვის, ან დაზიანების, კერძოდ, დამტვრევის, დაჟანგვის, კოროზიის, გახმობის, დაღვრის, ნორმალური
დანაკარგის ან მწერებისა და მღრღნელების ზემოქმედების საფრთხე;
ე) გადასაზიდი ტვირთი არასაკმარისადაა აღნიშნული ან დანომრილი;
ვ) გადასაყვანია ცხოველები.
მუხლი 687. მტკიცების ტვირთი
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
1. იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის
მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდველს.
2. თუ გადამზიდველი დაამტკიცებს, რომ, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დანაკარგი ან
დაზიანება შეიძლებოდა წარმოქმნილიყო 686-ე მუხლის მე-4 ნაწილში დასახელებული ერთი ან რამდენიმე
საფრთხისაგან, ივარაუდება, რომ ზიანი აქედან წარმოიშვა. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაამტკიცოს, რომ
ზიანი არ არის ამ საფრთხისგან ან მხოლოდ ამ საფრთხისგან წარმოშობილი.
3. ამ მუხლის მეორე ნაწილში მოცემული პრეზუმფცია არ მოქმედებს 686-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის ექსტრემალურ პირობებში დაკარგვის ან
დაღუპვისას.
4. თუ გადაზიდვა ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც აქვს სპეციალური აღჭურვილობა
ტვირთის დასაცავად სიცხის, სიცივის, ტემპერატურის ცვლილებების ან ქარისაგან, გადამზიდველს შეუძლია
686-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მიუთითოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა
აუცილებელი მოქმედებანი ამ მოწყობილობათა შერჩევის, ექსპლუატაციისა და გამოყენებისათვის და დაიცვა
მისთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა.
5. გადამზიდველს შეუძლია 686-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, თუ
დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა მასზე დაკისრებული ყველა ღონისძიება და დაიცვა მისთვის მიცემული
ყველა მითითება.
მუხლი 688. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილება
ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში,
ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, – გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში – იმ გარემოებათა
გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად
აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა
დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.
მუხლი 689. ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია
1. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშეც ტვირთი ჩათვალოს
დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება
მიტანილი დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, – გადამზიდველის მიერ
ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.
2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზიანის ანაზღაურებისას წერილობით
მოითხოვოს, რომ მას დაუყოვნებლივ შეატყობინონ, თუ ზიანის ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში
გამოჩნდება დაკარგული ტვირთი. ამ მოთხოვნაზე პასუხი ასევე წერილობით უნდა გაიცეს.
3. უფლებამოსილ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის ვადაში მოითხოვოს,
რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული
ანაზღაურების უკან დაბრუნების პირობით, საჭიროებისას – ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი ხარჯების
გამოკლებით; მისი მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე 692-ე და 694-ე
მუხლების მიხედვით უცვლელი რჩება.
4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებული მოთხოვნა წარდგენილი არ იქნება, ან არ არის
მითითება მესამე ნაწილში გათვალისწინებული ოცდაათდღიანი ვადის გამო, ანდა ტვირთი ნაპოვნი იქნება
გადახდიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ გადამზიდველს შეუძლია ტვირთი განკარგოს იმ
ადგილას მოქმედი წესების მიხედვით, სადაც ტვირთი იმყოფება.
მუხლი 690. დანამატის მიღების მოთხოვნის უფლება
თუ მიმღებს ტვირთი ჩაბარდა იმ დანამატის გადაუხდელად, რომელიც გადამზიდველს უნდა მიეღო
დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიტანის შემდეგ, მაშინ გადამზიდველს შეუძლია, რეგრესულ უფლებაზე
მითითებით, გამგზავნს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 691. საფრთხეშემცველი ტვირთის გაგზავნის წესი
1. თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია გადამზიდველს მიაწოდოს
ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი – დააზღვიოს ეს
ტვირთი. თუ ეს ვალდებულება არ არის შეტანილი ზედნადებში, მაშინ გამგზავნსა და მიმღებს ევალებათ სხვა
საშუალებებით დაამტკიცონ, რომ გადამზიდველმა ზუსტად იცოდა ტვირთის სახეობა და მოსალოდნელი
საფრთხე.
2. საფრთხეშემცველი ტვირთი, რომლის საფრთხის შესახებაც პირველი ნაწილის მიხედვით გადამზიდველმა
არაფერი იცოდა, გადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან
გააუვნებელყოს იგი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე; გამგზავნი ასევე აგებს პასუხს ამ ტვირთის
გადასაზიდად გადაცემით ან გადაზიდვებით გამოწვეული ზიანისა და ხარჯებისათვის.
მუხლი 692. ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას
1. თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა
და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით.
2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას – საბაზრო
ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ – მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების
ანალოგიურად.
3. გადაზიდვის თანხა , აგრეთვე საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული და სხვა , მსგავსი ხარჯები
ტვირთის მთლიანად დაკარგვისას უნდა დაბრუნდეს მთლიანად , ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას –
ნაწილობრივ .
4. თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და უფლებამოსილი პირი დაამტკიცებს, რომ ამის გამო
წარმოიშვა ზიანი, გადამზიდველმა უნდა აანაზღაუროს იგი მხოლოდ ამ ტვირთის ღირებულების ოდენობამდე.
მეტის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა 694-ე მუხლის თანახმად არსებობდა
განსაკუთრებული ინტერესი ამ გადაზიდვის მიმართ, ან მითითებული იყო ტვირთის ღირებულება.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი No3806 - სსმ I, No66,03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი No5964 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი No4925 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
მუხლი 693. ზიანის ანაზღაურება ტვირთის დაზიანებისას
1. ტვირთის დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა
ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში
დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით.
2. ზიანის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელიც:
ა) უნდა გადახდილიყო ტვირთის მთლიანად დაკარგვისას, თუკი მთელი ტვირთი დაზიანების შედეგად
მთლიანად გაუფასურდა;
ბ) უნდა გადახდილიყო ტვირთის გაუფასურებული ნაწილის დაკარგვისას, თუკი დაზიანების შედეგად
გაუფასურდა ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილი.
მუხლი 694. განსაკუთრებული დაინტერესების აღნიშვნა ზედნადებში
1. გამგზავნს შეუძლია დათქმული დანამატის გადახდის საფუძველზე ზედნადებში აღნიშნოს თავისი
განსაკუთრებული დაინტერესება ამ გადაზიდვით იმ შემთხვევებისათვის, როცა დაიკარგება ან დაზიანდება
ტვირთი, ანდა გადაცილებული იქნება მისი ჩაბარების ვადა.
2. თუ უკვე გამოხატულია განსაკუთრებული დაინტერესება მოცემული გადაზიდვით, 692-ე და 693-ე
მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად შეიძლება მოთხოვილ იქნეს
დამატებითი ზიანის ანაზღაურება დაინტერესებაში გამოხატული ოდენობით.
მუხლი 695. პროცენტის მოთხოვნა უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე
1. ტვირთზე უფლებამოსილ პირს შეუძლია მისთვის უზრუნველყოფილ ზიანის ანაზღაურებაზე მოითხოვოს
წლიური ხუთი პროცენტი. პროცენტების ათვლა იწყება გადამზიდველის მიმართ რეკლამაციის წარდგენის
დღიდან ან თუ რეკლამაცია არ იყო წარდგენილი, – სარჩელის შეტანის დღიდან.
2. თუ ზიანის ანაზღაურება დადგენილია იმ ფულად ერთეულში, რომელიც არ მოქმედებს ქვეყანაში, და
მოთხოვილია გადახდა, კურსი განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების გადახდის ადგილზე იმ დღეს მოქმედი
კურსის შესაბამისად.
მუხლი 696. არასახელშეკრულებო მოთხოვნები გადაზიდვებისას
1. თუ დანაკარგმა, დაზიანებამ ან ვადის გადაცილებამ, რომლებიც ამ თავით მოწესრიგებული
გადაზიდვების დროს წარმოიშვა, შეიძლება მოქმედი წესების მიხედვით არასახელშეკრულებო მოთხოვნები
გამოიწვიოს, მაშინ ამის საპასუხოდ გადამზიდველს შეუძლია მიუთითოს ამ თავის იმ წესებზე, რომლებიც მის
პასუხისმგებლობას გამორიცხავენ, ან ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავენ, ანდა ზღუდავენ.
2. თუ გამოყენებული იქნება არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მოთხოვნები დანაკარგის,
დაზიანებისა და ვადის გადაცილებისთვის ერთ-ერთი პირის მიმართ, მაშინ მას შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის
იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ მის პასუხისმგებლობას, ან განსაზღვრავენ ზიანის ანაზღაურების
ოდენობას ანდა, ზღუდავენ მას.
მუხლი 697. პასუხისმგებლობისაგან გადამზიდველის გათავისუფლების დაუშვებლობა
გადამზიდველს არ შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც მის პასუხისმგებლობას
გამორიცხავენ ან ზღუდავენ, ანდა მტკიცების ტვირთისაგან ათავისუფლებენ მას, თუკი ზიანი გამოწვეულია
მისი ბრალით.
III. რეკლამაცია (პრეტენზია) და სარჩელი
მუხლი 698. ცნება. შინაარსი
1. თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს გადამზიდველთან ერთად და არ
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ
საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში მითითებულ
მდგომარეობაში; აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება
გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და
დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. თუ საქმე ეხება გარეგნულად
შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს, პრეტენზია (მოთხოვნა) უნდა წარედგინოს წერილობით.
2. თუ მიმღებმა და გადამზიდველმა ერთად შეამოწმეს ტვირთის მდგომარეობა, შემოწმების შედეგების
საპირისპირო მტკიცებულება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ
დანაკარგებსა და დაზიანებებს და მიმღები ჩაბარებიდან შვიდი დღის განმავლობაში არ წარადგენს წერილობით
მოთხოვნებს.
3. ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მიმღები
ტვირთის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში გადამზიდველს წარუდგენს წერილობით მოთხოვნებს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას ამ ვადებში არ ჩაითვლება: ტვირთის
გამოგზავნის, შემოწმების ან მიმღებისათვის მისი ჩაბარების დღეები.
5. გადამზიდველმა და მიმღებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს აუცილებელი შემოწმებების ჩატარებასა და
საჭირო ფაქტების დადგენაში.
მუხლი 699. გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა
ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი
წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა
იწყება:
ა) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას – მისი გამოგზავნის
დღიდან;
ბ) ტვირთის მთლიანად დაკარგვისას – გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან
თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, – გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს;
გ) ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში – გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის
გასვლის შემდეგ .
მუხლი 700. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება
ხანდაზმულობის ვადა ჩერდება წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე იმ დღისათვის, როცა
გადამზიდველი უარყოფს რეკლამაციას და თანდართულ საბუთებს უკანვე აბრუნებს. თუ რეკლამაცია
ნაწილობრივ იქნება აღიარებული, ხანდაზმულობის ვადა რეკლამაციის სადავო ნაწილისათვის კვლავ
გრძელდება. რეკლამაციის მიღების ან მასზე პასუხის, ასევე საბუთების უკან დაბრუნების მტკიცების ტვირთი
ეკისრება იმ პირს, რომელიც მათ ეყრდნობა. სხვა რეკლამაციები, რომლებიც იმავე საგანს ეხებიან, ვერ
შეაჩერებენ ხანდაზმულობის ვადის დენას.
IV. გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების მიერ
მუხლი 701. პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმდევარი გადაზიდვების შემთხვევაში
თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა
გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის;
მეორე და ყოველი მომდევნო გადამზიდველი ტვირთისა და ზედნადების მიღების გზით ხდება
ხელშეკრულების მხარე.
მუხლი 702. სათანადო საბუთების გადაცემის ვალდებულება
1. გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, ვალდებულია გადასცეს ტვირთის
მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი. ზედნადების მეორე
პირზე მან უნდა მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების მეორე
პირში გადამზიდველს შეაქვს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები და ტვირთის
მიღების დადასტურება.
2. ერთმანეთის მიმდევარ გადამზიდველებს შორის ურთიერთობები წესრიგდება 677-ე მუხლით .
მუხლი 703. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველებისაგან
ტვირთის დაკარგვის, დაზიანების ან გადაზიდვის ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნები, შეგებებული სარჩელის ან შეცილების წარდგენის გარდა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
მხოლოდ პირველი, ბოლო ან იმ გადამზიდველის მიმართ, რომლის მიერ გადაზიდვისას დაიკარგა, დაზიანდა
ტვირთი ან გადაცილებულ იქნა ტვირთის ჩაბარების ვადა; ერთი და იგივე სარჩელი შეიძლება წარედგინოს
რამდენიმე გადამზიდველს.
მუხლი 704. რეგრესის უფლება ზიანის ანაზღაურებისას
თუ ამ თავის მიხედვით გადამზიდველმა უკვე აანაზღაურა ზიანი, მას აქვს უკუმოთხოვნის უფლება შემდეგ
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
შემთხვევებში:
ა) თუ ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების გამომწვევმა გადამზიდველმა მარტომ უნდა აანაზღაუროს მის
მიერ ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანი;
ბ) თუ ტვირთის დაკარგვა ან მისი დაზიანება გამოწვეულია ორი ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ,
თითოეულმა უნდა აანაზღაუროს პასუხისმგებლობის წილის შესაბამისი თანხა; თუკი ამის დადგენა
შეუძლებელია, მაშინ თითოეული პასუხს აგებს მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი წილის
პროპორციულად;
გ) როცა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ გადამზიდველს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება,
„ბ“ ქვეპუნქტში მოცემული პროპორციის მიხედვით უნდა გადაიხადოს ყველა გადამზიდველმა.
მუხლი 705. გადამზიდველის გადახდისუუნარობის შედეგები
თუ ერთ-ერთი გადამზიდველი გადახდისუუნაროა, მის მიერ გადასახდელი, მაგრამ ჯერ კიდევ
გადაუხდელი თანხა ნაწილდება დანარჩენ გადამზიდველებს შორის მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი
წილის პროპორციულად.
მუხლი 706. შედავება განხორციელებული რეგრესის უფლების გამო
გადამზიდველმა, რომლის მიმართაც 704-ე და 705-ე მუხლების თანახმად განხორციელდა უკუმოთხოვნა, არ
შეიძლება საცილო გახადოს, რომ უკუმოთხოვნის განმახორციელებელმა გადამზიდველმა უსაფუძვლოდ
გადაიხადა თანხა, თუკი გადაწყვეტილება გადახდის შესახებ მიღებულია სასამართლოს მიერ და თუ ეს
გადამზიდველი ამ სასამართლო პროცესის შესახებ სათანადოდ იქნა გაფრთხილებული და შეეძლო კიდეც
მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში.
მუხლი 707. ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების ურთიერთშეთანხმება
გადამზიდველებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ 704-ე და 705-ე მუხლებისაგან განსხვავებულ საკითხებზე.
მუხლი 708. კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ბათილობა
1. 707-ე მუხლში მოცემული წესების გარდა ყოველი შეთანხმება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არ
შეესაბამება ამ თავის წესებს, ბათილია. ასეთი შეთანხმებების ბათილობა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების
სხვა დებულებათა ბათილობას.
2. ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ
მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი შეთანხმება, რომლითაც მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება
გადატანილი.
თავი მეცამეტე
დავალება
მუხლი 709. ცნება
დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული
(მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე .
მუხლი 710. გასამრჯელო დავალებისათვის
1. მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების
შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი.
3. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად
მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.
მუხლი 711. დავალების გადანდობა მესამე პირისათვის
1. რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს
გადაენდო იგი მესამე პირისათვის, ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო. დაშვებულია
დამხმარე პირთა ჩართვა.
2. თუ ნებადართულია დავალების გადანდობა მესამე პირისათვის, მაშინ რწმუნებული პასუხს აგებს
მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის გადანდობისას და ამ პირის შერჩევაში.
მუხლი 712. მარწმუნებლის მითითებიდან გადახვევა
1. რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები.
2. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას
შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ
გადახვევას. რწმუნებული მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და
დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
3. თუ რწმუნებულის მიერ მითითებების შესრულებამ შეიძლება მარწმუნებელს მიაყენოს მნიშვნელოვანი
ზიანი, მას შეეძლება მითითებების შესრულება მხოლოდ მაშინ, როცა აცნობებს მარწმუნებელს ზიანის
თაობაზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი არ შეცვლის თავის მითითებას.
მუხლი 713. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით –
მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას
ანგარიში.
2. შეთანხმება, რომლითაც მომავალში შეიზღუდება ან გამოირიცხება რწმუნებულის მოვალეობები ამ
მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საჭიროებს წერილობით ფორმას.
მუხლი 714. საიდუმლოების შენახვის ვალდებულება
1. რწმუნებული მოვალეა არ გაახმაუროს თავისი საქმიანობის ფარგლებში მისთვის ცნობილი ფაქტები,
რომელთა საიდუმლოდ შენახვითაც მარწმუნებელი მართლზომიერადაა დაინტერესებული, თუკი კანონის
საფუძველზე არ არსებობს საიდუმლოების გამჟღავნების მოვალეობა, ან მარწმუნებელი ნებას არ დართავს
რწმუნებულს გაამჟღავნოს იგი.
2. ფაქტების გაუხმაურებლობის მოვალეობა არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების
შემდეგაც.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი No1902 – სსმ I, No4, 22.01.2003 წ., მუხ.20
მუხლი 715. დავალების შესასრულებლად გადაცემულის უკან დაბრუნების მოვალეობა
1. რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების
შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების
შესრულებასთან დაკავშირებით.
2. თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან
გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.
მუხლი 716. მარწმუნებლის ქონების პრეზუმფცია
ქონება, რომელიც რწმუნებულმა დავალებული მოქმედების შესრულებისას შეიძინა მარწმუნებლის ხარჯზე
და საკუთარი სახელით, ან მარწმუნებელმა გადასცა მას დავალებული მოქმედების შესასრულებლად,
კრედიტორებთან რწმუნებულის ურთიერთობაში ჩაითვლება მარწმუნებლის ქონებად.
მუხლი 717. ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა
1. მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული
აუცილებელი ხარჯები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ ხარჯები გასამრჯელოთი უნდა
დაიფაროს.
3. რწმუნებულს შეუძლია მოსთხოვოს მარწმუნებელს ავანსი იმ ხარჯებისათვის, რომლებიც მას უნდა
აუნაზღაურდეს.
მუხლი 718. ბრალის გარეშე დამდგარი ზიანის ანაზღაურება
1. მარწმუნებელი მოვალეა აანაზღაუროს მისი ბრალის გარეშე დამდგარი ზიანიც, რომელიც წარმოეშვა
რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესრულებისას, თუ ზიანი დადგა დავალებული მოქმედების
შესრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხის შედეგად მარწმუნებლის მითითების გამო.
2. პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ დამდგარი ზიანი გასამრჯელოთი უნდა
დაიფაროს, ან თუ ზიანი გამოწვეულია რწმუნებულის მოქმედებით. თუ სადავო გახდება გასამრჯელოთი
ზიანის დაფარვა, მაშინ მტკიცების მოვალეობა ეკისრება რწმუნებულს.
მუხლი 719. ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
თუ რწმუნებული უსასყიდლოდ ასრულებს მისთვის დავალებულ მოქმედებებს, იგი პასუხს აგებს მხოლოდ
განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანისათვის.
მუხლი 720. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა
1. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე
უარის შესახებ ბათილია.
2. თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო
შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს
ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებულს ამისათვის
მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
3. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს
მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება
სასყიდლიანი იყო, – გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 721. მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შედეგები
1. ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო არ წყდება, თუ
სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან მინდობილობის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება,
რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს
ან მის მემკვიდრეს ზიანის მიყენების საფრთხეს შეუქმნის, სანამ მარწმუნებლის მემკვიდრე ან მარწმუნებლის
კანონიერი წარმომადგენელი/მხარდაჭერის მიმღები აუცილებელ ზომებს არ მიიღებს; ამასთანავე,
სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებულად ითვლება.
3. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, იგი
რწმუნებულისათვის გაგრძელებულად ითვლება, სანამ მას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ არ
ეცნობება.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი No3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 722. რწმუნებულის გარდაცვალების შედეგები
1. ხელშეკრულება წყდება რწმუნებულის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული
ან სხვა რამ არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან.
2. რწმუნებულის სიკვდილის შემთხვევაში მისი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან აცნობონ მარწმუნებელს
ამის შესახებ და მიიღონ აუცილებელი ზომები მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად.
მუხლი 723. კომისიის ხელშეკრულება
კომისიის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება კანონი მეწარმეთა შესახებ .
თავი მეთოთხმეტე
საკუთრების მინდობა
მუხლი 724. ცნება
საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ
მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად.
მუხლი 725. მინდობილი მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი
1. მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების
მიმნდობის რისკითა და ხარჯით.
2. მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით.
თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ
გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს
ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.
მუხლი 726. საკუთრების მინდობის ხარჯების ანაზღაურება
1. მინდობილი მესაკუთრე მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის საკუთრების
მიმნდობისაგან არ იღებს გასამრჯელოს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება საკუთრების მიმნდობს.
3. ქონების ნაყოფი რჩება საკუთრების მიმნდობს.
მუხლი 727. საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ფორმა
საკუთრების მინდობის ხელშეკრულება იდება წერილობით.
მუხლი 728. მინდობილი მესაკუთრის პასუხისმგებლობა
მესამე პირებთან ურთიერთობაში პასუხს აგებს მინდობილი მესაკუთრე.
მუხლი 729. დავალების ხელშეკრულების წესების გამოყენება
საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები, გარდა
საპენსიო სქემის ხელშეკრულებისა, რომელიც რეგულირდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონით.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი No3353 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.
თავი მეთხუთმეტე
სატრანსპორტო ექსპედიცია
მუხლი 730. ცნება
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
1. ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე
განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს
შეთანხმებული პროვიზია.
2. ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ
გამომდინარეობს.
მუხლი 731. კეთილსინდისიერების მოთხოვნა ექსპედიტორისაგან
ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს
გადაზიდვაში მონაწილე პირები; ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი
მითითებები.
მუხლი 732. შემკვეთის მოვალეობანი
1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით მას დროულად უნდა მიაწოდოს ტვირთის შესახებ შესაბამისი
ცნობები , აგრეთვე უნდა მისცეს გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად აუცილებელი მითითებები ,
მიაწოდოს საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა მოქმედებების შესასრულებლად და ,
აუცილებლობის შემთხვევაში , იმპორტის გადასახადის გადასახდელად აუცილებელი ცნობები . გარდა ამისა ,
შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად
აუცილებელი დოკუმენტები .
2. საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის
ზუსტი სახეობის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.
3. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს
და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის
დაუკისრებლად.
4. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის
მოთხოვნების შესაბამისად.
5. თუ ტვირთის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელია განმასხვავებელი ნიშნები, მაშინ ისინი იმგვარად
უნდა იქნეს დასმული, რომ ტვირთის მიტანამდე გარკვევით ჩანდეს.
6. შემკვეთი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც ექსპედიტორს მიადგება ამ მუხლის წინა ნაწილებით
გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ მუხლის მე-3 და
მე-4 ნაწილების მიხედვით ექსპედიტორს არ გაუკეთებია შენიშვნა შეფუთვის ან განმასხვავებელი ნიშნის
არარსებობის ან ნაკლის თაობაზე, თუმცა ეს ცხადი იყო, ან მას ჰქონდა ცნობები ამის შესახებ ტვირთის
მიღებისას.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი No3806 - სსმ I, No66,03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი No5964 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი No4925 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
მუხლი 733. ტვირთის ცალობრივი შემოწმება
შემკვეთს შეუძლია განსაკუთრებული გასამრჯელოს გადახდით მოსთხოვოს ექსპედიტორს ტვირთის
ცალობრივი შემოწმება მისი მიღებისას.
მუხლი 734. ტვირთის დაზღვევის მოვალეობა
ექსპედიტორს ეკისრება ტვირთის დაზღვევა მხოლოდ მაშინ, როცა ამის თაობაზე მიიღებს შემკვეთისაგან
მითითებას. განსაკუთრებული მითითების არარსებობისას ექსპედიტორი მოვალეა დააზღვიოს ტვირთი
მხოლოდ ჩვეულებრივი პირობებით.
მუხლი 735. ექსპედიციის დაზღვევის ხელშეკრულება
თუ შემკვეთი აშკარად არ გამოთქვამს უარს წერილობით, ექსპედიტორი მოვალეა შემკვეთის ხარჯზე
დააზღვიოს ის ზიანი, რომელიც შეკვეთის შესრულებისას ექსპედიტორის მოქმედებით შემკვეთს შეიძლება
მიადგეს. ექსპედიტორმა უნდა აცნობოს შემკვეთს, თუ ვისთან დადო ექსპედიიცის დაზღვევის ხელშეკრულება.
მუხლი 736. ზიანის დროულად შეტყობინების მოვალეობა
735-ე მუხლის მიხედვით დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე შემკვეთმა უნდა იზრუნოს
ზიანის დროულად შეტყობინებისათვის. თუ ზიანის შესახებ შეტყობინება ეგზავნება ექსპედიტორს, მაშინ იგი
ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს შეტყობინება მზღვეველს ან მზღვეველებს.
მუხლი 737. ტვირთის მიუღებლობის შედეგები
თუ დანიშნულების ადგილას მიმღები არ ჩაიბარებს ტვირთს, ან სხვა საფუძვლით შეუძლებელია ტვირთის
მიღება, მაშინ ექსპედიტორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება გადაზიდვის ხელშეკრულების
წესებით.
მუხლი 738. ტვირთის მდგომარეობის შემოწმების შეუძლებლობა მისი მიღებისას
თუ შეუძლებელია ტვირთის მდგომარეობის შემოწმება მხარეების თანდასწრებით, მაშინ, საწინააღმდეგოს
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
დამტკიცებამდე, ტვირთის მიღება ჩაითვლება იმის დასტურად, რომ ტვირთი მიღებულ იქნა დანაკლისისა და
დაზიანების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმღები ტვირთის ჩამბარებელ პირს მიუთითებს ზიანის
ზოგად ხასიათზე. თუ საქმე ეხება აშკარა დანაკლისს ან დაზიანებას, ამის შესახებ უნდა მიეთითოს ტვირთის
მიღებისთანავე, ხოლო თუკი საქმე არ ეხება ასეთ დანაკლისს ან დაზიანებას, – ტვირთის მიღების დღიდან არა
უგვიანეს სამი დღისა.
მუხლი 739. საკუთარი ძალებით ტვირთის გადაზიდვის უფლება
1. თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი.
ამ უფლების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებს.
2. თუ ექსპედიტორი იყენებს ამ უფლებას, მაშინ მას იმავდროულად აქვს ტვირთის გადამზიდველის
უფლება-მოვალეობებიც.
მუხლი 740. ექსპედიტორის პასუხისმგებლობა
ექსპედიტორი ექსპედიცის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ
აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი.
მუხლი 741. მესამე პირის მიერ გამოწვეული ზიანი
თუ ზიანი გამოწვეულია ხელშეკრულებაში მონაწილე მესამე პირის მიერ, მაშინ შემკვეთის მოთხოვნით
ექსპედიტორი მოვალეა გადასცეს შემკვეთს თავისი მოთხოვნა მესამე პირის წინააღმდეგ, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა ექსპედიტორი სპეციალური შეთანხმების საფუძველზე თვითონ კისრულობს მოთხოვნის
გამოყენებას შემკვეთის ხარჯითა და რისკით.
მუხლი 742. ექსპედიტორის ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
1. ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ ან ზღუდავენ მის
პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით
მიაყენა.
2. იგივე წესი მოქმედებს დამხმარის არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მიმართაც, თუ ამ მუხლის
პირველი ნაწილის შესაბამისად მას შეერაცხა ბრალი.
მუხლი 743. პროვიზიის გადახდის წესი
პროვიზია გადახდილ უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც ექსპედიტორი გადასცემს ტვირთს სატრანსპორტო
ორგანიზაციას.
თავი მეთექვსმეტე
შუამავლობა
I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 744. ცნება
პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის,
ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად
დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ
პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება
ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან
განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.
მუხლი 745. მაკლერის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება
1. მაკლერის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ მომსახურებისათვის, რომელიც არ შედის
საშუამავლო საქმიანობაში, გასამრჯელო შეიძლება შეთანხმებულ იქნეს იმისაგან დამოუკიდებლად, დაიდება
თუ არა ხელშეკრულება.
2. მაკლერს 744-ე მუხლის მიხედვით არ შეუძლია დათქვას ავანსი ან მიიღოს იგი.
3. მაკლერს ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეთანხმებული იყო. ეს წესი გამოიყენება
მაშინაც, როცა ხელშეკრულება ვერ დაიდო. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებულია
ანაზღაურება იმ ხარჯებისა, რომლებიც არ არის საჭირო საშუამავლო ხელშეკრულების განხორციელებისათვის.
მუხლი 746. ექსკლუზიური დავალება
1. თუ შემკვეთმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უარი უნდა თქვას სხვა მაკლერის გამოყენებაზე
(ექსკლუზიური დავალება), მაშინ მაკლერი ვალდებულია ამ დროის მანძილზე ხელი შეუწყოს ხელშეკრულების
დადებას. თუ შემკვეთი მოქმედებს პირველ წინადადებაში აღნიშნული ვალდებულების საწინააღმდეგოდ,
მაშინ მაკლერს შეუძლია – თუ ხელშეკრულება დადებულია სხვა მაკლერის გამოყენებით – მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ზიანის ანაზღაურების ერთიანი
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
თანხა ზიანის არსებობის დამტკიცების მიხედვით. ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ
პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე.
2. შემკვეთი უფლებამოსილია ხელშეკრულება დადოს მესამე პირთან მაკლერის გამოუყენებლადაც. ამავე
დროს შეიძლება შეთანხმება, რომ შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი გასამრჯელო მაშინაც, როცა
იგი ხელშეკრულებას დებს მაკლერის გამოუყენებლად. გასამრჯელო არ შეიძლება აღემატებოდეს
ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების
დადების შუამავლობაზე.
3. შემკვეთის საზიანოდ დადებული ამ წესებისაგან განსხვავებული შეთანხმება ბათილია.
4. შეთანხმება ექსკლუზიური დავალების შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მუხლი 747. საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა
1. საშუამავლო ხელშეკრულება შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს რაიმე ვადის დაუცველად, თუკი
ხელშეკრულების ვადა არ იყო განსაზღვრული.
2. ექსკლუზიური დავალება შეიძლება მოიშალოს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლით. ექვსი თვის
გასვლის შემდეგ იგი შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს.
3. ხელშეკრულების მოშლის უფლება შეიძლება დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მაშინაც, როცა გასულია ექვს
თვეზე მეტი დრო, მაგრამ ამას მოითხოვს შუამავლობით დასადები ხელშეკრულების სახისა და საგნის
თავისებურებანი.
მუხლი 748. მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემა ან ხარჯების ანაზღაურება, თუ მესამე პირთან
დადებული ხელშეკრულება ეხება მაკლერის კუთვნილ საგანს; იგივე წესი გამოიყენება, როცა განსაკუთრებული
გარემოებების გამო შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რაც ხელს შეუშლის მაკლერს შემკვეთის ინტერესების
განხორციელებაში. ეს შემთხვევებია, როცა:
ა) მაკლერი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც სამართლებრივად და ეკონომიკურად
მონაწილეობს მესამე პირი;
ბ) მესამე პირი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც მაკლერი სამართლებრივად და
ეკონომიკურად მონაწილეობს;
გ) მაკლერი მესამე პირთან სამსახურებრივ ან შრომით ურთიერთობაშია;
დ) მაკლერი მესამე პირის მეუღლეა.
2. მაკლერს აქვს გასამრჯელოს მიღების ან ხარჯების ანაზღაურების უფლება, როცა იგი შემკვეთს მესამე
პირთან ხელშეკრულების დადებამდე შეატყობინებს ამ გარემოებათა შესახებ.
3. მაკლერი კარგავს გასამრჯელოს ან ხარჯების ანაზღაურების უფლებას, თუ იგი ხელშეკრულების
შინაარსის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა მესამე პირის სასარგებლოდ.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული წესების საწინააღმდეგო შეთანხმება
ბათილია.
II. შუამავლობა ბინის ქირავნობისას
მუხლი 749. საბინაო მაკლერი
1. იმ ხელშეკრულებისათვის, რომლითაც პირი კისრულობს შუამავლობას ბინის ქირავნობის
ხელშეკრულების დასადებად (საბინაო მაკლერი), გამოიყენება შუამავლობის ზოგადი წესები, თუ ბინის
ქირავნობის შუამავლობიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. ბინის ქირავნობის შუამავლობის ნორმები არ გამოიყენება იმ ხელშეკრულებათა მიმართ, რომელთა საგანია
საბინაო შუამავლობა ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობებისას.
მუხლი 750. გასამრჯელოს მიღების დაუშვებლობა
1. საბინაო მაკლერის მოთხოვნა გასამრჯელოს მიღების ან დანახარჯების ანაზღაურების შესახებ
დაუშვებელია მაშინ, როცა:
ა) ქირავნობის ხელშეკრულებით იმავე ბინაზე გრძელდება უკვე არსებული ქირავნობის ურთიერთობა, ან
იგი სხვაგვარად იქნება შეცვლილი;
ბ) იდება ქირავნობის ხელშეკრულება საბინაო ფართზე, რომლის მართვასაც ახორციელებს საბინაო მაკლერი.
2. შემკვეთის საზიანოდ დადებული შეთანხმება ბათილია.
III. შუამავლობა სესხებისას
მუხლი 751. სასესხო მაკლერი
იმ ხელშეკრულების მიმართ, რომლითაც პირი კისრულობს სხვა პირისათვის სესხის ხელშეკრულების
დადების შუამავლობას (სასესხო მაკლერი), გამოიყენება შუამავლობის ზოგადი წესები, თუ 752-ე და 753-ე
მუხლებიდან სპეციფიკური წესები არ გამომდინარეობს.
მუხლი 752. ხელშეკრულების ფორმა
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს ოდენობა სესხიდან განსაზღვრული
პროცენტის მითითებით; გარდა ამისა, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი,
გადახდის დრო, გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები, შემკვეთის მიერ
გადასახდელი მთლიანი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი. ეს წესები არ გამოიყენება, როცა
შეკვეთა ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს ან მიწის ნაკვეთის შესაძენად გაცემულ სესხს, რომელიც
შემკვეთმა უნდა გამოიყენოს თავისი დამოუკიდებელი პროფესიული ან სამეწარმეო ანდა საუწყებო თუ
სამსახურებრივი საქმიანობისათვის.
3. ხელშეკრულების ტექსტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სესხის გაცემის შუამდგომლობასთან. სასესხო
მაკლერმა შემკვეთს უნდა გადასცეს ხელშეკრულების ასლი.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 753. გასამრჯელოს გადახდის მოვალეობა
1. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ მან შუამავლობის შედეგად მიიღო
სესხი. შემკვეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ დადებული შეთანხმება ბათილია.
2. სასესხო მაკლერს არ შეუძლია მოითხოვოს სხვა გასამრჯელო, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში
გათვალისწინებულისა, იმ მოქმედებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სესხის აღების შუამავლობასთან.
მუხლი 754. სავაჭრო მაკლერი
სავაჭრო მაკლერის მიმართ გამოიყენება კანონი მეწარმეთა შესახებ .
თავი მეჩვიდმეტე
ჯილდოს საჯაროდ დაპირება. კონკურსი
მუხლი 755. ცნება
ის, ვინც საჯარო დაპირებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, კერძოდ, ამა თუ
იმ შედეგის მიღწევისათვის, ვალდებულია გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა.
პირს ჯილდოს მიღების უფლება აქვს მაშინაც, როცა იგი არ მოქმედებდა ჯილდოს საჯაროდ დაპირების გამო.
მუხლი 756. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება
1. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება გაუქმდეს გამოცხადებული მოქმედების შესრულებამდე.
ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ იგი ცნობილი გახდება იმავე
საშუალებით, რითაც ჯილდოს საჯაროდ დაპირება ან სპეციალური შეტყობინების მეშვეობით.
2. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება შეიცავდეს მითითებას მის გაუქმებაზე უარის შესახებ;
საეჭვოობისას ივარაუდება, რომ დაპირება გაუქმებულია, თუ მოქმედება არ განხორციელებულა დათქმულ
ვადამდე.
მუხლი 757. მოქმედების შესრულება რამდენიმე პირის მიერ
1. თუ მოქმედება, რომლისთვისაც დაწესებულია ჯილდო, შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ
დაჯილდოვდება ის, ვინც პირველმა შეასრულა ეს მოქმედება.
2. თუ მოქმედება ერთდროულად შეასრულა რამდენიმე პირმა, მაშინ თითოეული შემსრულებელი
დაჯილდოვდება თანაბარწილად. თუკი ჯილდო თავისი თვისებების გამო არ შეიძლება გაიყოს, ან – საჯარო
დაპირების შინაარსის მიხედვით – მხოლოდ ერთმა უნდა მიიღოს იგი, მაშინ ჯილდოს გადაცემის საკითხი
გადაწყდება წილისყრით.
მუხლი 758. პრიზის დაწესება
1. პირი, რომელიც საჯარო განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს საუკეთესო შესრულებისათვის აწესებს
პრიზს, ვალდებულია გადასცეს იგი სამუშაოს საუკეთესო შემსრულებელს.
2. კონკურსის გამოცხადებას აქვს ძალა მხოლოდ მაშინ, თუ იგი ითვალისწინებს განსაზღვრულ ვადას
სამუშაოს შესასრულებლად.
მუხლი 759. საკონკურსო პირობებში ცვლილებების შეტანის დაუშვებლობა
დაუშვებელია საკონკურსო პირობებში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ზიანს მოუტანს კონკურსის
მონაწილეებს.
მუხლი 760. კონკურსში გამარჯვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, უპასუხებს თუ არა კონკურსის პირობებს დათქმულ ვადაში წარდგენილი
სამუშაო, ან რამდენიმედან რომელია უკეთესი, იღებს კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში
მითითებული პირი, ხოლო თუ ასეთი რამ არ არის აღნიშნული, – კონკურსის გამომცხადებელი.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 761. რამდენიმე პირის გამარჯვება კონკურსში
თუ სამუშაო, რომლისთვისაც დაწესებულია პრიზი, რამდენიმე პირმა შეასრულა, მაშინ მათ მიმართ
გამოიყენება ჯილდოს საჯაროდ დაპირებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი წესები.
მუხლი 762. კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრების დაბრუნების წესი
კონკურსის გამომცხადებელი ვალდებულია დაუბრუნოს მის მონაწილეებს კონკურსზე წარდგენილი
ნამუშევრები, თუ საკონკურსო განცხადებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავი მეთვრამეტე
მიბარება
მუხლი 763. ცნება
მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული
მოძრავი ნივთი.
მუხლი 764. მიბარების საზღაური
1. მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი
ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად
ჩაითვლება.
2. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად
მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას – ჩვეულებრივი საზღაური.
მუხლი 765. შემნახველის მოვალეობა უსასყიდლო მიბარებისას
თუ მიბარება უსასყიდლოა, მაშინ შემნახველი ვალდებულია ისეთივე კეთილსინდისიერებით შეინახოს
ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა.
მუხლი 766. მესამე პირისათვის ნივთის გადაცემის დაუშვებლობა
1. შემნახველს არა აქვს უფლება ნივთი შესანახად გადასცეს მესამე პირს მიმბარებლის თანხმობის გარეშე.
2. თუ მესამე პირისათვის შესანახად გადაცემა თანხმობით მოხდა, მაშინ შემნახველი პასუხს აგებს მხოლოდ
იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის მესამე პირის ან შენახვის ადგილის არჩევაში.
მუხლი 767. მიბარებული ნივთით სარგებლობის დაუშვებლობა
შემნახველს არა აქვს უფლება ისარგებლოს მისთვის მიბარებული ნივთით მიმბარებლის თანხმობის გარეშე,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნივთის შენახვისათვის მისით სარგებლობა აუცილებელია.
მუხლი 768. ნივთის შენახვის წესის შეცვლა
შემნახველს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ნივთის შენახვის წესი. ამის თაობაზე მან
უნდა აცნობოს მიმბარებელს. შემნახველმა ასევე უნდა აცნობოს მიმბარებელს მიბარებულ ნივთზე მესამე პირთა
მოთხოვნების შესახებ.
მუხლი 769. ნივთის თვისებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
მიმბარებელმა უნდა აუნაზღაუროს შემნახველს შესანახად მიბარებული ნივთის თვისებების გამო
მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მან ამ ნივთის საფრთხის შემცველი თვისებების შესახებ არ
იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა.
მუხლი 770. მიბარებული ნივთის დაბრუნების ვადა
მიმბარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, – იმ
შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო.
მუხლი 771. მიბარებული ნივთის უკან წაღების მოვალეობა
1. შემნახველს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმბარებელს შესანახად მიბარებული ნივთის უკან
წაღება, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული არ იყო.
2. შემნახველს შეუძლია ეს უფლება განახორციელოს მხოლოდ ისე, რომ მიმბარებელს სხვა გზით შეეძლოს
ნივთის შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი მიბარებული ნივთის უკან
დაბრუნებისათვის.
მუხლი 772. მიბარებული ნივთის დაბრუნების ადგილი
ნივთის დაბრუნება უნდა მოხდეს ხელშეკრულებაში მითითებულ ადგილას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ
მიღწეულია შეთანხმება სხვა ადგილზე დაბრუნების თაობაზე. ტრანსპორტირების ხარჯები ეკისრება
მიმბარებელს.
მუხლი 773. მიბარებული ნივთის ნაყოფის გადაცემის ვალდებულება
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
1. შემნახველი მოვალეა გადასცეს მიმბარებელს ის ნაყოფი, რომელიც მიიღო მიბარების განმავლობაში.
2. მიმბარებელი მოვალეა აუნაზღაუროს შემნახველს ნივთის შენახვისათვის განკუთვნილი აუცილებელი
ხარჯები.
მუხლი 774. შემნახველის პასუხისმგებლობა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის
თუ მიბარებული ნივთის წასაღებად განსაზღვრულია ვადა, ამ ვადის დადგომის შემდეგ შემნახველი პასუხს
აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის.
მუხლი 775. საზღაურის გადახდის მოვალეობა
თუ მიბარება სასყიდლიანია, მაშინ მიმბარებელი მოვალეა ხელშეკრულების შეწყვეტისას შემნახველს
გადაუხადოს დათქმული საზღაური.
მუხლი 776. მიბარებული ნივთის დაკავების უფლება
კუთვნილი საზღაურის მიღებამდე და შენახვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე შემნახველს
შეუძლია უარი თქვას მიბარებული ნივთის დაბრუნებაზე.
მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი
1. თუ გვაროვნული ნივთი მიბარებულია ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო
შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება
სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები.
2. ფასიანი ქაღალდების მიბარებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შეთანხმება ნამდვილია
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი No3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 778. სასტუმროში მიბარების თავისებურებანი
სასტუმრო, სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი პასუხს აგებენ იმ ზიანისათვის, რომელიც მიადგა
სტუმარს იმ ქონების დაკარგვით, განადგურებით ან დაზიანებით, რომელიც მას თან ჰქონდა. ეს წესი არ
გამოიყენება ფულისა და ძვირფასეულობის მიმართ, თუ ისინი საგანგებოდ არ ყოფილა ჩაბარებული.
მუხლი 779. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დაუძლეველი ძალის გამო
პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, სტუმრის ან
მისი თანხმლები პირის მიერ, ანდა თვით ნივთის თვისებებით.
თავი მეცხრამეტე
მიბარება სასაქონლო საწყობში
მუხლი 780. ცნება
სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება მიბარების ხელშეკრულების
შესაბამისი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 781. შენახვის ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების მოვალეობა
სასაწყობო შემნახველმა საქონლის მიბარების ვალდებულებები უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერი
მეურნის გულისხმიერებით.
მუხლი 782. საქონლის რაოდენობის შემოწმება შემნახველის მიერ
1. შემნახველი არ არის ვალდებული საქონლის მიღებისას შეამოწმოს მისი რაოდენობა, ზომა, წონა, სახეობა,
ხარისხი ან სხვა თვისებები, თუ ამ თავის წესებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ საქონელი, რომელიც შესანახად გადაეცა შემნახველს, გადაცემისას დაზიანებული ან
დაუკომპლექტებელი აღმოჩნდება, რაც გარეგნული დათვალიერებითაც შესამჩნევია, მაშინ შემნახველი
ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე მიმბარებელს; თუ იგი არ შეასრულებს ამ
მოვალეობას, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
მუხლი 783. მიბარებული საქონლის დათვალიერების უფლება
შემნახველი მოვალეა სამუშაო დროის განმავლობაში ნება დართოს მიმბარებელს დაათვალიეროს
მიბარებული საქონელი, აიღოს ნიმუშები ან განახორციელოს აუცილებელი მოქმედებანი.
მუხლი 784. შეტყობინების ვალდებულება
შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმბარებელს, თუ იგი შესანახად მიბარებულ
საქონელს გადაიტანს სხვა საწყობში, ან თუ აღმოაჩენს, რომ საქონლის თვისებები შეიცვალა ანდა არსებობს მისი
შეცვლის საშიშროება. მან ეს უნდა შეატყობინოს სასაწყობო მოწმობის მისთვის ცნობილ ბოლო მფლობელს. ამ
მოვალეობის შეუსრულებლობისას იგი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 785. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით ან/და დაზიანებით
მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამის თავიდან აცილება კეთილსინდისიერ
შემნახველსაც არ შეეძლო.
მუხლი 786. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი
1. გვაროვნული ნივთების შენახვისას შემნახველს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება შეურიოს ისინი იმავე სახისა
და თვისების სხვა ნივთებს, თუ ამაზე არსებობს მიმბარებლის ნებართვა.
2. ამ შერევის შედეგად წარმოშობილ საქონელზე მიმბარებლებს აქვთ საერთო საკუთრების უფლება.
თითოეული მიმბარებლის წილი განისაზღვრება მის მიერ ჩაბარებული საქონლის ოდენობის შესაბამისად.
3. შემნახველი მოვალეა თითოეულ მიმბარებელს დაუბრუნოს მიბარებული საქონელი მისი კუთვნილი
წილის შესაბამისად, დანარჩენი მიმბარებლების თანხმობის გარეშე.
მუხლი 787. მიბარებული საქონლის გაყიდვა
თუ შესანახად მიბარებული საქონელი ფუჭდება ან იმდენად იცვლება, რომ იგი შეიძლება გაუფასურდეს, და
შემნახველს დრო აღარ რჩება ამის თაობაზე შეატყობინოს ან არ შეუძლია შეატყობინოს უფლებამოსილ პირს,
მაშინ ის უფლებამოსილია საქონელი გაყიდოს.
მუხლი 788. სასაწყობო მოწმობა
საქონლის მიღებისას შემნახველი ვალდებულია მიმბარებელს გადასცეს სასაწყობო მოწმობა.
მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები
1. სასაწყობო მოწმობაში უნდა აღინიშნოს:
ა) სასაწყობო მოწმობის გაცემის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი;
ბ) მხარეთა ვინაობა და მისამართი;
გ) შენახვის ადგილი;
დ) საქონლის შენახვის წესი;
ე) შესანახი საქონლის აღწერა (ოდენობა, ზომა ან წონა) და ხარისხი; საქონლის შეფუთვისას – შეფუთვის
აღწერა;
ვ) შენახვის საზღაურისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ოდენობა;
ზ. თუ შესანახი საქონელი დაზღვეულ უნდა იქნეს, მაშინ – სადაზღვევო თანხა;
თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ი) შემნახველის ხელმოწერა, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.
2. თუ ამ მუხლში დასახელებული პირობები სრულად არ არის ასახული სასაწყობო მოწმობაში, ეს მხარეებს
არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. მხარეებს უფლება აქვთ სასაწყობო მოწმობაში შეიტანონ სხვა
პირობებიც.
მუხლი 790. ვარანტი
სასაწყობო მოწმობის მფლობელს საგირავნო მოწმობის საშუალებით შეუძლია საწყობში შესანახად
მიბარებული საქონელი დააგირავოს სხვა ვალდებულების უზრუნველსაყოფად ისე, რომ საქონელი საწყობიდან
არ იყოს გატანილი (ვარანტი).
მუხლი 791. საორდერო სასაწყობო მოწმობა
თუ შემნახველი გასცემს საორდერო სასაწყობო მოწმობას, მაშინ ეს მოწმობა შეიძლება გადაეცეს მესამე პირს
ინდოსამენტის მეშვეობით.
მუხლი 792. პასუხისმგებლობა ინდოსირებული სასაწყობო მოწმობისათვის
1. თუ სასაწყობო მოწმობა გაცემულია ინდოსამენტის მეშვეობით, მაშინ შემნახველი პასუხს აგებს ამ
მოწმობის მფლობელის წინაშე მასში მითითებული პირობების სისწორისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ
მოწმობაში აშკარად არის მითითებული, რომ ეს მონაცემები ეფუძნება მიმბარებლის ან მესამე პირის
ინფორმაციას.
2. თუ შემნახველმა იცოდა, რომ მონაცემები არასწორია, მაშინ იგი პასუხს აგებს იმ შემთხვევაშიც, თუ მან
გააკეთა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მითითება.
3. შერეული შენახვისას შემნახველს არა აქვს უფლება გააკეთოს პირველ ნაწილში აღნიშნული მითითება.
მუხლი 793. ინდოსამენტის სისწორის პრეზუმფცია
1. შემნახველი, რომელმაც გასცა საორდერო სასაწყობო მოწმობა, ვალდებულია შესანახად მიბარებული
საქონელი დაბრუნებისას გადასცეს მხოლოდ სასაწყობო მოწმობის კანონიერ მფლობელს.
2. თუ გაცემულია საგირავნო სასაწყობო მოწმობა, მაშინ შემნახველმა უნდა მოითხოვოს მისი დაბრუნება.
3. შემნახველი არ არის ვალდებული შეამოწმოს ინდოსამენტის სისწორე. გადაცემა დასტურდება სასაწყობო
მოწმობაზე სათანადო წარწერით.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 794. სასაწყობო მოწმობის დაკარგვა
1. სასაწყობო ან საგირავნო მოწმობის დაკარგვისას ან მოსპობისას მის კანონიერ მფლობელს უფლება აქვს
განცხადებით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დაკარგული დოკუმენტის ბათილად ცნობა და მის
ნაცვლად ახალი მოწმობის გაცემა. სასამართლო განცხადებას განიხილავს განსაკუთრებული წარმოების წესით.
2. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემნახველი ხელახლა გასცემს სასაწყობო ან საგირავნო
მოწმობას.
მუხლი 795. მიბარებული საქონლის დაგირავება
1. სასაქონლო საწყობში შესანახად ჩაბარებული საქონლის დასაგირავებლად მესაკუთრემ საგირავნო
მოწმობაზე უნდა გააკეთოს სპეციალური წარწერა (ინდოსამენტი) და ისე გადასცეს დაინტერესებულ პირს.
2. ინდოსამენტი უნდა ითვალისწინებდეს მიმბარებლის, კრედიტორის ვინაობასა და ვალდებულების
მოცულობას.
3. კრედიტორისათვის საგირავნო მოწმობის გადაცემის თაობაზე ეცნობება შემნახველს, რომელიც გააკეთებს
სათანადო აღნიშვნას.
მუხლი 796. გირავნობის უფლების გადასვლა სასაწყობო მოწმობის ახალ მფლობელზე
1. შემნახველს შენახვის ხარჯების გამო წარმოეშობა საქონლის გირავნობის უფლება მანამდე, სანამ იგი მის
მფლობელობაშია.
2. თუ სასაწყობო მოწმობა ინდოსამენტის მეშვეობით არის გაცემული, მაშინ გირავნობის უფლება არსებობს
სასაწყობო მოწმობის ახალი მფლობელის მიმართ.
მუხლი 797. მიბარებული საქონლის უკან წაღების მოთხოვნის დაუშვებლობა
შემნახველს არ შეუძლია მოსთხოვოს მიმბარებელს მიბარებული საქონლის უკანვე წაღება შეთანხმებული
ვადის გასვლამდე, ხოლო, თუ ასეთი ვადა არ არის დადგენილი, მაშინ – ჩაბარებიდან სამი თვის გასვლამდე.
მუხლი 798. დამატებითი ვადის დანიშვნა საქონლის მიღებისას
1. თუ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ სასაწყობო მოწმობის მფლობელი თავს არიდებს საწყობიდან
საქონლის წაღებას, შემნახველმა უნდა დაუნიშნოს მას საქონლის წაღების დამატებითი ორკვირიანი ვადა; თუკი
მოწმობის მფლობელი ამ ვადაშიც არ წაიღებს საქონელს, შემნახველს უფლება აქვს გაყიდოს იგი.
2. საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა შემნახველისათვის კუთვნილი ხარჯების გამოკლებით
გადაეცემა სასაწყობო მოწმობის მფლობელს.
თავი მეოცე
დაზღვევა
I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 799. ცნება
1. დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის
დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო
თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული
მოქმედება.
2. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია) .
3. დერივატივი არ არის დაზღვევის ხელშეკრულება. დერივატივთან დაკავშირებული ურთიერთობები
რეგულირდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად. ამ მუხლისა და ამ კოდექსის მე-800−858-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება
აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებზე.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი No5674 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 800. დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულება
პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას, ვალდებულია დადოს ეს
ხელშეკრულება, თუკი უარის თქმისათვის არ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.
მუხლი 801. სავალდებულო დაზღვევა
კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის მიმართაც გამოიყენება ამ
თავის წესები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას სავალდებულო დაზღვევის შესახებ.
გადაზღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)
1. მზღვეველი ვალდებულია დამზღვევს ჩააბაროს მატერიალურად ან ელექტრონულად ხელმოწერილი დოკუმენტი
დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)). ამასთანავე, მზღვეველის მიერ გაცემული
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ელექტრონული დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და
კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. დასაშვებია მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის სადაზღვევო მოწმობის
(პოლისის) ელექტრონულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარება.
2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) ხე ლშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ
მისამართს);
ბ) დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას;
გ) სადაზღვევო რისკის განსაზღვრას;
დ) დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას;
ე) სადაზღვევო თანხის ოდენობას;
ვ) სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.
3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით აუცილებელია მონაცემები
მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების შესახებ.
საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი No3278 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
მუხლი 803. სადაზღვევო მოწმობის სახეები
თუ სადაზღვევო მოწმობა გაცემულია წარმომდგენზე, სახელობითი ან საორდერო მოწმობის სახით,
მზღვეველს შეუძლია ამ მოწმობის მფლობელს წაუყენოს ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც მას თავდაპირველი
დამზღვევის მიმართ აქვს. ეს წესი არ გამოიყენება, თუ სადაზღვევო მოწმობის მფლობელი აცნობებს მზღვეველს
დაზღვევასთან დაკავშირებული უფლებების მისთვის გადაცემის თაობაზე და ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ
არ განაცხადებს თავისი მოთხოვნების შესახებ.
მუხლი 804. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის შედეგები
1. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მზღვეველმა მხოლოდ სადაზღვევო მოწმობის წარდგენის
შემდეგ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა, მაგრამ მოწმობა დაიკარგა ან განადგურდა, მაშინ დამზღვევს
შეუძლია მოითხოვოს შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო მოწმობა განსაკუთრებული
წარმოების წესით ძალადაკარგულად გამოცხადდა.
2. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში დამზღვევს შეუძლია მზღვეველს
მოსთხოვოს ასლი. ასლის გაცემის ხარჯებს გაიღებს დამზღვევი.
მუხლი 805. დაზღვევის აგენტის უფლებები
1. თუ დაზღვევის აგენტი (წარმომადგენელი) უფლებამოსილია დადოს დაზღვევის ხელშეკრულება, მას ასევე
შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა ან მოშალოს იგი.
2. დაზღვევის აგენტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას,
უფლება აქვს დადოს ასეთი ხელშეკრულება.
მუხლი 806. დაზღვევის დაწყების დრო
1. დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.
2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია ხუთ წელზე მეტი ვადით, მაშინ თითოეულ მხარეს შეუძლია
მოშალოს ხელშეკრულება ამის თაობაზე გაფრთხილებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
მუხლი 807. სადაზღვევო შესატანის გადიდების შედეგები
თუ მზღვეველმა გაადიდა სადაზღვევო შესატანი, მაშინ დამზღვევს შეუძლია ხელშეკრულების მოშლის
ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება. სადაზღვევო შესატანის უმნიშვნელო გაზრდა ასეთ
უფლებას არ წარმოშობს.
მუხლი 808. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი
გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული
შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ
მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.
2. არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით შეეკითხება
დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი გარემოების
შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა
შეტყობინებას დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი.
4. დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ გარემოებათა შესახებ, ან
დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაში.
მუხლი 809. არასწორი მონაცემების შეტყობინების შედეგები
1. მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს.
2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვევლისათვის ცნობილი
იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ მონაცემთა მიწოდებაში. ამ მონაცემების შეტყობინებიდან
ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.
მუხლი 810. დაზღვევის ხელშეკრულების მოშლა ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო
თუ დამზღვევს საფრთხის გარემოების შესახებ წერილობით კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი, მაშინ
მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება იმ გარემოებათა შეუტყობინებლობის გამო, რომელთა
თაობაზედაც თუმცა კითხვა არ დასმულა, მაგრამ დამზღვევი განზრახ დუმდა.
მუხლი 811. ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის ვადა
1. ამ თავით გათვალისწინებული ცნობების შეუტყობინებლობიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს
შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. ეს ვადა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მზღვეველმა გაიგო
შეტყობინების მოვალეობის დარღვევის თაობაზე.
2. დამზღვევს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ.
მუხლი 812. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ
თუ მზღვეველი ხელშეკრულებას მოშლის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, მაშინ იგი არ
თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუკი იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული
იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის
მოვალეობის შესრულებაზე.
მუხლი 813. საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება
1. დამზღვევი მოვალეა დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს საფრთხის გაზრდის შესახებ, რომელიც
ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოცენდა, თუ ეს არსებით გავლენას მოახდენდა ხელშეკრულების
დადებაზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს
ხელშეკრულება მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით ან მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის შესაბამისი
გაზრდა. თუ დამზღვევმა განზრახ გამოიწვია საფრთხის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია მოშალოს
ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე.
მუხლი 814. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება
1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ
მზღვეველს.
2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი
ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.
3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი
მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის
ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.
4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის
ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.
II. სადაზღვევო შესატანი
მუხლი 815. სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება
1. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი
საბუთის მიღების შემდეგ.
2. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის
ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს
მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
მუხლი 816. პირველი სადაზღვევო შესატანი
პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია
თავისი მოვალეობისაგან.
მუხლი 817. სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდა
1. თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით
განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის
გასვლას მოჰყვება.
2. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ
გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი
მოვალეობებისაგან.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 818. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდის გამო
თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე
გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ
მოშალოს იგი.
მუხლი 819. სადაზღვევო შესატანის გადახდის შეწყვეტა
დამზღვევს შეუძლია შეწყვიტოს სადაზღვევო შესატანის გადახდა, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ
გაირკვა, რომ მზღვევლის ეკონომიური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ არსებობს სადაზღვევო
შემთხვევის დადგომისას მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობათა შეუსრულებლობის რეალური
საფრთხე.
III. ზიანის დაზღვევა
ა) ხელშეკრულების შინაარსი
მუხლი 820. ზიანის ფულადი ანაზღაურების ვალდებულება
ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით.
მუხლი 821. ზიანის ანაზღაურების ფარგლები
მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
მუხლი 822. სადაზღვევო შედარება
1. თუ აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება დაზღვეული ინტერესის ღირებულებას
(სადაზღვევო ღირებულებას), მაშინ როგორც დამზღვევს, ისე მზღვეველს გადაჭარბებული დაზღვევის თავიდან
აცილების მიზნით შეუძლიათ მოითხოვონ სადაზღვევო თანხის შემცირება სადაზღვევო შესატანის
დაუყოვნებლივ შესაბამისი შემცირებით.
2. თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს ხელშეკრულებას
დაზღვევის გაზრდის გზით, მაშინ ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება. ხელშეკრულების ბათილობამდე
მზღვევლისათვის გადახდილი შენატანები მას რჩება, თუ მისთვის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის
ცნობილი არ იყო ბათილობის შესახებ.
მუხლი 823. ქონების დაზღვევის თავისებურებანი
სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით
სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 824. მიუღებელი სარგებლის დაზღვევა
დაზღვევა ვრცელდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეულ მიუღებელ სარგებელზედაც, თუ ეს
გათვალისწინებულია შეთანხმებით.
მუხლი 825. ნივთთა ერთობლიობის დაზღვევა
თუ დაზღვეულია ნივთების ერთობლიობა, მაშინ დაზღვევა ვრცელდება მასში შემავალ ყველა ნივთზე.
მუხლი 826. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა
მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება
სადაზღვევო ღირებულებას.
მუხლი 827. შემცირებული ან არასრული დაზღვევა. ორმაგი დაზღვევა
1. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა), მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო
თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად.
2. პირი, რომელმაც ერთი და იგივე ინტერესი ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან დააზღვია, მოვალეა
ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს თითოეულ მზღვეველს. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს ყველა
მზღვევლის ვინაობა და სადაზღვევო თანხის ოდენობა.
3. თუ მოცემული ინტერესი ერთი და იმავე რისკისაგან რამდენიმე მზღვეველთან არის დაზღვეული და
სადაზღვევო თანხები ჯამში სადაზღვევო ღირებულებას აჭარბებენ, ან, თუ სხვა მიზეზების გამო საზღაურთა
ჯამი, რომელიც თითოეული მზღვევლის მიერ სხვა ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში გადახდილი
იქნებოდა, აჭარბებს მთელ ზიანს (ორმაგი დაზღვევა), მაშინ მზღვევლები მოვალენი არიან დამზღვევის წინაშე –
როგორც სოლიდარული მოვალეები – იმ თანხის ფარგლებში, რაც მათ დამზღვევთან დადებული
ხელშეკრულებით აქვთ გაფორმებული, მაგრამ დამზღვევს არა აქვს უფლება მიიღოს ჯამში რეალურ ზიანზე
მეტი თანხა.
მუხლი 828. ორმაგი დაზღვევის ბათილობა
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
თუ დამზღვევმა გააფორმა ორმაგი დაზღვევა მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნით, მაშინ
თითოეული ხელშეკრულება, რომელიც ამ მიზნით არის დადებული, ჩაითვლება ბათილად.
მუხლი 829. დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას
მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით
გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მუხლი 830. მზღვევლის მითითების შესრულების მოვალეობა
1. დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას შეძლებისდაგვარად
თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან დაკავშირებით შეასრულოს მზღვევლის მითითებები.
2. მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებიც მისი მითითებით იქნა გაღებული.
მუხლი 831. ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის დაზღვევა
მზღვეველი ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანისათვის მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს, თუ
ეს გათვალისწინებულია სპეციალური შეთანხმებით.
მუხლი 832. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან
1. თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს
მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის
მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი
თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი
ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით .
2. თუ დამზღვევის უფლება ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეხება მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს,
მაშინ უფლების გადასვლა გამორიცხულია, როცა ოჯახის წევრმა ზიანი განზრახ გამოიწვია .
მუხლი 833. დაზღვეული ქონების გასხვისების შედეგები
თუ დაზღვეული ქონება გასხვისდა, მაშინ დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადადის შემძენზე.
მუხლი 834. შეტყობინების ვალდებულება დაზღვეული ქონების გასხვისებისას
მზღვეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაზღვეული ქონების გასხვისების შესახებ. თუ შემძენმა ან
გამსხვისებელმა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ არ შეატყობინა მზღვეველს, მაშინ იგი თავისუფლდება
ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუკი სადაზღვევო შემთხვევა დადგა ორი კვირის შემდეგ იმ მომენტიდან,
როცა მზღვეველს შეტყობინება მიღებული უნდა ჰქონოდა.
მუხლი 835. დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას
1. მზღვეველს უფლება აქვს ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს სადაზღვევო
ურთიერთობა შემძენთან. ხელშეკრულების მოშლის უფლება ძალას კარგავს, თუ მზღვეველმა არ ისარგებლა
ამით ერთი თვის მანძილზე იმ მომენტიდან, როცა მან შეიტყო ქონების გასხვისების შესახებ.
2. შემძენს უფლება აქვს მოშალოს დაზღვევის ხელშეკრულება; მოშლა შეუძლია მას მხოლოდ დაუყოვნებლივ
ან დაზღვევის მიმდინარე პერიოდის დამთავრებისათვის. მოშლის უფლება ქარწყლდება, თუ შემძენი
შეძენიდან ერთი თვის ვადაში არ ისარგებლებს ამ უფლებით; ხოლო, თუ შემძენისათვის ცნობილი არ იყო
დაზღვევის შესახებ, მაშინ მოშლის უფლება ძალაშია ერთი თვის გასვლამდე იმ მომენტიდან, როცა შემძენმა
შეიტყო სადაზღვევო ურთიერთობის შესახებ.
3. თუ დაზღვევის ხელშეკრულება მოიშალა ამ წესების საფუძველზე, მაშინ გამსხვისებელი მოვალეა
მზღვეველს გადაუხადოს სადაზღვევო შესატანი, მაგრამ არა იმაზე მეტი, რაც დაზღვევის პერიოდში უნდა
გადაეხადა, ხელშეკრულების მოშლის მომენტის ჩათვლით; ამ შემთხვევაში შემძენი პასუხს არ აგებს
სადაზღვევო შესატანის გადახდაზე.
ბ ) დაზღვევა სხვა პირის სასარგებლოდ
მუხლი 836. დაზღვევის ხელშეკრულების დადება სხვა პირის სასარგებლოდ
დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის
სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის.
მუხლი 837. სხვა პირის უფლებები დაზღვევის ხელშეკრულებაში
1. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან,
ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს.
2. დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და
თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო
მოწმობა მის ხელთაა.
მუხლი 838. დამზღვევის უფლებები
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
1. დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის
ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.
2. თუ გაცემულია სადაზღვევო მოწმობა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მიიღოს საზღაური დაზღვეული პირის
თანხმობის გარეშე ან გადასცეს უფლება დაზღვეულ პირს მხოლოდ მაშინ, თუ დამზღვევი ფლობს სადაზღვევო
მოწმობას.
3. მზღვეველი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს დაზღვეულის სასარგებლოდ, თუ
დამზღვევი დაამტკიცებს, რომ დაზღვეული პირი ეთანხმებოდა დაზღვევის ხელშეკრულებას.
გ ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
მუხლი 839. ცნება
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს
დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში
წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
მუხლი 840. ზიანის უშუალოდ ანაზღაურების მოთხოვნა
მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი,
რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.
მუხლი 841. სასამართლო და არასასამართლო ხარჯები
დაზღვევა მოიცავს სასამართლო და არასასამართლო ხარჯებსაც, რომლებიც მესამე პირის მოთხოვნისაგან
დასაცავად იქნა გაწეული, თუ, საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აუცილებელია ასეთი ხარჯების გაწევა.
მუხლი 842. მზღვევლის განთავისუფლება პასუხისმგებლობისაგან
მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია იმ
გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე.
მუხლი 843. პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას
1. თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე მოვალეობისაგან, მისი
პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. თუ მზღვეველი აკმაყოფილებს მესამე პირის მოთხოვნას, მაშინ მესამე პირის მოთხოვნა დამზღვევის
მიმართ გადადის მზღვეველზე.
III 1 . ჯანმრთელობის დაზღვევა
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი No1115 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
მუხლი 843 1 . ცნება
1. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული
პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული
მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე
ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.
2. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დადოს დამზღვევმა დაზღვეული პირის
სასარგებლოდ.
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი No1115 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
მუხლი 843 2 . მესამე პირისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
1. თუ დაზღვეულ პირს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს, ეს მოთხოვნა
გადადის მზღვეველზე, თუკი დაზღვეულ პირს ზიანს ის უნაზღაურებს.
2. მზღვეველს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირს წარუდგინოს მხოლოდ დაზღვეული
პირისთვის ზიანის ანაზღაურების შემდეგ, ანაზღაურებული ზიანის ოდენობის ფარგლებში. თუ დაზღვეული
პირი უარს იტყვის მესამე პირისთვის წარდგენილ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, მზღვეველი
თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან.
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი No1115 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
მუხლი 843 3 . ზიანის დაზღვევის ნორმების ჯანმრთელობის დაზღვევაზე გავრცელება
ჯანმრთელობის დაზღვევაზე ზიანის დაზღვევის ნორმებიდან ვრცელდება მხოლოდ ამ კოდექსის 820-ე და
821-ე მუხლები.
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი No1115 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
IV. სიცოცხლის დაზღვევა
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 844. ცნება
1. სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.
2. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ
პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
მუხლი 845. ხელშეკრულების დადებაზე უარის დაუშვებლობა
თუ დამზღვევი ხელშეკრულების დადებისას დაარღვევს თავის მოვალეობას ცნობების შეტყობინების
თაობაზე, მზღვეველს არ შეუძლია ხელშეკრულებაზე უარი განაცხადოს, თუკი ხელშეკრულების დადების
შემდეგ ხუთი წელი გავიდა. ხელშეკრულებაზე უარი დასაშვებია, თუ შეტყობინების მოვალეობა განზრახ არ
შესრულდა.
მუხლი 846. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანების პერიოდულად გადახდისას
თუ სადაზღვევო შესატანები პერიოდულად არის გადახდილი, მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო
ურთიერთობა მოშალოს ნებისმიერ დროს, ოღონდ მიმდინარე სადაზღვევო პერიოდის დასრულებისათვის.
მუხლი 847. ანაზღაურების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის
1. დამზღვევს შეუძლია დაგროვებითი დაზღვევისას სარგებლის მიღების უფლება გადასცეს მესამე პირს,
ასევე შეუძლია მესამე პირი შეცვალოს სხვა პირით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
2. მესამე პირს, რომელსაც აქვს სარგებლის მიღების უფლება, მისი განხორციელება შეუძლია მხოლოდ
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დამზღვევს სხვა მითითება არ გაუცია.
მუხლი 848. არასათანადო მესამე პირი
1. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირის უფლებას არ შეესაბამება მზღვევლის
მოვალეობა, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.
2. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირი არ იყენებს თავის უფლებას სარგებლის მიღებაზე,
მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.
მუხლი 849. მზღვევლის განთავისუფლება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან
1. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სიკვდილის შემთხვევისათვის, მზღვეველი
თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან იმ შემთხვევაში, როცა დამზღვევმა უკანონო მოქმედებით განზრახ
გამოიწვია ასეთი პირის სიკვდილი.
2. თუ სიცოცხლის დაზღვევისას მესამე პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, ეს უფლება არ იქნება
აღიარებული, თუ მან უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია იმ პირის სიკვდილი, რომლის სიცოცხლეც
დაზღვეული იყო.
მუხლი 850. ანაზღაურებისაგან განთავისუფლება თვითმკვლელობისას
1. სიცოცხლის დაზღვევისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ პირი, რომლის
სიცოცხლეც დაზღვეული იყო, თავს მოიკლავს.
2. დამზღვევის მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი სადაზღვევო შესატანების დაბრუნება.
მუხლი 851. დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა
1. დამზღვევს შეუძლია მიმდინარე დაზღვევის პერიოდის დასრულებამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს
დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა სადაზღვევო შესატანებისაგან თავისუფალი ხელშეკრულებით.
2. თუ დამზღვევი ითხოვს ასეთ შეცვლას, მაშინ ამ მომენტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სადაზღვევო თანხის ან სარგებლის თანხის ადგილს იკავებს ისეთი თანხა, რომელიც შეესაბამება მზღვევლის
მოვალეობას დაზღვეული პირის ასაკის გათვალისწინებით, თუ დაგროვებული პრემიების რეზერვი
განიხილება, როგორც ერთჯერადი შესატანი.
მუხლი 852. დაქვითვები ხელშეკრულების შეწყვეტისას
თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება უარის თქმის, მოშლის ან გასაჩივრების გამო, მაშინ
მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის ოდენობა, რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით.
მზღვეველს შეუძლია გააკეთოს შესაბამისი დაქვითვებიც.
მუხლი 853. იძულებითი აღსრულების შედეგები
1. თუ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ხდება სადაზღვევო მოთხოვნის თაობაზე, ან
სამართალწარმოება ხორციელდება დამზღვევის გაკოტრებასთან დაკავშირებით, მაშინ პირი, რომელიც
კონკრეტულად დასახელებულია, როგორც სარგებლის მიმღები, უფლებამოსილია დაიკავოს დამზღვევის
ადგილი დაზღვევის ხელშეკრულებაში. თუკი სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი მონაწილეობს
ხელშეკრულებაში, მან უნდა დააკმაყოფილოს კრედიტორის ყველა მოთხოვნა ან უზრუნველყოს გაკოტრების
მასა იმ თანხის ფარგლებში, რომელიც შეიძლებოდა მიეღო დამზღვევს მზღვევლისაგან დაზღვევის
ხელშეკრულების მოშლისას.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
2. თუ სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი არ არის დაინტერესებული სარგებლის მიღებით, ან არ არის
სახელობით მითითებული, მაშინ ასეთ უფლებას იძენენ დამზღვევის მეუღლე და შვილები.
V. უბედური შემთხვევის დაზღვევა
მუხლი 854. ცნება
1. უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც დამზღვევის, ისე სხვა
პირის უბედური შემთხვევისათვის.
2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია არა დაზღვეული პირის მიერ, მაგრამ მის სასარგებლოდ,
მაშინ მასზე ვრცელდება წესები სიცოცხლის დაზღვევის შესახებ.
მუხლი 855. ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შედეგები
თუ მზღვევლის მოვალეობა დამოკიდებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის (ვნების) განზრახ მიყენებაზე,
მაშინ განზრახვის არარსებობა ივარაუდება მანამდე, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო.
მუხლი 856. უბედური შემთხვევის განზრახ გამოწვევის შედეგები
1. მზღვეველი თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირის
დაზღვევისას სარგებლის მიმღები უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვევს უბედურ შემთხვევას.
2. თუ სხვა პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, მას ეს უფლება ჩამოერთმევა მაშინ, თუ იგი უბედურ
შემთხვევას გამოიწვევს განზრახ უკანონო მოქმედებით.
მუხლი 857. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება
თუ მოვალეობები უნდა შესრულდეს სარგებლის მიმღები პირის სასარგებლოდ, მაშინ ეს პირი მოვალეა
განაცხადოს უბედური შემთხვევის თაობაზე. ეს წესი ვრცელდება ცნობების შეტყობინებისა და საბუთების
გადაცემის მოვალეობებზედაც.
მუხლი 858. რეგრესის უფლების დაუშვებლობა
დამზღვევს არა აქვს რეგრესის უფლება იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხს აგებს ზიანისათვის.
თავი ოცდამეერთე
საბანკო მომსახურება
I. ანგარიშსწორება
მუხლი 859. ცნება
1. ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის
საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და
შემოსული თანხები ჩარიცხოს ანგარიშში.
2. შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის მითითების საფუძველზე იგივე ოპერაციები განხორციელდეს
ნაღდი ფულით.
3. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშის მფლობელს შეიძლება დაეკისროს მომსახურების ხარჯების გადახდა.
მუხლი 860. ანგარიშის ამონაწერების მიცემის ვალდებულება
1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებათა შესახებ
აწარმოოს საბუღალტრო წიგნი.
2. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიაწოდოს
ანგარიშის მფლობელს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ (ანგარიშის ამონაწერები); ხოლო
ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა
და კრედიტ-დებეტის საბუღალტრო ჩანაწერების შესახებ.
მუხლი 861. ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა
საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი
მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული
ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.
მუხლი 862. ანგარიშის მფლობელის დავალების გაუქმების შედეგები
1. ანგარიშის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს საკრედიტო დაწესებულებისათვის მიცემული დავალება,
ვიდრე გადარიცხვა რეალურად არ მომხდარა. სხვა შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა
შესრულებაზე უარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო პირებს.
2. დავალების დროულად გაუქმების შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა კვლავ აღადგინოს
თანხა მფლობელის ანგარიშზე.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 863. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება
1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ანგარიშთან დაკავშირებული და სხვა ისეთი ფაქტების
საიდუმლოება, რომლებიც ცნობილი გახდა მისთვის ანგარიშის მფლობელთან საქმიანი ურთიერთობისას,
გარდა იმ შემთხვევებისა, რაც კანონითაა გათვალისწინებული, ან, თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო
ინფორმაციას, რომლითაც არ ილახება ანგარიშის მფლობელის ინტერესები.
2. საკრედიტო დაწესებულების ეს მოვალეობა ძალაშია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც.
მუხლი 864. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა
1. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ორივე მხარის მიერ ნებისმიერ დროს.
2. საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ისე შეწყვიტოს საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება,
რომ ანგარიშის მფლობელმა სხვაგვარად შეძლოს საანგარიშსწორებო მომსახურების მიღება, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა მისი შეწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს ან საკრედიტო დაწესებულების
მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით არის განსაზღვრული.
საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის კანონი No4463 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
მუხლი 865. გადახდა ჩეკის საფუძველზე
სათანადო შეთანხმებისას საკრედიტო დაწესებულება მოვალეა აქტივის ფარგლებში აანაზღაუროს ანგარიშის
მფლობელის მიერ ხელმოწერილი ჩეკი ჩეკის შესახებ კანონის შესაბამისად. ამ დროს გამოიყენება უნაღდო
ანგარიშსწორების ხელშეკრულების წესები.
მუხლი 866. ჩეკის ინკასირება
საკრედიტო დაწესებულება დამატებითი შეთანხმების გარეშეც საანგარიშსწორებო ხელშეკრულებით
მოვალეა ანგარიშის მფლობელის წინაშე მოახდინოს ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ჩეკების ინკასირება
საკრედიტო დაწესებულებაში მათი დროულად წარდგენით, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში – მიიღოს
უზრუნველყოფის საჭირო ზომები.
II. საბანკო კრედიტი
მუხლი 867. ცნება
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს
სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მუხლი 868. საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთები
1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო
განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც
ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში
ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა
საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში. საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა
ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მომხმარებლის ქმედებასთან
დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი,
რომელიც გარკვეული წესით დაკავშირებულია საჯარო ინდექსთან და რომლის ცვლილებაც აღნიშნული
ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული.
4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის
ზრდისა და შემცირების ზღვრები და ცვლილებათა მინიმალური შუალედი.
5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო
განაკვეთის შესახებ.
6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით
გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური
პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.
7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული
მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის
ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი , 200 000 ( ორასი ათას ) ლარამდე
საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც საბანკო კრედიტის გაცემის
შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე საბანკო კრედიტის გამცემის მიმართ 200 000 ( ორასი
ათას ) ლარს აღემატება . ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა
ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი .
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი No239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი No1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი No4104 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
მუხლი 869. (ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260
მუხლი 870. დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება
1. თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის
გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
2. კრედიტის გამცემი მოვალეა კრედიტის ამღების მოთხოვნით დააბრუნოს უზრუნველყოფა, რომელიც
აღემატება დაფარვის შეთანხმებულ ფარგლებს.
მუხლი 871. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. თუ კრედიტისათვის შეთანხმებულია მყარი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდისათვის,
მაშინ კრედიტის ამღებს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუკი საპროცენტო ვალდებულება
მთავრდება დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ რაიმე ახალი
შეთანხმება არ არის დადებული. შეწყვეტის ვადა შეადგენს ერთ თვეს.
2. თუ კრედიტის ამღები მომხმარებელია და კრედიტი არ არის უზრუნველყოფილი იპოთეკით, მაშინ
შეწყვეტის უფლება წარმოიშობა კრედიტის აღებიდან ექვსი თვის შემდეგ. შეწყვეტის ვადა კი შეადგენს სამ
თვეს.
3. ათი წლის გასვლის შემდეგ შეწყვეტის უფლება არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში. შეწყვეტის ვადა
შეადგენს ექვს თვეს.
4. მოვალეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხი
შეწყვეტის სამთვიანი ვადის დაცვით.
მუხლი 872. ზიანის ანაზღაურება კრედიტის ვადამდე დაბრუნებისათვის
თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ
კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა
ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი
მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი
მიღება.
მუხლი 873. საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას
კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის
დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში
შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
III. ანაბარი
მუხლი 874. ცნება. საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა
1. ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას
და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა.
2. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს უკან
გამოთხოვილი.
3. ანაბრებს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტები.
4. ანაბრის მიმღები და საკრედიტო დაწესებულების დირექტორები (მენეჯერები) ვალდებულნი არიან
მეანაბრეს მიაწოდონ ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.
5. ის პირი, რომელიც ბრალეულად გასცემს არასწორ ინფორმაციას ან უარს ამბობს საჭირო მონაცემების
მიწოდებაზე, ვალდებულია მეანაბრეს აუნაზღაუროს არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან ინფორმაციის
გაუცემლობით წარმოშობილი ზიანი.
6. ასევე აგებენ პასუხს სოლიდარულად ბანკის დირექტორები (მენეჯერები), რომლებიც სარეკლამო
ბროშურების მეშვეობით ან სხვაგვარად საჯაროდ ავრცელებენ არასწორ მონაცემებს ბანკის ლიკვიდურობისა და
ბონიტეტის შესახებ.
მუხლი 875. შემნახველი წიგნაკი
საკრედიტო დაწესებულება შემნახველი წიგნაკის გაცემისას უფლებამოსილია შეავსოს იგი მხოლოდ
სახელობით (კონკრეტულ პირზე).
საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი No2617 – სსმ I, No22, 08.08.2003 წ., მუხ.167
IV. დოკუმენტალური (სასაქონლო) აკრედიტივი. დოკუმენტალური ინკასო
მუხლი 876. ცნება
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
1. აკრედიტივის გახსნით საკრედიტო დაწესებულება (გამხსნელი ბანკი) ვალდებულია, კლიენტის
(აკრედიტივის დავალების მიმცემის) თხოვნითა და განკარგულებით, მითითებული დოკუმენტის სანაცვლოდ
გადაუხადოს მესამე პირს (რემიტენტს) ამ პირის ბრძანებით ფულადი თანხა, ან გაანაღდოს რემიტენტისაგან
გადმოპირებული თამასუქი, მოახდინოს აქცეპტი, ანდა დაავალოს სხვა ბანკს ამ ოპერაციის განხორციელება,
თუ შესრულდა საკრედიტო პირობები.
2. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.
მუხლი 877. საინკასო დავალება
საინკასო დავალებით საინკასო ოპერაციაზე უფლებამოსილი საკრედიტო დაწესებულება (ბანკი)
კისრულობს ვალდებულებას, კლიენტის (მარწმუნებლის) დავალებით გასცეს სავაჭრო ფასიანი ქაღალდები
აქცეპტირების და/ან, აუცილებლობის შემთხვევაში, – გადამხდელის მიერ გადახდის სანაცვლოდ.
მუხლი 878. საერთაშორისო მიმოქცევის ჩვეულებები
თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, მხარეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საერთაშორისო
მიმოქცევაში დოკუმენტალური აკრედიტივის ან დოკუმენტალური ინკასოს დამკვიდრებული ჩვეულებების
მიხედვით.
V. საბანკო გარანტია
მუხლი 879. ცნება
საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი)
სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების
შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ
ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 880. საზღაური საბანკო გარანტიისათვის
1. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის
სათანადო შესრულებას.
2. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს.
მუხლი 881. გარანტის ვალდებულების დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან
საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის
ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების
უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
მუხლი 882. საბანკო გარანტიის გამოთხოვის დაუშვებლობა
საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
მუხლი 882 1 . ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სხვა ბანკში გადატანის უფლება
ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისთვის ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ბანკის მიერ გაცემული
საბანკო გარანტია საბანკო გარანტიის ბენეფიციარისა და პრინციპალის თანხმობის გარეშე გადაიტანოს სხვა
ბანკში.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი No1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი No2622 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
მუხლი 883. ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის სხვა პირისათვის გადაცემის დაუშვებლობა
საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის უფლება გარანტის მიმართ არ
შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 884. საბანკო გარანტიის შესვლა ძალაში
საბანკო გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
მუხლი 885. მოთხოვნის წარდგენის ფორმა
1. საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს
გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის
დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი
ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
1 1 . ბენეფიციარის მიერ გარანტორისათვის ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წერილობითი
ფორმით წარდგენა საჭირო არ არის, თუ ბენეფიციარსა და გარანტორს შორის არსებობს შეთანხმება
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მიღების თაობაზე.
2. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის
დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი No3537 - სსმ I, No47, 05.08.2010წ., მუხ.304
მუხლი 886. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისას
1. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ
პრინციპალს და გადასცეს მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ.
2. გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში
და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და
თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს.
მუხლი 887. გარანტის უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე
1. გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან
თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით
განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
2. თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო
გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე
შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ
ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის
ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.
მუხლი 888. გარანტის ვალდებულების ფარგლები
საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება
იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია.
მუხლი 889. გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები
1. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება:
ა ) ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია;
ბ ) გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა;
გ ) ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი
გარანტისათვის დაბრუნებისას.
2. გარანტმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა გარანტიის შეწყვეტის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს
ამის თაობაზე პრინციპალს.
მუხლი 890. რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
1. გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც
აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით,
რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია.
2. გარანტს არა აქვს უფლება მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა
ბენეფიციარს გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების
დარღვევის გამო, თუ პრინციპალთან გარანტის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი ოცდამეორე
თავდებობა
მუხლი 891. ცნება
1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის
წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
2. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მუხლი 892. თავდებობის ფორმა
1. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის
დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული
მაქსიმალური თანხის მითითება.
2. თუ ვინმე თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში განაცხადებს თავდებობის შესახებ,
მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
მუხლი 893. თავდების ვალდებულების საფუძველი
თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ
გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.
მუხლი 894. თავდების უარი კრედიტორის დაკმაყოფილებაზე
თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება
ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.
მუხლი 895. თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა
თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას
შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ
გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მუხლი 896. რამდენიმე თავდების პასუხისმგებლობა ერთი და იმავე ვალდებულებისათვის
თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც
სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
მუხლი 897. პასუხისმგებლობა წინამორბედ თავდებთა მიერ ნაკისრი ვალდებულებებისათვის
თავდები, რომელმაც კრედიტორის წინაშე ივალდებულა წინამორბედ თავდებთა მიერ ნაკისრი
ვალდებულების შესრულება, ისევე აგებს პასუხს მათთან ერთად, როგორც, ჩვეულებრივ, – თავდები ძირითად
მოვალესთან ერთად.
მუხლი 898. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები
1. თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული
თანხის ოდენობამდე.
2. თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის
ოდენობამდე:
ა ) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი
მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის
საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები
პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული;
ბ ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს
ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან
აეცილებინა იგი;
გ ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს
პირდაპირ იყო შეთანხმებული.
მუხლი 899. თავდების უფლება შესაგებელზე
1. თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თუ ძირითადი მოვალე
გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე.
2. თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე.
მუხლი 900. თავდების უარი კრედიტორის დაკმაყოფილებაზე
თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ძირითად მოვალეს უფლება აქვს
სადავო გახადოს ის გარიგება, რომელიც საფუძვლად უდევს მის ვალდებულებას.
მუხლი 901. თავდების პასუხისმგებლობის შემცირება
თუ კრედიტორი თავდების საზიანოდ ამცირებს საგირავნო უფლებებს ან უზრუნველყოფის სხვა
საშუალებებსა და შეღავათებს, მაშინ თავდების პასუხისმგებლობა მცირდება ზემოაღნიშნული შემცირების
შესაბამისი თანხით.
მუხლი 902. ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შედეგები
1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს.
თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის
მდგომარეობის შესახებ.
2. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს
თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
მუხლი 903. ხელშეკრულების შეწყვეტა უვადო თავდებობის დროს
1. თუ თავდებობა უვადოა, თავდები ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების შეწყვეტის სამთვიანი ვადა.
2. ვადიანი თავდებობისას ხუთი წლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს სამთვიანი ვადის
დაცვით.
3. ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში თავდები მოვალეა შეასრულოს შეწყვეტამდე ნაკისრი
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ვალდებულებანი.
მუხლი 904. თავდებობის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძვლები
I. თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით, ან თუ დავალების გარეშე სხვისი
საქმეების წარმართვის წესების შესაბამისად თავდებობის გამო მიენიჭება რწმუნებულის უფლებები ძირითადი
მოვალის მიმართ, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან განთავისუფლება, თუ:
ა) ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა;
ბ) თავდებობის დადგენის შემდეგ ძირითადი მოვალისაგან გადახდევინება არსებითად გაძნელდა
საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის გამო;
გ) კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტი.
2. თუ ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მოვალეს შეუძლია
განთავისუფლების ნაცვლად მისცეს თავდებს უზრუნველყოფა.
მუხლი 905. თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შედეგები
თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის
მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული
სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება.
თავი ოცდამესამე
კონტოკორენტი
მუხლი 906. ცნება. შინაარსი
1. კონტოკორენტის შეთანხმებით მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას, საქმიანი კავშირებიდან
წარმოშობილი მოთხოვნები და გადახდები შეიტანონ ანგარიშზე და ანგარიშის დახურვამდე მიიჩნიონ
ხელშეუხებლად.
2. ანგარიშის სალდო ექვემდებარება გადახდას შეთანხმებულ ვადაში. თუ ანგარიშის დახურვისას ის მხარე,
რომელსაც ეკუთვნის თანხის ნაშთი, არ მოითხოვს გადახდას, მაშინ იგი შეიტანება კონტოკორენტზე.
3. ანგარიშის დახურვით წარმოიშობა სალდოს მოთხოვნა, რომელიც შესრულების მიზნით იკავებს
კონტოკორენტზე მოთავსებული მოთხოვნის ადგილს.
4. ანგარიშის დახურვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 907. კონტოკორენტის გაუქმება
ეჭვის არსებობისას კონტოკორენტი შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს და ანგარიში დაიხუროს.
მუხლი 908. პროცენტები განხორციელებული გადახდებისათვის
გათვალისწინებული გადახდებისათვის გადახდილ უნდა იქნეს პროცენტები კანონით გათვალისწინებული
საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
მუხლი 909. კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნის პიროვნული ან სანივთო უზრუნველყოფა
1. თუ კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნისათვის არსებობს პიროვნული ან სანივთო უზრუნველყოფა,
მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც შეუძლია თავის სასარგებლოდ არსებული სალდოს
თანხისათვის მოითხოვოს დაკმაყოფილება ამ უზრუნველყოფიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მოთხოვნისათვის
არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობა.
მუხლი 910. ყადაღის დადება
თუ შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილის კრედიტორი მიაღწევს სალდოს თანხის აღწერას (ყადაღის დადებას),
რომელიც ეკუთვნის მოვალეს კონტოკორენტიდან, მაშინ კრედიტორის მიმართ არ იქნება გათვალისწინებული
ვალის ის ნაწილები, რომლებიც აღწერის (ყადაღის დადების) შემდეგ ახალი გარიგებებით წარმოიშვა. გარიგება,
რომელიც უკვე განხორციელდა გარიგებამდე არსებული მოთხოვნების საფუძველზე, არ მიიჩნევა ახალ
გარიგებად.
თავი ოცდამეოთხე
ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ვალდებულებანი
I. საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი ვალდებულება
მუხლი 911. ცნება
1. თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ
მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
უფლება არ ჰქონდა.
2. გაცემულ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დამოკიდებული გახდეს სპეციალური
ფორმის დაცვაზე, რომლის შესახებაც მიეთითება დოკუმენტში. ხელმოწერა შეიძლება შესრულდეს
ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.
მუხლი 912. ემიტენტის შესაგებლები
დოკუმენტის გამომშვებს (ემიტენტს) შეუძლია ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ ისეთი
შესაგებლები, რომლებიც ეხება გაფორმების ნამდვილობას, თვით დოკუმენტს, ან ემიტენტს აქვს უშუალოდ
მფლობელის მიმართ.
მუხლი 913. უფლებათა გადასვლის წესი
1. დოკუმენტში მოცემული უფლება გადადის მოძრავი ნივთის გადაცემისათვის დადგენილი წესების
მიხედვით. იგი შეიძლება გადაიცეს ასევე მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებით.
2. მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლება პირი, რომელიც შეიძენს რაიმე გზით დაკარგულ დოკუმენტს,
გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დოკუმენტის შეძენისას მოქმედებდა განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით.
მუხლი 914. ემიტენტის უფლებები
1. ემიტენტს შეუძლია შეედავოს ნებისმიერ მფლობელს, რომ ფასიანი ქაღალდი მას არ გაუცია. გარდა ამისა,
მას შეუძლია წაუყენოს მფლობელს ნებისმიერი შესაგებელი, რომელიც დოკუმენტიდან გამომდინარეობს.
2. თუ ემიტენტი დოკუმენტის ხელმოსაწერად იყენებს ტექნიკურ საშუალებას, მას არ შეუძლია მფლობელთან
თავი იმართლოს იმით, რომ არ ჰქონდა ამ საშუალების გამოყენების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
შემძენმა იცოდა გაყალბების შესახებ, ან მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.
3. თუ დოკუმენტი მფლობელს საკუთრებაში გადაეცა, ემიტენტს არ შეუძლია, დაუპირისპიროს მას
შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს ადრინდელ მფლობელთან მისი უშუალო ურთიერთობებიდან,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემდგომი მფლობელი დოკუმენტის შეძენისას შეგნებულად მოქმედებდა
ემიტენტის საზიანოდ.
4. თუ შესაგებელი არ გამომდინარეობს უშუალო ურთიერთობებიდან, იგი შეიძლება წარედგინოს მხოლოდ
იმ მფლობელს, რომელმაც დოკუმენტზე საკუთრება მოიპოვა გასხვისების გზით და მისი შეძენისას მოქმედებდა
განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მუხლი 915. ემიტენტის მოვალეობა
1. ემიტენტი მოვალეა შეასრულოს თავისი ვალდებულება მხოლოდ მაშინ, თუ მას გადასცემენ ფასიან
ქაღალდს.
2. მოვალე, რომელიც ასრულებს ვალდებულებებს დოკუმენტის მფლობელის წინაშე, თავისუფლდება
თავისი მოვალეობისაგან, თუ ის არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, და შესაძლებლობა
აქვს დაამტკიცოს მფლობელის არაკეთილსინდისიერება.
3. მოვალე, რომელიც განთავისუფლდება თავისი ვალდებულებებისაგან დოკუმენტის მფლობელის წინაშე,
იძენს საკუთრებას მისთვის ჩაბარებულ დოკუმენტზე.
მუხლი 916. საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის გადაფორმება
საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის გადაფორმება განსაზღვრული პირის სახელზე შეიძლება
განახორციელოს მხოლოდ ემიტენტმა. ამასთან, ემიტენტი არ არის ვალდებული გადააფორმოს საწარმდგენლო
(წარმომდგენზე) ფასიანი ქაღალდი.
მუხლი 917. მიმოქცევისათვის უვარგისი ფასიანი ქაღალდის გამოცვლა
თუ საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდი დაზიანების გამო აღარ არის ვარგისი მიმოქცევისათვის, მაშინ
მფლობელს შეუძლია, თუ დოკუმენტის შინაარსისა და არსებითი განმასხვავებელი ნიშნების ამოცნობა ჯერ
კიდევ შესაძლებელია, მოითხოვოს ახალი საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდი დაზიანებული დოკუმენტის
ჩაბარების სანაცვლოდ. ამასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გასწიოს მფლობელმა და თანხა გადაიხადოს
წინასწარ.
მუხლი 918. ფასიანი ქაღალდის გამოცხადება ძალადაკარგულად
1. დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდი შეიძლება სასამართლომ ძალადაკარგულად
გამოაცხადოს, თუ დოკუმენტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
2. ემიტენტი ვალდებულია ადრინდელ მფლობელს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს ცნობები, რომლებიც
აუცილებელია სასამართლოში ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადების საქმის განხილვისა და
გადახდის აკრძალვისათვის; ასევე ვალდებულია გასცეს შესაბამისი მოწმობა. მოწმობის გაცემის ხარჯებს
წინასწარ იხდის ადრინდელი მფლობელი.
მუხლი 919. ახალი საწარმდგენლო დოკუმენტის გაცემა
პირს, რომელმაც მიაღწია საწარმდგენლო სავალო ვალდებულებების ძალადაკარგულად გამოცხადებას,
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
დოკუმენტიდან გამომდინარე მოთხოვნის განხორციელების მიუხედავად, შეუძლია მოსთხოვოს ემიტენტს
ძალადაკარგულის სანაცვლოდ ახალი საწარმდგენლო დოკუმენტის გაცემა. მანვე წინასწარ უნდა აანაზღაუროს
გაცემის ხარჯები.
მუხლი 920. მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა
ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ოცდაათ წელს
დოკუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან.
მუხლი 921. მცირე ღირებულების სავალო დოკუმენტების გაცემა
თუ ემიტენტმა გასცა მცირე ღირებულების სავალო ან სხვა მსგავსი დოკუმენტები, რომლებშიც კრედიტორი
არ არის აღნიშნული, ხოლო საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ ემიტენტს სურს გადაუხადოს მფლობელს,
მაშინ გამოიყენება 911-ე მუხლის პირველი ნაწილის, 913 – 915-ე და 920-ე მუხლების წესები.
II. საორდერო ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი ვალდებულება
მუხლი 922. ცნება
1. სავალო დოკუმენტი, რომლითაც ემიტენტი დოკუმენტის წარდგენისას გადახდას ჰპირდება
დასახელებულ პირს, შეიძლება გაიცეს საორდერო ფასიანი ქაღალდის სახით.
2. ხელმოწერა შეიძლება ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.
მუხლი 923. უფლებათა გადაცემა. ინდოსამენტის სახეები
1. დოკუმენტში მოცემული უფლება შეიძლება გადაცემულ იქნეს ინდოსამენტითა და დოკუმენტის
გადაცემით.
2. ინდოსამენტი კეთდება დოკუმენტზე ან მის დანართზე. დაშვებულია ტექნიკური საშუალების გამოყენება.
3. ინდოსამენტი არ საჭიროებს ინდოსატარის აღნიშვნას და შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ
ხელმოწერისაგან (ბლანკეტური ინდოსამენტი). ბლანკეტური ინდოსამენტი შეიძლება შეავსოს
უფლებამოსილმა მფლობელმა თავისი ან სხვისი სახელით, გასცეს დოკუმენტი შეუვსებლად ანდა თავად
მოახდინოს მისი შემდგომი ინდოსირება განსაზღვრულ პირზე.
მუხლი 924. ინდოსირებით შეძენილი დოკუმენტის გამოყენების წესი
თუ საორდერო სავალო დოკუმენტი შეძენილია ინდოსამენტის საფუძველზე, მაშინ შესაბამისად გამოიყენება
914-ე მუხლი.
მუხლი 925. გადახდა თანამიმდევრული ინდოსამენტების არსებობისას
1. თანამიმდევრული ინდოსამენტების მეშვეობით დადასტურებული საორდერო ფასიანი ქაღალდის
მფლობელს შეუძლია ხელმოწერილი დოკუმენტის ჩაბარების სანაცვლოდ მოითხოვოს გადახდა დაპირების
მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლებამოსილება არა აქვს.
2. გადახდა არაუფლებამოსილი პირისათვის, რომელმაც თავისი უფლება დაადასტურა თანამიმდევრული
ინდოსამენტების მეშვეობით, ათავისუფლებს მოვალეს, თუ იგი არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით.
3. მოვალე, რომელმაც შეასრულა თავისი მოვალეობა ინდოსატარის წინაშე, ხდება მისთვის გადაცემული
დოკუმენტის მესაკუთრე.
მუხლი 926. წერილობით გარანტირებული მოთხოვნები
თუ საორდერო ფასიან ქაღალდებში წერილობით არის გარანტირებული არა მარტო მცირე ღირებულების
მოთხოვნები, შესაბამისად გამოიყენება საწარმდგენლო სავალო დოკუმენტის შემცვლელი დოკუმენტის
გაცემისა და ძალადაკარგულად გამოცხადების წესები.
მუხლი 927. მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა
საორდერო სავალო დოკუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის მიმართ შესაბამისად
გამოიყენება საწარმდგენლო სავალო დოკუმენტების მიმართ მოქმედი წესები.
III. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი No3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 928. ცნება
1. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი არის ფასიანი ქაღალდი, რომელზე საკუთრებაც დასტურდება
ემიტენტის მიერ ან ემიტენტის სახელით წარმოებულ რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში
რეგისტრაციით.
2. რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდზე საკუთრების გადაცემა ხდება რეესტრში ან ნომინალური მფლობელის
ჩანაწერებში შესაბამისი ჩანაწერის შეტანით.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი No3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 929. (ამოღებულია)
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი No3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
IV. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი No3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
მუხლი 929 1 . დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ცნება და მისგან წარმოშობილი უფლებები და
ვალდებულებები
1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით. მისი ბრუნვა
და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი
ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. ემიტენტს უფლება აქვს, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ
ისეთი შესაგებელი, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს.
3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 30 წელი
შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი No3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.
თავი ოცდამეხუთე
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
მუხლი 930. ცნება
ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს
ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული
საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
მუხლი 931. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფორმა
1. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.
2. თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს:
ა ) მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს;
ბ ) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ;
გ ) მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს;
დ ) მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს;
ე ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს;
ვ ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს;
ზ ) საქმიანობის ხანგრძლივობას;
თ ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს.
მუხლი 932. შესატანის შეტანის ვალდებულება
1. მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით
არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად.
2. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.
3. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო
საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში
არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების,
დაზიანების ან ამოღების გამო.
მუხლი 933. მესამე პირისათვის წილის გადაცემის დაუშვებლობა
1. წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა
თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას.
2. ხელშეკრულების დანარჩენ მონაწილეებს აქვთ მესამე პირისათვის გადასაცემი წილის უპირატესი
შესყიდვის უფლება.
მუხლი 934. საქმეების ერთობლივად გაძღოლის ვალდებულება
1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად
უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ყოველი გარიგების
დადებისას საჭიროა ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობა. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ
გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია ხმათა უმრავლესობა, იგი განისაზღვრება ხელშეკრულების
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით, და არა შესატანის ოდენობით.
2. თუ საქმეების მართვა ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს ერთობლივი საქმიანობის ერთ ან რამდენიმე
მონაწილეს ისე, რომ თითოეულს უფლება აქვს იმოქმედოს დამოუკიდებლად, მაშინ თითოეულ მათგანს
შეუძლია შეედავოს მეორეს გარიგების დადებისას. ასეთი შედავების შემთხვევაში გარიგება არ დაიდება.
3. თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს,
საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული
გარიგებები ნამდვილია.
4. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს შეიძლება ჩამოერთვას საქმეების მართვის უფლებამოსილება ხმათა
უმრავლესობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უხეშად დაარღვევს ხელშეკრულებით მასზე
დაკისრებულ მოვალეობებს. ხელშეკრულების მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას საქმეების მართვაში
მონაწილეობაზე. ასეთ პირს შეუძლია გამგეობას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.
5. თუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობები
განისაზღვრება დავალების წესების შესაბამისად.
მუხლი 935. შემოსავლების განაწილების წესი
1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შემოსავლები მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი
წილის შესაბამისად.
2. თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობიდან
გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება.
მუხლი 936. მონაწილეთა ურთიერთმოთხოვნების გადაცემის დაუშვებლობა მესამე პირისათვის
ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ის მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ, რომლებიც გამომდინარეობს
ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან, არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს.
მუხლი 937. მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ
სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა
წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
2. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეები ვალდებულნი არიან არ გაახმაურონ ამ საქმიანობის შედეგად
მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
მუხლი 938. უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე
1. თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს
ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა
დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის.
2. თუ მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის ვადა, ხელშეკრულებიდან
გასვლა დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.
3. ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება
ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში
გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია
მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები.
თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია
დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის
მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.
4. ბათილია შეთანხმება, რომელიც აუქმებს ან ზღუდავს ხელშეკრულებიდან მონაწილის გასვლის უფლებას.
მუხლი 939. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ერთობლივი საქმიანობის შეთანხმებული ვადის გასვლა;
ბ) მონაწილეთა გადაწყვეტილება;
გ) ერთობლივი საქმიანობის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა;
დ) ერთობლივი საქმიანობის მიზნების განხორციელების შეუძლებლობა.
2. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია
აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალება;
ბ) ერთ-ერთი მონაწილის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა;
გ) ხელშეკრულების მოშლა.
მუხლი 940. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის წესი
1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები,
შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
შესაბამისად.
2. ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ
ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან
გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად.
თავი ოცდამეექვსე
სამისდღეშიო რჩენა
მუხლი 941. ცნება
პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი
სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა
აუცილებელი დახმარებით).
მუხლი 942. ხელშეკრულების ფორმა
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში
ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
მუხლი 943. სარჩოს ოდენობა
სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 944. სარჩოს გადახდის ვადები
სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 945. გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა
1. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს
გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების
მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.
2. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს
იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284
მუხლი 946. შედავება სარჩოს გადახდის გამო
სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა პირებმა, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი
უფლება მიეღოთ სარჩო მარჩენალისაგან, მაგრამ ვერ მიიღეს იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო
სარჩოს. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ქონება უბრუნდება სარჩენს.
მუხლი 947. ნატურალური სარჩოს გადახდა
ნატურალური სარჩოს გადახდის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ნატურალური
სარჩოს შეცვლა ფულით.
მუხლი 948. გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი
მარჩენალისათვის გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვა ან დაზიანება არ ათავისუფლებს მას სარჩოს
გადახდისაგან.
მუხლი 949. უარი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე
1. როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი
სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა
სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
2. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების
შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
მუხლი 950. მარჩენალის გარდაცვალების შედეგები
1. მარჩენალის გარდაცვალებისას რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც
მიიღეს გადაცემული ქონება.
2. მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ქონება უბრუნდება სარჩენს. ამ დროს
ხელშეკრულება წყდება.
თავი ოცდამეშვიდე
თამაშობა. სანაძლეო
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 951. ცნება
1. თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ეს წესი ვრცელდება სესხსა და ავანსზე,
რომელიც განზრახ მიეცა თამაშისათვის ან სანაძლეოსათვის.
2. თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება.
3. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ არის თამაშობა ან სანაძლეო და მასზე არ ვრცელდება ამ
მუხლის მოქმედება. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება რეგულირდება „ფინანსური გირავნობის,
ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი No5674 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 952. ლატარია
ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება,
წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.
კარი მეორე
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თავი პირველი
საზიარო უფლებები
მუხლი 953. ცნება
თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან
სხვა რამ არ გამომდინარეობს.
მუხლი 954. წილთა თანაბრობა
თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.
მუხლი 955. უფლება ნაყოფზე
1. თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი.
2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ
მოწილეთა სარგებლობას.
მუხლი 956. საზიარო საგნის მართვა
1. საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ.
2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს საგნის შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს სხვა
მოწილეთა თანხმობის გარეშეც.
მუხლი 957. გადაწყვეტილების მიღება საზიარო საგნის მართვისას
1. ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა
შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ. ხმათა უმრავლესობა გამოითვლება წილთა მიხედვით.
2. თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედულების მიხედვით მოითხოვოს ყველა მოწილის
ინტერესის შესაბამისი მართვა და სარგებლობა, თუკი ეს შეთანხმებით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ
არის მოწესრიგებული.
3. ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება.
მუხლი 958. საზიარო საგნის მართვის წესის გადასვლა უფლებამონაცვლეზე
თუ მოწილეებმა განსაზღვრეს საზიარო საგნის მართვისა და სარგებლობის წესი, მაშინ ეს წესი გამოიყენება
უფლებამონაცვლის მიმართაც.
მუხლი 959. საზიარო საგნის განკარგვის წესი
თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ
ერთობლივად. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, წილის გაყიდვის
შემთხვევაში უპირატეს შესყიდვაზე დანარჩენი მოწილეების უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა
შეთანხმებით.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
მუხლი 960. საზიარო საგნის მოვლის ხარჯები
თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის თანაზომიერად იკისროს
საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
მუხლი 961. საზიარო უფლების გაუქმება
1. თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
2. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით,
მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვილი.
3. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება ან იზღუდება ამ წესების
საწინააღმდეგოდ .
მუხლი 962. შეთანხმება გაუქმების შესახებ
თუ მოწილეებს რაიმე ვადით გამორიცხული აქვთ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მაშინ
შეთანხმება ძალას კარგავს მოწილის გარდაცვალებით, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 963. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას
საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს
ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა
შორის ხდება კენჭისყრით .
მუხლი 964. საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით
1. თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის,
დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის
შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო
საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
2. თუ საგანი არ გაიყიდება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი აუქციონი;
ამასთან, მან უნდა გაიღოს ხარჯები, თუ განმეორებითი ცდა უშედეგოდ დამთავრდა .
მუხლი 965. მოწილეების სოლიდარული პასუხისმგებლობა
1. თუ მოწილეები, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ ვალდებულებისათვის, რომელიც მათ
მე-600 მუხლის თანახმად უნდა შეასრულონ თავიანთი წილების პროპორციულად, ან იკისრეს ასეთი
ვალდებულების შესრულება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმებისას
მოითხოვოს, რომ ვალი გადახდილ იქნეს საზიარო საგნიდან.
2. თუ ვალის გადახდის მიზნით აუცილებელია საზიარო საგნის გაყიდვა, ეს უნდა მოხდეს 964-ე მუხლის
მიხედვით .
მუხლი 966. თანამოწილეთა მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება
თუ მოწილეს სხვა მოწილის მიმართ აქვს მოთხოვნა, რომელიც ემყარება საზიარო უფლებას, მაშინ ამ
უფლების გაუქმებისას მას შეუძლია მოითხოვოს თავისი მოთხოვნის დაფარვა საზიარო ქონების იმ ნაწილიდან,
რომელიც მოვალეს ერგება.
მუხლი 967. მოწილეთა პასუხისმგებლობა საზიარო უფლების გაუქმებისას
თუ საზიარო უფლების გაუქმებისას საზიარო საგანი მიეკუთვნება ერთ-ერთ მოწილეს, მაშინ თითოეული
დარჩენილი მოწილე თავისი წილის შესაბამისად აგებს პასუხს ისე, როგორც გამყიდველი – ნივთის ან
უფლების ნაკლის გამო.
მუხლი 968. საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობა
საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა არ ექვემდებარება ხანდაზმულობას.
თავი მეორე
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება
მუხლი 969. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება კეთილსინდისიერად
პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის
(მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად.
მუხლი 970. ზიანის ანაზღაურების მოვალეობა
1. თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება
მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის.
2. შემსრულებელს, რომელსაც ზიანი მიადგა იმ საფრთხის თავიდან აცილებისას, რომელიც რეალურად
ემუქრებოდა სხვა პირს ან ქონებას, ხოლო საფრთხის თავიდან აცილება არ შეადგენდა შემსრულებლის
სამართლებრივ მოვალეობას, უნდა აუნაზღაურდეს ზიანი იმ პირისაგან, რომელმაც შექმნა საფრთხე, ან იმ
პირისაგან, რომლის სიკეთის გადარჩენასაც შემსრულებელი ცდილობდა.
მუხლი 971. მეპატრონისათვის შეტყობინების ვალდებულება
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
შემსრულებელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა
შესრულება. შემსრულებელმა უნდა გააგრძელოს დაწყებული საქმეები, ვიდრე მეპატრონეს არ შეეძლება
იმოქმედოს თვითონ.
მუხლი 972. შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა
შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მეპატრონეს ანგარიში შესრულების შესახებ და გადასცეს მას
ყველაფერი, რაც შესრულების შედეგად მიიღო.
მუხლი 973. გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლება
შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის
გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.
მუხლი 974. გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობა
1. შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა
შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო
სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული ზიანი.
2. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს.
მუხლი 975. საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდი
ამ თავის წესები არ გამოიყენება, თუ პირი სხვისი საქმის შესრულებისას ვარაუდობდა, რომ ეს მისი საქმე
იყო.
თავი მესამე
უსაფუძვლო გამდიდრება
მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები
1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-
კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:
ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა
შემდგომში;
ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის
განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან
ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან
გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა
ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა
დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება
ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.
მუხლი 977. გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის დაუშვებლობა
1. პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით,
რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ
მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა, ან
ბ) გადამცემმა მიზნის მიღწევას არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი.
მუხლი 978. იძულების ან მუქარის საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნა
პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან
მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს
უფლება ჰქონდა გადაცემულზე.
მუხლი 979. უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები
1. უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც
მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების
სახით.
2. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე
მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება.
ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
3. არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის,
დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ
გამდიდრებულა.
4. თუ ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულების ბათილობის გამო უკან უნდა დააბრუნონ ის,
რაც მათ ამ ხელშეკრულებით მიიღეს, მაგრამ ერთ-ერთ მხარეს არ შეუძლია დაბრუნება ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გამო, მაშინ მას არ ეკისრება უკან დაბრუნების მოვალეობა, თუ ეს
გამომდინარეობს სამართლის იმ ნორმის არსიდან, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულება ბათილად იქნა
ცნობილი.
5. შესრულების საგნის დაღუპვა ან გაფუჭება, რისთვისაც შემსრულებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა
ხელშეკრულების ნამდვილობის დროს, ყოველთვის ათავისუფლებს მიმღებს ანაზღაურების მოვალეობისაგან.
მუხლი 980. ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების წესი
1. თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი
სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის
ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ
იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.
2. ანაზღაურების მოვალეობანი 979-ე და 980-ე მუხლების მიხედვით უნდა შესრულდეს ერთდროულად.
უკან დაბრუნების ხარჯები და რისკი ეკისრება შემსრულებელს.
მუხლი 981. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
1. თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო
სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის
თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის
თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან – 979-ე მუხლის პირველი და
მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის , ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე.
2. თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის
შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე
გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს.
3. შესრულებისას გადაცემული საგნის დაღუპვის ან გაფუჭებისათვის მიმღები მოვალეა აანაზღაუროს ზიანი
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. მიმღებს შეუძლია მოითხოვოს დავალების გარეშე სხვისი
საქმის შესრულების წესების მიხედვით იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია შესრულების
საგანთან დაკავშირებით. აუცილებლის გარდა, სხვა ხარჯები არ ანაზღაურდება.
4. ვადის გადაცილებისათვის მოვალის პასუხისმგებლობაზე ეს წესები არ ვრცელდება.
მუხლი 982. სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგები
1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის,
დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს
უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს
დაუყოვნებლივი ანაზღაურება.
მუხლი 983. შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ
თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ იგი
მოვალეა მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს.
მუხლი 984. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება
1. თუ ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების ხარვეზი, გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა, იგი
პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ ანაზღაურების მოთხოვნის სასამართლოში განხილვის
მომენტისათვის აღარ არსებობს გამდიდრების ნიშნები.
2. ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ ამცირებს მისი
გამდიდრების ოდენობას.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი No1902 – სსმ I, No4, 22.01.2003 წ., მუხ.20
მუხლი 985. მოგების მოთხოვნის უფლება
1. თუ ხელმყოფმა განზრახ არ გაითვალისწინა სხვა პირის უფლებამოსილება, მაშინ ამ უკანასკნელს შეუძლია
მოითხოვოს ის მოგება, რომელიც აღემატება ქონებრივ დანაკლისს.
2. ხელმყოფმა უნდა წარმოადგინოს ცნობები იმის თაობაზე, თუ რა მოგება მიიღო მან სხვისი ქონების
გამოყენებით.
მუხლი 986. შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრება
პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
ხარჯების ანაზღაურება.
მუხლი 987. შეცდომით ხარჯების გაწევა სხვა პირის ქონებაზე
1. პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან
მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.
2. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი
ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
3. მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) პირს, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, შეუძლია მოითხოვოს დანახარჯების ამოღება და ამოიღებს მას, ან
ბ) პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად დააყოვნა შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ, ანდა
გ) პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე.
მუხლი 988. ვითომ-კრედიტორის მითითებით შესრულების შედეგები
1. პირს, რომელიც 976-ე მუხლის თანახმად რაიმეს გადასცემს მესამე პირს ვითომ-კრედიტორზე
მითითებით, შეუძლია შესრულებულის გამოთხოვა ვითომ-კრედიტორისაგან ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს
რაიმე. თუ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება
გამოყენებული იქნეს მხოლოდ მესამე პირის მიმართ.
2. პირს, რომელიც 976-ე მუხლის მიხედვით ახალ ვითომ-კრედიტორს რაიმეს გადასცემს მოთხოვნის
წაყენების შემდეგ, შეუძლია თავდაპირველი ვითომ-კრედიტორისაგან მოითხოვოს დაბრუნება ისე, თითქოს
მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ თავდაპირველ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკუმოთხოვნა
შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ-კრედიტორის მიმართ.
3. ანაზღაურების მოვალეობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979-ე და 980-ე მუხლები .
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი No1902 – სსმ I, No4, 22.01.2003 წ., მუხ.20
მუხლი 989. მესამე პირის ვალდებულება, უკან დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული
1. თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს
მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული
ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან
დაკმაყოფილება შეუძლებელია.
2. ზიანის ანაზღაურების მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979 – 981-ე მუხლების მოთხოვნები.
მუხლი 990. არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვის შედეგები
1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია
უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი
სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.
2. ბრალის არსებობის შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ასევე 984-ე და 985-ე მუხლების მოთხოვნები.
მუხლი 991. სხვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრების შედეგები
პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც
გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
კარი მესამე
დელიქტური ვალდებულებანი
თავი პირველი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 992. ცნება
პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს
ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი .
მუხლი 993. ზიანის მომტანი ცნობების გახმაურების შედეგები
1. პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი
ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად
არასწორია.
2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას, რომლებიც ემსახურება
კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.
მუხლი 994. არასრულწლოვანის პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის
1. ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირი არ აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
2. მშობლები ან ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი
არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მათი
პასუხისმგებლობა გამოირიცხება, როცა მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს არ შეეძლოთ ზიანის თავიდან
აცილება.
3. ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას
მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა
გაეგო. იმ შემთხვევაში, როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის
ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის წარმომადგენლებსაც.
მუხლი 995. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
1. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდაჭერის
მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების
თავიდან ასაცილებლად დაენიშნა.
2. თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან
ასაცილებლად დაენიშნა, მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდამჭერს,
გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მხარდამჭერს არ დაეკისრება, თუ ის დაადასტურებს, რომ მხარდაჭერის
მიმღებს ზიანის მიყენების მომენტისათვის აღარ სჭირდებოდა მხარდაჭერა ზიანის მიყენების თავიდან
ასაცილებლად.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი No3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 996. დროებით უგონო მდგომარეობაში ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში
მყოფი პირის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
პირი პასუხს არ აგებს დროებით უგონო მდგომარეობაში ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის
მდგომარეობაში ყოფნისას მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. თუ პირმა თავი ასეთ მდგომარეობაში თვითონ
ჩაიგდო ალკოჰოლური სასმლის ან სხვა, მსგავსი საშუალების გამოყენებით, იგი პასუხისმგებლობისგან არ
თავისუფლდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მდგომარეობაში ბრალის გარეშე აღმოჩნდა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი No837 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.
მუხლი 997. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება
პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო
მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება,
თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
მუხლი 998. სოლიდარული პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის
1. თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული
მოვალეები.
2. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან
მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.
მუხლი 999. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო
საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი,
დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს
აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება,
როცა:
ა ) ზიანდება გადასაზიდი ტვირთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მგზავრს ეს ტვირთი თან მიაქვს;
ბ ) ზიანდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ შესანახად მიღებული ნივთი.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება,
როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო
ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს.
4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია
მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული
ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის
პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო
საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან .
მუხლი 1000. პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული
ზიანისათვის
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული,
მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა
მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის
პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა
ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა
გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ,
როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.
2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით,
ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია
ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი
გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების
მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.
4. რადიაციული ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა გამომყენებელმა.
მუხლი 1001. ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა
პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში.
მუხლი 1002. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან წინასწარ განთავისუფლების დაუშვებლობა
999-ე და მე-1000 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ იგი ეხება
პირისათვის მიყენებულ ზიანს, არ შეიძლება წინასწარ გამოირიცხოს ან შეიზღუდოს. იგივე წესი გამოიყენება
ნივთისათვის მიყენებული ზიანის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პასუხისმგებლობისაგან
განთავისუფლება ან პასუხისმგებლობის შეზღუდვა შეთანხმებული იყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ
პირსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საჯარო-სამართლებრივ ფონდს ან საწარმოს შორის. ამის
საწინააღმდეგო შეთანხმებები და დებულებები ბათილია.
მუხლი 1003. ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა.
ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ
გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო
აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.
მუხლი 1004. შენობის ჩამოქცევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
1. შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი
ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის
გამოწვეული შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით.
2. თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან გადაღვრით, პასუხს აგებს
პირი, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი დადგა დაუძლეველი
ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალით.
მუხლი 1005. სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა
მიერ მიყენებული ზიანისათვის
1. თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს
თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო,
რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან
უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან
(მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.
3. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ
მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის,
დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის
არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის
ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში
გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი No2719 - სსმ I, No12, 24.03.2010წ., მუხ.56
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი No3619 - სსმ I, No51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი No4369 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი No161 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი No947 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
მუხლი 1006. ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის გარდაცვალებისას
1. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა
აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია,
ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.
2. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს
ამის მნიშვნელოვანი საფუძველი.
მუხლი 1007. სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით
დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო
საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის
დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.
მუხლი 1008. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი
წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის
შესახებ.
თავი მეორე
პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი No6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 1009. წუნდებული პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა
1. წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის,
მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა:
ა) მას ეს პროდუქტი არ გაუტანია სარეალიზაციოდ;
ბ) საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნაკლი, რომელმაც ზიანი გამოიწვია,
პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გატანისას;
გ) მწარმოებელს პროდუქტი არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა კომერციული მიზნით, არც თავისი
პროფესიული საქმიანობის ფარგლებში;
დ) პროდუქტს აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ
ნორმებს;
ე) შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც
არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანისას.
2. პროდუქტის ნაწილის მწარმოებლის პასუხისმგებლობა ასევე გამორიცხულია, თუ ნაკლი გამოწვეულია იმ
პროდუქტის კონსტრუქციით, რომლის შემადგენელიც გახდა ეს ნაწილი.
3. მწარმოებლის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მცირდება ან საერთოდ გამოირიცხება, თუ ზიანის
დადგომა გამოიწვია დაზარალებულის ან მის ნაცვლად პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა მოქმედებამ.
4. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია პროდუქტის ნაკლით და
იმავდროულად მესამე პირის მოქმედებით.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი No6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 1010. წუნდებული პროდუქტის ცნება
1. პროდუქტი წუნდებულად მიიჩნევა, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც, ყველა
გარემოების გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან.
2. პროდუქტი არ მიიჩნევა წუნდებულად მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვიანებით უფრო უკეთესი პროდუქტი
იქნა ბრუნვაში შეტანილი.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი No6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 1011. პროდუქტის ცნება
1. პროდუქტი არის ყველა მოძრავი ნივთი და ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი
იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს
სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე
მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ
საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული
ან არაკომერციული მიზნებისათვის.
2. მწარმოებლად მიიჩნევა პირი, რომელმაც აწარმოვა საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან
პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად მიიჩნევა ასევე ყველა, ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი
http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223
განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი.
3. მწარმოებლად მიიჩნევა აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გააქვს გაყიდვის, გაქირავების ან სხვა
ფორმით, სამეურნეო მიზნით, თავისი საქმიანობის სფეროში, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების
დაცვით.
4. თუ შეუძლებელია მწარმოებლის ვინაობის დადგენა, მაშინ ყოველი მიმწოდებელი მიიჩნევა
მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დაზარალებულს მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს
მწარმოებელს ან იმ პირს, რომელმაც მას ეს პროდუქტი მიაწოდა. ეს წესი გამოიყენება საიმპორტო საქონლის
მიმართაც, როცა შეუძლებელია თავდაპირველი გამსაღებლის ვინაობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ
მწარმოებლის სახელი ცნობილია.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5119 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი No6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 1012. მტკიცების ტვირთი
წუნდებული პროდუქტით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება
დაზარალებულს.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი No6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 1013. წუნდებული პროდუქციის მწარმოებელთა სოლიდარული პასუხისმგებლობა
თუ ერთი და იმავე ზიანისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება რამდენიმე მწარმოებელს,
ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი No6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ .
მუხლი 1014. ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ამ კოდექსის 1009-ე მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება ზიანზე,
რომელიც წარმოიშვა სიკვდილით ან სხეულის ანდა ჯანმრთელობის დაზიანებით.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი No6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 1015. მოთხოვნის ხანდაზმულობა
1. ამ კოდექსის 1009-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან,
როცა ზიანის ანაზღაურების უფლების მქონემ გაიგო ან უნდა გაეგო ზიანის, ნაკლის ანდა ზიანის
ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
2. ამ კოდექსის 1009-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნა ქარწყლდება იმ მომენტიდან 10 წლის შემდეგ, როცა
მწარმოებელმა ზიანის გამომწვევი პროდუქტი სარეალიზაციოდ გაიტანა.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი No6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
მუხლი 1016. მწარმოებლის პასუხისმგებლობის წინასწარ გამორიცხვისა და შეზღუდვის დაუშვებლობა
მწარმოებლის პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის არ შეიძლება
წინასწარ არც გამოირიცხოს და არც შეიზღუდოს. საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი No6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
ოფიციალური წყარო და ტექსტის რედაქცია
ოფიციალური დასახელება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
იურისდიქცია: საქართველო
ოფიციალური დოკუმენტი Matsne-ზე
მიღების თარიღი:
LIDA.ge-ზე განთავსებული ტექსტი არაოფიციალური ხელახალი გამოცემაა. ოფიციალური დოკუმენტი იხილეთ Matsne-ზე.
ამ ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ ოფიციალურ რედაქციასთან ცალკე არ არის დადასტურებული. გამოყენებამდე გადაამოწმეთ შესაბამისი რედაქცია Matsne-ზე.
